ავტორი:

"ოცნების" და "ნაციონალების" დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში - დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

"ოცნების" და "ნაციონალების" დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში - დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლა დეპუტატებს შორის ერთი საათის განმავლობაში ორჯერ მოხდა.

ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე და „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი პატარიძე.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი პატარიძემ ბათუმის საკრებულოში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება, მირდატ ქამადაძემ კი მას შეუსწორა, რომ ტერენტი გრანელი პოეტია. აღნიშნულს ირაკლი პატარიძის გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგად კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთვნენ. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა და ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მას „ქართული ოცნების“ წევრებმა დაზიანებები სახის არეში მიაყენეს.

ბათუმის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დაიკითხება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები