“Llampa” ქართველ მოსწავლეთა ინოვაციური სტარტაპია, რომელიც სტარტაპების კონკურსის - Junior achievement-ის პირველი ეტაპის გამარჯვებულია. გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის სამმა მოსწავლემ - სოფო ჩიხლაძემ, შალვა ბეგიაშვილმა და თეკლა ხმიადაშვილმა, შექმნეს ღამის სანათი „Llampa“, რომელიც სრულად იმართება მობილურით და იძლევა შესაძლებლობას, სანათს ნათების ფერები შეუცვალო.
პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა გასულ კვირას „თბილისი მოლში“ გაიმართა, რომელმაც დამთვალიერებლის ყურადღება მიიქცია და მოწონებაც დაიმსახურა.
რას წარმოადგენს პროგრამა Junior achievement-ი, როგორ გაჩნდა ინოვაციური პროდუქტის შექმნის იდეა და რა მოლოდინი აქვთ მოსწავლეებს სამომავლოდ - ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბეს.

- რას წარმოადგენს თქვენი სტარტაპი და რა უპირატესობები აქვს სხვა მსგავს პროდუქტებთან შედარებით?
- ჩვენ შევქმენით ინოვაციური ღამის სანათი, რომელიც მთლიანად იმართება მობილურით. დავწერეთ სპეციალური აპლიკაცია, რომელიც Playstore-შია განთავსებული. ამ აპლიკაციით შესაძლებელია სანათის ჩართვა, გამორთვა და ნებისმიერი ფერის დაყენება. ამასთან, შევქმენით სხვადასხვა დიზაინის სანათები, რომლებიც დღისითაც საკმაოდ ლამაზია და დეკორაციის ფუნქციას ასრულებს.
- როგორ გაჩნდა ამ ინოვაციური პროდუქტის შექმნის იდეა?
- ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა ღამის სანათს ჰქონოდა დისტანციური მართვის ფუნქცია. ასე გაჩნდა სანათის მობილური აპლიკაციით მართვის იდეა. შემდგომ დავწერეთ აპლიკაცია და პროდუქტი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ გადავწყვიტეთ სხვებისთვისაც შეგვეთავაზებინა ის. ასე დავაარსეთ სტარტაპი „Llampa“.

- როგორც ვიცი, თქვენი სტარტაპი გახდა მოსწავლეთა Junior achievement სტარტაპების კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებული. როგორ ჩაერთეთ ამ კონკურსში?
- Junior achievement მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციაა, რომელიც ბევრ ქვეყანაში ახორციელებს თავის პროგრამას, მათ შორის საქართველოშიც. სწორედ მათი და სკოლის დირექციის ორგანიზებით ჩვენს სკოლაში გაიხსნა მეწარმეობის საფუძვლების კლუბი, სადაც შევისწავლით მეწარმეობის ძირითად საფუძვლებს. სწორედ ასე დავუკავშირდით junior achievement-ს და ჩავერთეთ ამ კონკურსში.
გავიარეთ შესარჩევი ეტაპი და მივიღეთ მონაწილეობა საკონკურსო გამოფენა-გაყიდვაში, რომელიც "თბილისი მოლში" გაიმართა. იქ ავიღეთ პირველი ადგილი სხვა კონკურსანტებს შორის და ასევე გავიმარჯვეთ ნომინაციაში „საუკეთესო ინტერვიუ“. ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩვენთვის, რადგან დავინახეთ ჩვენი პროდუქტის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც დაგვეხმარება მის დახვეწაში და დადებითი მხარეების უკეთ წარმოჩენაში.

- რას გულისხმობს კონკურსის ფინალი? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ?
- ფინალში მონაწილეობას მიიღებენ ხუთეულში შესული გუნდები. უნდა წარვადგინოთ ბიზნეს გეგმა და მარკეტინგული სტრატეგია. ასევე მნიშვნელობა აქვს სოციალურ მედიაში აქტივობასაც. ვთხოვთ მკითხველს, მოიწონოს ჩვენი ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდი „Llampa - ლლამპა“ და ადევნოს თვალი ჩვენს სიახლეებს. იქვეა მითითებული ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია და მსურველებისგან ვიღებთ შეკვეთებს. კონკურსის გამარჯვებული გაემგზავრება საფრანგეთში მოსწავლეთა სტარტაპების მსოფლიო ჩემპიონატზე.
- რა გეგმები გაქვთ მომავლისთვის. როგორ უნდა განავითაროთ თქვენი სტარტაპი?
- ვაპირებთ გავაფართოვოთ წარმოება და შევამციროთ სანათის თვითღირებულება, რომ დავწიოთ მისი ფასი. ასე ჩვენი პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი იქნება მყიდველისთვის. ამასთან, ვმუშაობთ სხვადასხვა დიზაინის შექმნაზე. შორეულ მომავალში ვფიქრობთ პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანას, რადგან მისი ანალოგი არ არსებობს მსოფლიოში. ასევე ერთ-ერთ განვითარების გზად განვიხილავთ სანათების რომელიმე მსხვილ მწარმოებელთან კოოპერაციას და ჩვენი ტექნოლოგიის მათ წარმოებაში დანერგვას.
"ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 269 სკოლაში მიმდინარეობს. პროგრამა მომზადებულია „ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიოს’’ (JA Worldwide) „მოსწავლეთა კომპანიის’’ პროგრამის (Student Company Programme) მასალებზე დაყრდნობით, რომელიც აღიარებულია ევროკომისიის მთავარი დირექტორატისა და ევროპის ტრენინგ-ფონდის (ETF) მიერ საუკეთესო პრაქტიკად სამეწარმეო განათლებაში.
კომპანიის პროგრამის განხორციელებისას მოსწავლეები სწავლობენ, თუ როგორ მივიდნენ ბიზნეს-იდეიდან რეალური ბიზნესის ფორმირებამდე. ისინი საკუთარ მინიკომპანიას აყალიბებენ, თანატოლებიდან ირჩევენ კომპანიის მმართველ დირექტორთა საბჭოს, ახორციელებენ კაპიტალის მოზიდვას, მომხმარებელთა საჭიროებების კვლევას, საქმიანი დოკუმენტაციის წარმოებას, ბაზარზე გააქვთ მათ მიერ არჩეული და ნაწარმოები საქონელი ან მომსახურება და ყიდიან მას.
სასწავლო წლის ბოლოს ისინი ამზადებენ ანგარიშგებას და წარუდგენენ მას თავიანთ აქციონერებს. ასე რომ, პატარა ბიზნესმენებს - სოფოს, შალვას და თეკლას წინ ძალიან საინტერესო საქმიანობა ელით, რაშიც წარმატებებს ვუსურვებთ.