ავტორი:

კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგაც სუს-მა საქმე აღძრა, პოლიტიკაში მიდის

კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგაც სუს-მა საქმე აღძრა, პოლიტიკაში მიდის

კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, კახა ბასილია სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საკუთარ პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირებს. აღნიშნულის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩემმა რამდენიმე განცხადებამ განაპირობა. რამდენჯერმე ვთქვი, სჯობს შენ აკეთო პოლიტიკა, ვიდრე უყურო, როგორ აფუჭებენ შენი ქვეყნის საქმეს-მეთქი“, - აცხადებს ბასილია.

ის პოლიტიკაში წასვლასაც აანონსებს, თუმცა, რომელ პოლიტიკურ ძალას შეუერთდება, არ აკონკრეტებს, მხოლოდ, იმას აცხადებს, რომ არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც "ქართულ ოცნებას" არ შეუერთდება.

„არსებულ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ შევუერთდები, არც „ნაციონალი“ ვარ და მითუმეტეს, არც „ქართულ ოცნებას“ შევუერთდები. ახალ პარტიას არ შევქმნი, შევუერთდები იმ ხალხს, ვინც მართლა პატრიოტია და ვისაც ჩვენი ქვეყნის ბედი აწუხებს, დამიჯერეთ ძალიან ბევრი ვართ. სხვათა შორის, „ქრისტიან დემოკრატებიდან“ რამდენჯერმე კენჭიც ვიყარე“, - დასძენს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

როგორც ბასილია აღნიშნავს, მის მიმართ წაყენებული ბრალი აბსურდულია და ისიც იცის, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. თუმცა, მისივე თქმით, ჯერ ამის თქმის დრო არ დამდგარა.

„ჩემს საქმეში ნამდვილად იყო გადაცდომა, სახელმწიფომ 10 000 ლარი მოგვცა და ჩვენ 40 000 დავხარჯეთ, ეს იყო ჩვენი დანაშაული. 10 სპორტსმენის ნაცვლად 124 სპორტსმენი წავიყვანეთ. იმდენად აბსურდული თანხა და იმდენად აბსურდული ბრალდებაა, ეტყობა, მეტი ვერაფერი იპოვეს. მე ვარ ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს თანხების მოზიდვას და ფედერაციის რჩენას. ამ დროს, 15 000-ლარიანი გირაო შემიფარდეს, ეს არცერთ ლოგიკას არ ექვემდებარება. საიდან გამოვიდა მოსამართლე, ან პროკურორი, არ ვიცი. ჩემი ბიოგრაფია შეესწავლათ, ან ქვეყნის წინაშე ჩემი დამსახურებები, მაგარამ არაუშავს, ამასაც გადავიტან, ესეც გაივლის, უარესები გვინახავს. ეს ყველაფერი თვალნათლივ ანახებს იმ დამოკიდებულებას, თუ რა იმალება ამის უკან და რა უნდათ ამით გააკეთონ. ძალიან მალე გამოჩნდება, ვინ არის დაინტერესებული, ჩემი დისკრედიტაციით ხელი მოითბოს“, - აცხადებს ბასილია.

ის ხვალ, 12:00 საათზე საზოგადოებას განცხადებით მიმართავს. ბასილია ჟურნალისტებს ინიციატივას სთავაზობს, მისი საქმე შეისწავლონ.

კახა ბასილია სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სააგენტომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისებას ედავებიან.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 18-22 აპრილს საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ სტამბოლში შოტოკანის მე-9 ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სათანადო დაფინანსება გამოიყო. მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 4 სპორტსმენმა, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბ-მ, 2018 წლის 27 აპრილს და 28 მაისს, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული. ხსენებული გზით და სამინისტროს მოტყუებით, კახა ბ. 6 მონაწილის გასამგზავრებლად გამოყოფილ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კუთვნილ 10 441 ლარს დაეუფლა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის კახა ბ-ს წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"დღევანდელობის ცინიზმი იმაშია, რომ ვინც ოკუპაცია გააფორმა, მან მოირგო პატრიოტის მანტია" - ივანიშვილი

LIVE: "ქართული ოცნება" საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას აღნიშნავს

"თვითმმართველობების თანამშრომლების მიმართ,  14 დეკემბერის  აქციაში მონაწილეობის მისაღებად, სავარაუდოდ,  ზეწოლა ხორციელდება"- ომბუდსმენი