ავტორი:

"ჰესი, რომლის გამოც ლამის ქვეყანა დაამხონ, არაფრის მომცემია" - ენერგეტიკოსისა და ექსპერტის შეფასებები პანკისის მოვლენებზე

"ჰესი, რომლის გამოც ლამის ქვეყანა დაამხონ, არაფრის მომცემია" - ენერგეტიკოსისა და ექსპერტის შეფასებები პანკისის მოვლენებზე

“ხადორი 3" იმ დონის ობიექტი არ არის, რომელსაც ასეთი ხმაური შეიძლება მოჰყოლოდა - ეს არის არაფრის მომცემი ობიექტი, რომლის გამოც ლამის ქვეყანა დაამხონ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ენერგეტიკოსმა რევაზ არველაძემ განუცხადა.

მისივე შეფასებით, ვინც ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება, ან მართულია ან სურს, ჰესების მშენებელს საკუთარი ინტერესები მოაგვარებინოს.

"ვინც ახლა გარემოს დაცვაზე ლაპარაკობს, საერთოდ წარმოდგენა არა აქვს, რა ზიანს აყენებს გარემოს ეს კონკრეტული ელექტროსადგური და შეიძლება მისი აშენება, თუ არა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ობიექტი, რომელიც არ უნდა ააშენო, მიწას რომ ბარს დაარტყამ, ჭიაყელას გადაჭრი და ამითაც გარემოზე ზემოქმედებას ახდენ. რაც უფრო დიდია ობიექტი, მით მეტია ასეთი გავლენა. ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე არ არსებობს და ვერც იარსებებს. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო აღარ იქნება, თუ მას ელექტროენერგია არ ექნება. ეს არის ერთადერთი დარგი, რომლის გაჩერება მთელს ქვეყანას სრულ პარალიზებას უკეთებს. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგია გვჭირდება! რა რესურსები გააჩნია ქვეყანას ამისთვის? - აქვს ერთადერთი რეალური სტაბილური წყარო - ეს არის ჰიდროენერგია. ვისაც ჰგონია, რომ მზის ან ქარის ენერგია პრობლემას რადიკალურად გადაჭრის, მას ენერგეტიკაზე საერთოდ არაფერი გაეგება. არსებული ჰოდროელექტროსადგურები ახლა არ გვყოფნის.

დაახლოებით მილიარდ ნახევარი კვტ/სთ ანუ 10%-ზე მეტი იმპორტით შემოგვაქვს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ელექტროენერგია არ გვყოფნის. მომავალში, ეკონომიკის წინსვლასთან ერთად, უფრო მეტი დაგვჭირდება. როცა საუბარია, რომ უნდა იყოს მაღალი პენსიები, ხელფასები, განათლებაზე მეტი უნდა დაიხარჯოს, ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს, ამას ეკონომიკის წინსვლის გარეშე ვერ მიაღწევ. თუ გინდა რაიმე ბიუჯეტიდან დააფინანსო, ბიუჯეტში ფული უნდა გქონდეს, სადაც ფული სწორედ ეკონომიკას და წარმოებას შეაქვს. რა თქმა უნდა, წარმოება ელექტროენერგიის გარეშე ვერ განვითარდება. რაც შეეხება “ხადორი 3“-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მართულია. თუკი ელექტროსადგური გარემოს იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე მას სიკეთის მოტანა შეუძლია, ასეთი არ უნდა აშენდეს. პანკისის ხეობაში შექმნილ ამბებში დამნაშავე თავად მშენებლები მიმაჩნია, რომელთაც პოლიცია გამოიძახეს. მათ მშენებლობა თავად უნდა გაეჩერებინათ და მოლაპარაკებები დაეწყოთ. თვითონ ეს სადგური საქართველოსთვის არაფერს წარმოადგენს - ნოლია და ამის გამო, ლამის რევოლუცია მოაწყეს. რაც არის იქ - “ხადორი 1“ და “ხადორი 2“, ისიც არაფერს წარმოადგენს საქართველოსთვის. ამ ყველაფერში ცუდი ის არის, რომ ასეთი რაღაცები შემდგომ სხვა მშენებლობებს უშლის ხელს და რადგან ერთგან აგორდა, სხვაგანაც უნდა გაიმეორონ“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" რევაზ არველაძემ.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ადრევე უნდა გადაედგა ის ნაბიჯები, რომლებიც პანკისელებთან გაუგებრობას მინიმუმზე დაიყვანდა.

"საერთოდ, პანკისელებთან ურთიერთობა საქართველოსთვის გარკვეული პერიოდია სენსიტიური თემაა და ალბათ, ხელისუფლებას ადრევე უნდა გადაედგა ის ნაბიჯები, რომლებიც პანკისელებთან გაუგებრობას მინიმუმზე დაიყვანდა. მე მგონი, ეს დაგვიანებაა ხელისუფლების შეცდომა. ბუნებრივია, არ ვიცი, როგორი იყო ამ პროცესის შიდა მექანიზმი, მაგრამ გარკვეულ ეჭვს აჩენს ის, რომ მაინცდამაინც ახლა აფეთქდა ეს პრობლემა მაშინ, როდესაც ჰესის თემა დიდი ხანია არსებობს. პანკისელების პროტესტიც ასეთი ფორმის გარეშეც ვიცით რომ არსებობს და მაინცდამაინც ამ მომენტში გამოიღვიძა ამ თემამ ამ სახით. არ გამოვრიცხავ, რომ აქ სხვა ძალებიც იყვნენ ამოქმედებული, თუნდაც საქართველოს ფარგლებს გარედან. პანკისში ყოველთვის იყო გარკვეულ გავლენებზე საუბარი, რადგან ხშირია მათთან ჩეჩნური დაჯგუფებების კავშირი. ყველაფერ ამას მოვლა უნდა პრევენციულად და არა მარტო მწვავე მომენტებში ჩარევით. ამ მხრივ მგონი, ხელისუფლებამ გარკვეული დაუდევრობა გამოიჩინა",- განაცხადა საყვარელიძემ.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ პროცესებში მოსკოვი რამენაირად იყოს ჩართული.

"ჩეჩნურ-პანკისურ პროცესებში მოსკოვი ძალიან ხშირად ერევა და ცდილობს გამოიყენოს სათავისოდ. ამ ფონზე ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ პანკისელების ნდობით აღჭურვილ პირებს, რომლებიც ჩრდილოეთიდან შევლენ პანკისში, შეიძლება კრემლის დავალება ჰქონდეთ მიღებული",- აღნიშნა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ პანკისელები დღეს დილიდან ჰესის მშენებლობის განახლებას აპროტესტებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი და მათსა და პანკისელებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები არიან როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები