ავტორი:

ავლაბრის რეზიდენციამ ახალი ფუნქცია შეიძინა - პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში მაღალი დონის სტუმრებს მიიღებენ

ავლაბრის რეზიდენციამ ახალი ფუნქცია შეიძინა - პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში მაღალი დონის სტუმრებს მიიღებენ

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.

“საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების მიხედვით, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა - ეს არის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე. შესაბამის განკარგულებას მთავრობა გამოსცემს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ხატია მოისწრაფიშვილმა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ავლაბრის რეზიდენციაში მაღალი დონის სტუმრების მიღება მოხდება.

"ეს არ გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. ეს არის შეთანხმება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, რომ ძირითად ნაწილს ავლაბრის რეზიდენციისას დაერქვას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე. ადმინისტრაციულ შენობას რაც შეეხება, ამაზე პარლამენტში შექმნილია საპარლამენტო ჯგუფი, სადაც დეპუტატებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც არიან ჩართულები და მეც გახლდით ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც იყო მსჯელობა, რა მიმართულებით განვითარდეს ადმინისტრაციის ნაწილი“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

კითხვაზე, რა სახის ცერემონიები გაიმართება სასახლის „ძირითად ნაწილში“, ჟვანიას თქმით, რომ ეს იქნება უმაღლესი და მაღალი დონის სტუმრების მიღება".

ავლაბრის რეზიდენციის პროექტის ავტორი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ყოფილი სასახლის შენობა ქართული კულტურის ცენტრი უნდა გამხდარიყო და არა ცერემონიების სასახლე. როგორც ბათიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული შენობის იდეა „საქართველო - რუსთაველის სახლი“ იყო. მისი თქმით, ეს სასახლე ქართული კულტურის რაობის ამსახველი უნდა ყოფილიყო, სადაც თითოეულ ადამიანი, ტურისტი იქნებოდა თუ ოფიციალური სტუმარი, ქვეყნის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებდა.

არქიტექტორის შეფასებით, დღეს ქართული კულტურის მნიშვნელობამ უკანა პლანზე გადაინაცვლა და უფრო პრიორიტეტული სტუმრების მიღება იქნება.

„ჩემი პირადი აზრი სრულიად განსხვავებულია. ჩემი იდეა იყო, რომ ეს შენობა კულტურის ცენტრი ყოფილიყო. როგორც ჩანს, მთავრობას მიაჩნია, რომ მიღებები საჭირო საქმეა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უპირველესი საქმეა ეროვნული ღირსების საკითხი. ამიტომ ეს შენობა დაპროექტებული იყო, როგორც „საქართველო - რუსთაველის სახლი“ ანუ ჩვენი რაობა, ჩვენი როლი მსოფლიო კულტურაში და მსოფლიო კულტურის როლი ჩვენში - ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო აქ წარმოდგენილი, ეს იქნებოდა უმთავრესი ობიექტი მთელ ქართულ კულტურულ სივრცეში. სკოლის მოწაფე იქნებოდა, ტურისტი, უცხო ქვეყნის ოფიციალური თუ არაოფიციალური სტუმარი, მეფე იქნებოდა თუ პრეზიდენტი - ამ შენობაში ყველას შეეძლებოდა მიეღო სრული ინფორმაცია, რას ნიშნავს საქართველო. ამ შენობაში პერმანენტულად შეიძლებოდა ჩატარებულიყო გამოფენები, სამეცნიერო კონფერენციები იმიტომ, რომ ჩვენი როლი მსოფლიო კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შევძელით, რენესანსული იდეოლოგიით აღგვეზარდა თაობები. ეს შოთა რუსთაველმა გააკეთა. ეს იდეოლოგია ციდან არ ჩამოვარდნილა, ეს ჩვენმა წინაპრებმა მოამზადეს. ახლა ეს ყველაფერი მეათე პლანზე გადავიდა, წინა პლანზე სტუმრების მიღება და ბანკეტების ჩატარება იქნება,“ - განაცხადა გიგა ბათიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ მიღება აბდუშელიშვილის ქუჩა 1-ში მდებარე „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაა განთავსებული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები