ავტორი:

ვინ გააგრძელებს ფილმის გადაღებას, რომლის დასრულებაც ერეკლე ბადურაშვილმა ვერ მოასწრო - "ნინის და ემრეს სცენები დარჩა გადასაღები"

ვინ გააგრძელებს ფილმის გადაღებას, რომლის დასრულებაც ერეკლე ბადურაშვილმა ვერ მოასწრო - "ნინის და ემრეს სცენები დარჩა გადასაღები"

"ფილმის გაგრძელება ძალიან კარგ რეჟისორს, გიორგი თავართქილაძეს მივანდეთ, რომელიც პირველი დღიდან ჩართული იყო ფილმწარმოებაში, იმიტომ, რომ მისი პროდიუსერი გახლავთ", - გვეუბნება "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ხათუნა ხუნდაძე. საუბარია რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილის ფილმზე "ხიდი", კოპროდუქტზე, რომელსაც რეჟისორი თურქ კოლეგებთან ერთად იღებდა და რომელიც მისი მოულოდნელი გარდაცვალების გამო შეწყდა.

„მიმაჩნია, რომ გიორგიზე უკეთესად და ღირსეულად ფილმს ვერავინ გააგრძელებს. ამიტომ, ვთხოვე და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე დამეთანხმა. თვლის, რომ ფილმი უნდა დაასრულოს. თვითონაც წარმატებული რეჟისორია, მისი ნამუშევარი - „ცუდი ხალხი“ ბევრ ფესტივალზე გადის, - პრიზებიც აიღო. ახლა ჰონგ-კონგის კინოფესტივალზე იყო. გიორგი იქიდან 2 დღის წინ დაბრუნდა და სწორედ დღეს ვიკრიბებით, რომ გავიაროთ ერეკლეს ფილმის სცენარი და ყველაფერი დავგეგმოთ.

ერეკლეს კაბინეტი ჯერ არც გაგვიღია, მის გახსნას და იქ შესვლას დღეს ვაპირებთ, რომ საბუთები გამოვიტანოთ, რომელიც მის ოთახში აწყვია", - გვეუბნება ქალბატონი ხათუნა.

გადაღება, რომელიც ერეკლე ბადურაშვილს თურქ კოლეგებთან ერთად 5-დან-12 აპრილის ჩათვლით ჰქონდა დაგეგმილი, რაც გადაიდო, ანუ თურქეთიდან ჯგუფი მოგვიანებით ჩამოვა. „ერეკლეს პანაშვიდებსა და გასვენებაში იყო თურქი კოპროდიუსერი, რომელთან ერთადაც ფილმის შემდგომ ბედზე ვისაუბრეთ. მოკლედ, მალე გადაწყდება, დეტალები. მგონია, რომ მაისამდე გადაღებას ვერ შევძლებთ. მიუხედვად იმისა, რომ გიორგი პირველი დღიდან ჩართული იყო პროექტში, მას შემოქმედებითად სჭირდება მომზადება, რადგანაც აქამდე პროექტში როგორც პროდიუსერი, ისე იყო ჩართული.

ფილმის საათ-ნახევარი დამონტაჟებულია. ის ესთეტიკა, რაც ერეკლეს ჰქონდა, სურათში უნდა შევინარჩუნოთ, და ამიტომ ყველაფერს კარგად უნდა გადავხედოთ. „ხიდი“ ღირსეულად უნდა დავასრულოთ - ამას ნამდვილად გპირდებით. განსაკუთრებულად ემოციური იქნება მისი პრემიერა".

გიორგი თავართქილაძე:

"ერეკლეს თითქმის ბოლოში ჰქონდა უკვე მიყვანილი ამ ბოლო გადაღებების მოსამზადებელი პერიოდი, იმდენად რეალიზებული იყო, რომ დარჩა მხოლოდ ის, რომ დავთქვათ, დრო, როდის დაიგეგმოს კონკრეტული გადაღებები, ვინ იქნებიან მსახიობები და რა ჯგუფი იმუშავებს. ისინი იმ მითითებებით იმუშავებენ, რაც ერეკლეს ჰქონდა დასახული. ხომ ვამბობ, დიდი აღარაფერია დარჩენილი, - ყველას ისეთი განცდა გვაქვს, რომ ერეკლეც იქ იქნება. იმიტომ, რომ მის მიერ მომზადებულ საფუძველზე მოხდება ყველაფერი. საათი რომ დაიქოქება და მიდის, ზუსტად ასეა.

- ამ გადაღებებში ვინ დაკავდებიან - თურქი თუ ქართველი მსახიობები?

- ერთი თურქი მსახიობი იქნება - მთავარი როლის შემსრულებელი ემრე კიზილირმაკი, დანარჩენები - ქართველები.

- ნინი ბადურაშვილი მიიღებს მონაწილეობას, თუ მისი სცენები უკვე გადაღებულია?

- რა თქმა უნდა, ნინი მიიღებს მონაწილეობას - ნინის და ემრეს სცენები დარჩა და კიდევ ქართველი მსახიობების.

- ერეკლე ბადურაშვილის დაკრძალვის დღეს ქალბატონი ლალი ბადურაშვილი ცუდად გახდა - საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა როგორ გრძნობს თავს?

- ნორმალურად არის და მისი ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი, ეს ფილმი და მისი დამთავრებაა, რომ ერეკლეს ჩანაფიქრი საბოლოოდ რეალიზდეს. ისეთი განცდა აქვს, რომ ამ ნამუშევრით და ამ ფილმით უნდა გაგრძელდეს მისი შვილის ცხოვრება და ჩვენთვისაც ეს არის მთავარი.

26 დეკემბერს „ქართული ბრენდის დღე 2019“ გაიმართება

„ისრაელის სახლი“ ნინო სურგულაძის ფონდთან ერთად საქველმოქმედო საღამოს გამართავს

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტი, რომლის "ოჯახში ქათამიც კი მღერის" - ანა ქურთუბაძის ცხოვრება სცენაზე და სცენის მიღმა