ჩემი აზრით, ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და ზვიად კვაჭანტირაძეს წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმატელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყოფილი თანაგუნდელების პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ადამიანებს გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, რადგან მათ წასვლის საკმარისი საფუძველი არ ჰქონდათ. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, წასვლის მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი საბაბად ვერ გამოდგება.
"ჩემი აზრით, მათ წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ. ღია კარის მტვრევით წავიდნენ და ამას დავასაბუთებ. ზოგადად, როდესაც პოლიტიკოსს არ აქვს კარგი საფუძველი იმისა, რომ საკუთარი გუნდი დატოვოს, მას ძალიან გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა. ამ მხრივ, მე მათ გზა დავულოცე და დღესაც ასევე გავიხსენებდი ჩემს თანაგუნდელებს, თუმცა მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, რამეთუ მათ ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი. საბაბადაც ვერ გამოდგება ის მიზეზი, რასაც ისინი ასახელებდნენ" - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილი მმართველ გუნდში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ემოციურობა შეინიშნება. მისი თქმით, გარკვეული პრობლემები გუნდში დღესაც შეიმჩნევა.
„ემოციურობა გუნდში დღესაც შეიმჩნევა. თუ საპარლამენტო გუნდს განვიხილავთ, შეიძლება ვთქვათ, იგრძნობოდა დაბნეულობა. მე დამჭირდა მრავალჯერადი და ხანგრძლივი შეხვედრები და მე მგონი, რომ შედეგი მივიღეთ. შედეგი მივიღეთ ის, რომ ვინც წავიდა, ძირითადად ემოციებით ცდილობდა, რომ მთელი გუნდი დაერწმუნებინა რაღაც ფასეულობებში. რეალურად, ხანგრძლივი საუბრების შემდგომ გამოიკვეთა სამი ადამიანი, მას მეოთხე დაემატა მოგვიანებით. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გუნდი თითქმის დაწყნარდა, თუმცა იქ კიდევ არის პატარა პრობლემები , რომლის დალაგებაც გაცილებით იოლია,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.