ავტორი:

ტაქსების თეთრად გადაღებვა და მანქანაზე თეთრი ფირის გადაკვრა 700 ლარით დაფინანსდება - "ალმას" დირექტორი რეფორმის მეორე ეტაპის დეტალებზე

ტაქსების თეთრად გადაღებვა და მანქანაზე თეთრი ფირის გადაკვრა 700 ლარით დაფინანსდება - "ალმას" დირექტორი რეფორმის მეორე ეტაპის დეტალებზე

ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის დაწყებამდე, 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე, მოესწრება თუ არა ლიცენზირებული ტაქსების გადაღებვა ან დასტიკერება, ამაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალმა“ პასუხისმგებლობას არ იღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ალმას“ დირექტორმა გიორგი ტრაპაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანია „ალმა“ მხოლოდ ღებვა-დასტიკერებისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემაზეა პასუხისმგებელი.

„ჩვენ ავტომანქანებს არ ვღებავთ, არც ვასტიკერებთ, მხოლოდ ვაუჩერების გაცემაზე ვართ პასუხისმგებელი. შემდეგ კი, ტაქსის მძღოლი თავად იღებს გადაწყვეტილებას, სად გადაღებოს-დაასტიკეროს და გაწმინდოს ავტომანქანა“, - განმარტა ტრაპაიძემ.

ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამ დროიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს; გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, ასევე ფლობდეს ლიცენზიას. ამ დროისთვის ლიცენზია თბილისში 27 ათას მძღოლს აქვს აღებული.

კომპანია „ალმას“ დირექტორის, გიორგი ტრაპაიძის განცხადებით, ტაქსების თეთრად გადაღებვა და ავტომანქანაზე თეთრი ფირის გადაკვრა ერთი და იგივე თანხით - 700 ლარით დაფინანსდება.

როგორც გიორგი ტრაპაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სატენდერო პირობებში ცვლილება მხოლოდ ვაუჩერის დასახელებას შეეხო, სხვა პირობები კი უცველი რჩება.

„სატენდერო პირობებში ერთადერთი ცვლილება შევიდა, თუ აქამდე გავცემდით ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერს, ახლა გავცემთ ღებვა-დასტიკერების და ქიმწმენდის ვაუჩერს. სხვა ყველაფერი - თანხა, პროცედურა, ვადები უცვლელი რჩება. 1 მანქანის გადაღებვა ან დასტიკერება ჩვენი ვაუჩერით 700 ლარი ჯდება. დღეის მდგომარეობით, ღებვა-დასტიკერების 138 ვაუჩერია გაცემული, საიდანაც განაღლდებულია 21 ვაუჩერი. ასევე განაღდებულია ქიმწმენდის 22 ვაუჩერი“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია „ალმას“ პირობები ვრცელდება იმ ტაქსის მძღოლებზე, ვინც ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე აიღო. ასეთი კი, მისივე თქმით, 15 ათასი მძღოლია.

რაც შეეხება რეკლამის განთავსების ვადას, ტრაპაიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ეს ვადაც უცვლელია, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები მასაც შეეხოს.

„ჯერჯერობით ეს ვადა არის უცვლელი - 2 წელია. ვადის ცვლილებაზე რაიმე ინფორმაცია არ მაქვს, მეც ველოდები. როგორც ღებვის ნაწილში მოხდა ცვლილება, შეიძლება ანალოგიურად მოხდეს კიდევ რაიმე ცვლილება, თუმცა, ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაში მოლაპარაკებები მერიასთან არ გვაქვს“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს სთავაზობს ავტომანქანის გადაღებვის ნაცვლად მანქანებზე თეთრი ფირი გადააკრან. ტაქსის მძღოლებს ავტომანქანებზე თეთრ ფირს უფასოდ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალმა“ გადაუკრავს. თუმცა, ფირის გადაკვრის შემთხვევაშიც, ისევე როგორც შეღებვისას, მძღოლებს მანქანებზე კომპანია „ალმას“ რეკლამების განთავსება მოუწევთ.

რამდენ ხანს უნდა დარჩეთ სახლში გრიპის გადატანის შემდეგ? - ექიმების რეკომენდაცია

ვახო სანაია მეოთხე შვილის მამა გახდა

"არ დავუშვებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ეს დაჩანაკებული მოძრაობა შემოტრიალდეს" - სოსო გოგაშვილის შვილი აქციაზე მივიდა