ავტორი:

რატომ ცხოვრობს ათობით ქართველი შვილებთან ერთად საფრანგეთში კარვების ქალაქში?

რატომ ცხოვრობს ათობით ქართველი შვილებთან ერთად საფრანგეთში კარვების ქალაქში?

ერთ კვირაზე მეტია, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში საქართველოს ათეულობით მოქალაქე კარვებში ცხოვრობს. ე.წ. კარვების ქალაქში მშობლებთან ერთად 30-მდე ბავშვია. საქართველოდან ჩასულები საფრანგეთის ხელისუფლებისგან თავშესაფარს ითხოვენ.

სოციალური ქსელით აქტიურად ვრცელდება კარვებში არსებული ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. როგორც ირკვევა, საფრანგეთის პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "კარვების ქალაქი" დღეს დაშალოს და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავმა უწყებამ გუშინ გააფრთხილა კარვებში მყოფები.

19 აპრილს ემიგრანტები საფრანგეთში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში აქციის ჩატარებას გეგმავენ, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული მელორ ვაჩნაძეა. ის საქართველოდან რამდენიმე თვის წინ წავიდა და საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. ის კარვების ქალაქიდან ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებს და ამბობს, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეთ, პოლიციას კარვების აღების უფლებას არ მისცემენ. მისივე თქმით, საპროტესტო აქციის ლეგალურად ჩატარების უფლება უკვე მოიპოვეს.

მელორ ვაჩნაძე ემიგრანტების პრობლემებსა და აქციის მიზნებზე AMBEBI.GE-ს საფრანგეთიდან ესაუბრა:

"საქართველოს ხელისუფლება იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ საქართველოში არის ბევრი სამუშაო ადგილი, კარგი სოციალური მდგომარეობა, უსაფრთხოება და კარგი ჯანდაცვა. ისინი აცხადებენ, რომ ქართველ ხალხს მოსწონს ევროპა და ამიტომ ამბობენ უარს ამ სიკეთეებზე და მიდიან ევროპაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების დიდი ტყუილი!

ყოველ ქვეყანასა და ქალაქში, სადაც გავმართავთ აქციებს, წარვადგენთ დოკუმენტაციას, რომ საქართველოს დღეს უჭირს და სჭირდება დახმარება. მოვითხოვთ, რომ საქართველოს ყველა ქვეყანაში გაუუქმდეს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი.

საქართველო არის საშიში ქვეყანა და ამის დამადასტურებელი ვარ მე - მომცეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის

როდესაც ქვეყნის 20 % ოკუპირებულია, როგორ შეიძლება საქართველო იყოს უსაფრთხო ქვეყანა?!" - აცხადებს მელორ ვაჩნაძე.

იხილეთ ვიდეო: რატომ ცხოვრობს ათობით ქართველი შვილებთან ერთად საფრანგეთში "კარვების ქალაქში"?

ე.წ. კარვების ქალაქში იმყოფებოდა საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელი რუსუდან დიდებულიძე. დიდებულიძემ კარვებში მცხოვრებთ მოუწოდა, რომ კარვების დასაშლელად მისულ პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწიონ და დაემორჩილონ მათ მოთხოვნებს. კონსულის თქმით, საკონსულო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული.

AMBEBI.GE დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. უწყებაში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული პირები არიან თავშესაფრის მაძიებლები და ეს უზღუდავს საქართველოს საკონსულოს, მიიღოს მათ შესახებ ინფორმაცია ფრანგული მხარისგან, ან დახმარება აღმოუჩინოს მათ.

"ხშირ შემთხვევაში თავად მოქალაქეებს არ სურთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან დაკავშირება, რადგან, მათი აღქმით, ამან შესაძლოა შეაფერხოს მათთვის თავშესაფრის მინიჭება. ანალოგიურ შემთხვევას ადგილი ჰქონდა საფრანგეთის ქალაქ ბოვეში, რა დროსაც, ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს კონსული ჩავიდა ადგილზე მოქალაქეების მოსანახულებლად. გაესაუბრა მათ და გაეცნო საყოფაცხოვრებო პირობებს. თუმცა, მათ უარი განაცხადეს საქართველოში დაბრუნებაზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, ბოროტად არ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით. საქართველო ევროპის, ევროკავშირის მხრიდან მიჩნეულია უსაფრთხო ქვეყანად, შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების სტატისტიკა დაბალია" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ AMBEBI.GE-სთვის გამოგზავნილ წერილში.

  • რატომ ვერ იღებენ თავშესაფარს ქართველები ევროპის ქვეყნებში?

თავშესაფრის მისაღებად, სტატუსის მაძიებელმა უნდა დაუდასტუროს ევროპულ სახელმწიფოს, რომ იგი სამშობლოში საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებს და საფრთხე ემუქრება. მაგალითად, იდევნება პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური მრწამსის ან სექსუალური ორიენტაციის გამო. სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, პირი თავისუფლად ირჩევს საცხოვრებელ ადგილს და სარგებლობს სოციალური შეღავათებით. სოციალური პაკეტით ადამიანები სარგებლობენ სტატუსის მინიჭებამდეც, მათ თავშესაფარში ათავსებენ. სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, წესით, 6 თვეში უნდა დასრულდეს.

თუ შევადარებთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებამდე პერიოდს, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა: მხოლოდ 2018 წლის იანვარში საქართველოს შვიდასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. გერმანიის მხრიდან ამის გამო კრტიკული განცხადებებიც მოვისმინეთ, მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელმა, კრისტიან კლოსიმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა:

„ვიზიარებთ აზრს, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა იქნეს შენარჩუნებული. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ერთი მხრივ, უზრუნველვყოთ მოქალაქეთა უვიზო გადაადგილება, ხოლო მეორე მხრივ, მოვახდინოთ გადაადგილების და თავშესაფრის უფლების ბოროტად გამოყენების პრევენცია, არსებულ ტენდენციაში უნდა მოხდეს სწრაფი და მდგრადი ცვლილებები“.

მსგავსი პოზიცია გამოხატეს ევროპის სხვა ქვეყნებმაც. შედეგად, არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის - ბელგიამ, საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ავსტრიამ, საქართველო უსაფრთხო ქვეყანად მიიჩნიეს, რამაც კიდევ უფრო გაურთულა მდგომარეობა თავშესაფართა მაძიებლებს.

  • რით ეხმარება სახელმწიფო დაბრუნებულ მიგრანტებს?

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებობს შრომისა და და დასაქმების დეპატრამენტის მიგრაციის საკითხთა სამმართველო. უწყება წლებია ახორციელებს მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამას. ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 65 000 ლარი იმისთვის, რომ საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს სხვადასხვა სახის დახმარება და შეღავათი გაეწიოთ.

სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი ბუნტური AMBEBI.GE-ს პროგრამის მიზნებსა და შედეგებზე ესაუბრა.

"ეს არის საქართველოში დაბრუნებულ მიგრნატთა სარეაბილიტაციო დახმარების პროგრამა. მასში ჩასართავად საჭიროა, რომ პირი იყოს უცხოეთიდან დეპორტაციით დაბრუნებული, ან უნდა ჰქონდეს თავშესაფარი მოთხოვნილი და უარი მიღებული, ან საკუთარი სურვილით უნდა ჰქონდეს ნათქვამი უარი თავშესაფარზე და მისი დაბრუნებიდან ერთი წელი არ უნდა იყოს გასული.

ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვთავაზობთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, მედიკამენტებით დახმარებას, პროგრამა ასევე ითალისწინებს საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფასაც. ბინას ვქირაობთ გარკვეული პერიოდით, სანამ ეს ადამიანი დადგება ფეხზე. პროგრამა ითვალისწინებს ე.წ. მცირე ბიზნესისთვის გრანტებსაც. ამაზეა სწორედ ყველაზე დიდი მოთხოვნა" - ამბობს გიორგი ბუნტური.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის სტატისტიკით, შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეების შესვლის 364 593 შემთხვევა აღირიცხა და აქედან მხოლოდ 1 863 შემთხვევაში ეთქვათ უარი. ყველაზე მეტი უარი შესვლაზე, იტალიაში დაფიქსირდა.

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში

გრიპის მომატებული შემთხვევები - რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში და როგორია იანვრის მეორე კვირის მონაცემები

რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."