ავტორი:

"მაიას უშვერი სიტყვებით მიმართავდა..." - ვინ მიაყენა შეურაცხყოფა გოგა ბარბაქაძის ცოლს და რატომ დააკავეს მსახიობის ძმა

"მაიას უშვერი სიტყვებით მიმართავდა..." - ვინ მიაყენა შეურაცხყოფა გოგა ბარბაქაძის ცოლს და რატომ დააკავეს მსახიობის ძმა

სერიალ "შუა ქალაქის" მსახიობის, გოგა ბარბაქაძის ძმა, რეზი ნაცარიშვილი, რომელსაც ყოფილი სამხედრო პირი ჯგუფურ ცემასა და მუქარაში ადანაშაულებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

როგორც Ambebi.ge-ს გოგა ბარბაქაძემ განუცხადა, ყოფილმა სამხედრომ, დავით ნემსაძემ სოციალურ ქსელში მისი მეუღლის, მსახიობ მაია დობორჯგინიძის მისამართით შეურაცხმყოფელი ვიდეო გამოაქვეყნა. ბარბაქაძის განმარტებით, ნემსაძეს მისი მეუღლე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ეგონა.

"ეს ადამიანი ჩემს მეუღლეს უშვერი სიტყვებით მიმართავდა, მასხარად მოიხსენიებდა და ვიდეო ლაივში აფურთხებდა კიდეც. გაზიარებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ვარჯიშობს ჯარისკაცი, რომელიც თავდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს. ნემსაძე მასზე ამბობს, ეს კაცი "მაკდონალდსში" უნდა მუშაობდეს და "ღამის შოუს" ეს მასხარა (იგულისხმა მაია დობორჯგინიძე) თავდაცვის სამინისტროშიო. კარგად იქნება აბა რა, მაიორზე, თუ ლეიტერნატზე მეტ ხელფასს იღებსო. ეს სრული აბსურდია, ჩემს მეუღლეს თეატრის გარდა არასდროს არსად უმუშავია. ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მოგვაყენა არაფრის გამო, საერთოდ არაფერ შუაში რომ არ ვართ, ისე", - აცხადებს ბარბაქაძე.

როგორც მსახიობი განმარტავს, იმ პერიოდში, როცა ვიდეო სოციალურ ქსელში აიტვირთა, ის თურქეთში გასტროლზე იმყოფებოდა, იქიდან ჩამოსულმა კი, დავით ნემსაძესთან დაკავშირება და შეხვედრა სცადა.

"მივწერე, იქნებ შემხვედროდა. ვიფიქრე, ვიღაცამ შეიყვანა შეცდომაში-მეთქი, მაგრამ არ შემხვდა, არც კონტაქტზე გამოვიდა. ამ ვიდეოს 50 000 გაზიარება ჰქონდა, ძალიან ცუდი, შეურაცხმყოფელი კომენტარები წამოვიდა ჩემი მეუღლის და ზოგადად, მთელი ოჯახის მისამართით, რაც ძალიან გამიკვირდა. ძნელია, ამას გაუძლო, რადგან ჩემს ოჯახს ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს და უცებ ასე რომ შეატრიალა ყველაფერი ამ ადამიანის ერთმა ნალაპარაკებმა, თან ისეთ დროს, როცა მართლა არაფერ შუაში ვართ, ძალიან რთულია. აგრესიული კომენტარების ავტორებს ავუხსენი, რაშიც იყო საქმე და ბოდიში მოიხადეს“, - აცხადებს მსახიობი.

როგორც ის განმარტავს, ინციდენტი 9 აპრილს, ერთ-ერთ სპორტდარბაზში მოხდა, სადაც მისი ძმა, რეზი ნაცარიშვილი ვარჯიშობდა.

"აღმოჩნდა, რომ ჩემი ძმა სადაც ვარჯიშობდა, ეს ადამიანიც იქ ვარჯიშობდა. ჩემმა ძმამ დამირეკა, მოდი, აქ არის, დაელაპარაკე, იქნებ ეს ვიდეო აიღოსო. როცა მივედი, ვუთხარი, რომ მაია დობორჯგინიძის მეუღლე ვიყავი. ჩემს მეუღლეზე რაღაც ვიდეო დადე, ჩემმა ოჯახმა ასეთი რა დაგიშავა, რომ ასეთი შეურაცხყოფა მოგვაყენე-მეთქი, ვკითხე. თავდაცვის სამინისტროს მივმართე, მაია დობორჯგინიძე მართლა მათი თანამშრომელი იყო თუ არა და იმათმა პასუხი არ მომწერეს, შენ რანაირად დაგიჯერო, ათასი მასხარა მუშაობს იქო, აგრესიულად მიპასუხა. ამის შემდეგ, ჩემი ძმისკენ გამოიწია, მან კი მოგერიების მიზნით, ხელი მოუქნია, რაც მარჯვენა წარბში მოხვდა. ამის შემდეგ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ჩემი ძმა გამოვიყვანე, ამ ადამიანს კი თქვენობით ვესაუბრებოდი. ორი დღის წინ, ჩემი ძმა დააკავეს და ამ ადამიანმა ბრალიც დაამძიმებინა, მემუქრებოდაო, თქვა. თურმე, სიცოცხლის მოსპობით ვემუქრებოდით. ადამიანს, რომელიც ამდენს იტყუბა, როგორ შეიძლება დაუჯერო? ათკაციანი სპეცრაზმი დამესხა თავსო, ამბობს. მოწმეებიც არიან ბიჭები, რომლებიც იქ ვარჯიშობდნენ, რომ არც მუქარას ჰქონია ადგილი და არც ათკაციანი ჯგუფი ყოფილა.

ამ ყველაფერს ტყუილების კასკადი მოჰყვა, თურმე, მეც და ჩემი ძმაც უშიშროების თანამშრომლები ვართ. ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშია, მე კიდევ ამგვარად გადავრჩი, ხომ შეიძლება ჩემნაირი გაწონასწორებული არ შერჩეს და დაღუპოს ადამიანი, როგორც ეს ჩემს ძმას გაუკეთა. ყველა პოსტში ჯარისკაცობაზე და კაცობაზე ლაპარაკობს, ღმერთს ახსენებს და ამხელა ცილს წამებს ადამიანს", - აცხადებს ბარბაქაძე.

რეზი ნაცარიშვილის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია და ამის მტკიცებულება საქმეშიც არ არსებობს.

"თავდაპირველად, ცემას ედავებოდნენ, რომელმაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება - ნაკაწრის სახით გამოიწვია და რამაც განაცდევინა ფიზიკური ტკივილი. რამდენიმე ხნის შემდეგ, დავით ნემსაძემ პროკურატურას დამატებითი განცხადებით მიმართა და კვალიფიკაციის შეცვლა, ბრალის დამძიმება მოითხოვა. ნემსაძე აცხადებს, რომ ნაცარიშვილი მას ემუქრებოდა, რაც სიცოხლისთვის საშიში იყო და რეალურ მუქარად აღიქვა. პროკურატურამ ბრალი გადააკვალიფიცირა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სიცოცხლისთვის საშიში მუქარისა და ცემის მუხლით წარუდგინა.

დღეს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, თან ასაბუთებდა, რომ ეს კონფლიქტი აღმოფხვრილი არ არის და შესაძლოა, დანაშაულებრივი ქმედება გაგრძელდეს, ასევე ხელი შეეშალოს მტკიცებულების მოპოვებას და მოწმეებზე ზემოქმედება მოხდეს, რაც დაცვის მხარემ გავაბათილეთ.

ნაცარიშვილი ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება, ის მუქარას ცალსახად გამორიცხავს. ერთი მოწმეც არ არის, რომელიც დაადასტურებს, რომ მუქარას ჰქონდა ადგილი", - აცხადებს კუბლაშვილი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს