ავტორი:

როგორ გადაარჩინა უკრაინელმა ქართველი თანამებრძოლი სიცოცხლის ფასად - "ბაბუა წლები ეძებდა ანატოლის ოჯახს და 70 წლის შემდეგ, მე ვიპოვე"

როგორ გადაარჩინა უკრაინელმა ქართველი თანამებრძოლი სიცოცხლის ფასად - "ბაბუა წლები ეძებდა ანატოლის ოჯახს და 70 წლის შემდეგ, მე ვიპოვე"

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა...

დღემდე საკამათოა, რამდენად გამართლებული იყო საქართველოსნაირი პატარა ქვეყნიდან იმ რაოდენობის მებრძოლის გაწვევა - ომის წლებში ქვეყნიდან 700 000 ადამიანი გაიწვიეს, მათგან 300 000-ზე მეტი ბრძოლის ველზე დაეცა. ამას ემატება, გერმანელების მხარეს მებრძოლი ქართველები...

ერთი სიტყვით, ორ ბოროტებას შორის ომში, ორივე მხარეს მყოფი ქართველები თავიანთი წილი საქართველოს კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ...

უკვე რამდენიმე წელია AMBEBI.GE მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაფანტული იმ ქართველების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ. ამ დროის განმავლობაში, არაერთი ემოციური ისტორია მოვისმინეთ, თუმცა, ადამიანური ამბები ისევ და ისევ გრძელდება...

გიორგი შენგელია AMBEBI.GE-სთან საკუთარი ბაბუის, ამბროსი შენგელიას ამბავს იხსენებს, რომელიც 1944 წელს 22 წლის უკრაინელმა თანამებრძოლმა საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა... ომის ქარცეცხლს გადარჩენილი ქართველი წლების განმავლობაში ეძებდა მხსნელის ოჯახს მადლობის სათქმელად, თუმცა, ვერ იპოვა... თითქმის 75 წლის შემდეგ, შენგელიას შვილიშვილმა ბაბუის საქმე გააგრძელა და უკრაინელი ანატოლი ნედაშკოვსკის ოჯახი იპოვა...

გიორგი შენგელია გვიყვება:

"ბაბუა - ამბროსი შენგელია, პროფესიით ისტორიკოსი იყო. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დამთავრებული ჰქონდა და იქიდან წავიდა ფრონტზე. იქ ყოფნისას ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდა: როგორ გადაადგილდებოდნენ, შეტევას როგორ ახორციელებდნენ, ან პირიქით - იგერიებდნენ...

1944 წლის 31 მარტის ჩანაწერებში ჩანიშნული ჰქონდა: "დღეს ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა ანატოლი ნედაშკოვსკიმ და თავად დაიღუპა..." დავინტერესდი და ამ კონკრეტულ ეპიზოდზე ცოტა მეტი გავარკვიე. ბაბუა მეტყვიამფრქვევე იყო. ის და მისი გადამრჩენელი უკრიანელი, 606-ე მსროლელი პოლკის 317 დივიზიაში მსახურობდნენ.

იმ დღეს, ანუ 31 მარტს, ტყვიამფრქვევით ერთმანეთის ახლოს თავიანთ პოზიციებს ამაგრებდნენ - ერთმანეთს აზღვევდნენ... ბაბუას პოზიციის ცვლილებისას, მას ანატოლი ნედაშკოვსკი აზღვევდა, რა დროსაც მას სნაიპერის ტყვია მოხვდა - ამბროსი შენგელია საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა, ბაბუას კი, ტყვიამ ქუდში გაუარა...

მარცხნიდან პირველი დგას ანატოლი ნედაშკოვსკი

- როგორ იპოვეთ ბაბუის მხსნელის ოჯახი?

- როდესაც ბაბუა გარდაიცვალა, პატარა ვიყავი, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ომის დასრულების შემდეგ, მისი გადამრჩენელის ოჯახს ეძებდა. ამასთან, წლების შემდეგ ვნახე ბაბუას მიმოწერა უკრაინაში, ჟიტომირის მილიციის განყოფილებასთან, - ნედაშკოვსკის ოჯახს ეძებდა, მაგრამ ვერ უპოვია, რასაც ძალიან განიცდიდა...

ამბროსი შენგელია ისე გარდაიცვალა, დარდი საფლავში ჩაჰყვა და ეს ძალიან მაწუხებდა. ოცნებად ჰქონდა, მისი გადამრჩენელის ოჯახი გაეცნო და დამეგობრებოდა... წლების შემდეგ, ინტერნეტით გავაგრძელე ბაბუას დაწყებული საქმე - უკრაინელი ანატოლის ახლობლებს ვეძებდი. ამ დროის განმავლობაში, არაერთი უკრაინელი ანატოლი ნედაშკოვსკი ვიპოვე, რომლებიც ასევე 1944 წლის მარტში დაიღუპნენ.

ამბროსი შენგელია

გარკვეული დროის შემდეგ, ერთ-ერთმა უკრაინულმა არქივმა ჩემს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ერთ-ერთ ადგილობრივს, ბორის დუდჩენკოს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა საფლავებს ეძებს და მათ შესახებ ინფორმაციას ოჯახებს აწვდის. ინტერნეტით გავცვალეთ ინფორმაცია, ბაბუას შესახებ არსებული ყველა მონაცემი, მისი სამხედრო ნაწილის ნომერი მივაწოდე.

რაღაც დროის შემდეგ, ბორისი დამიკავშირდა და არაერთი დოკუმენტის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დაზუსტებული ინფორმაცია მომაწოდა, - ბაბუა ბერდიჩევსკის რაიონის სოფელ დმიტროვკაში დაბადებულმა, 22 წლის ანატოლი ნედაშკოვსკიმ გადაარჩინა, რომელიც ხმელნიცკის ოლქის, დუნაევოცკის რაიონში, სოფელ გოლოზუბინცის საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს... ძალიან მადლიერი ვარ მისი, ბორის დუდჩენკო რომ არა, დღემდე ძიების პროცესში ვიქნებოდი!

- როგორც ვიცი, ამ ეპიზოდზე უკრაინულმა ტელეკომპანიამ სიუჟეტიც მოამზადა...

- დიახ, ადგილობრივმა ტელეკომპანია “ინტერმა” მოამზადა სიუჟეტი და მე და ჩემი ნათესავი - მსახიობი რევაზ ნასიძე ჩაგვწერა, რომელმაც მხატვრულ ტელესერიალ “ქერჩში” ბაბუას როლი შეასრულა. სხვათაშორის, სერიალში არის ასეთი ეპიზოდი, თითქოს ანატოლი ნედაშკოვსკის საფლავიც იპოვეს.

მართალია, ქერჩის ბრძოლა, 1942 წელს მოხდა, ანატოლი კი - 1944-ში გარდაიცვალა, მაგრამ ფილმისთვის სწორედ ეს ამბავი იყო მნიშვნელოვანი, თან “ქერჩში” ანატოლი ნედაშკოვსკი ნახსენებია, რისთვისაც უკრაინელები ძალიან მადლიერი დარჩნენ...

- ანატოლის ოჯახს თუ დაუკავშირდით?

- დიახ და ეს ძალიან ემოციური იყო, მით უფრო, რომ ამ ისტორიის შესახებ არ იცოდნენ, არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა ვითარებაში დაიღუპა მათი ნათესავი, თავად მას ოჯახი არ ჰყოლია, 22 წლის იყო და ეტყობა, ვერ მოასწრო. ძმისშვილები ჰყავს და ჩემთვის თუნდაც ადამიანურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათ სცოდნოდათ, რომ ანატოლი გმირულად დაიღუპა და თანამებრძოლის გადარჩენა შეძლო... თუნდაც იმიტომ, რომ ეს ბაბუას აუხდენელი ოცნება იყო, მის ოჯახს სცოდნოდა...

ინტერნეტით ვესაუბრეთ მის ძმისშვილსა და შვილიშვილს - გაოგნებული მისმენდნენ. ვუთხარი, მინდოდა, რომ ეს გცოდნოდათ, თქვენი წინაპარი გმირულად დაიღუპა, მან მე და ჩემს ოჯახს სიცოცხლე გვაჩუქა და მინდა ერთმანეთისთვის ახლობლები ვიყოთ, ვიმეგობროთ-მეთქი და საქართველოში დავპატიჟე. მით უფრო, რომ როგორც ბაბუას ჩანაწერებიდან ირკვევა, ის და ანატოლი მეგობრობდნენ...

ძმისშვილი ასაკშია და მისი შვილი შემპირდა, რომ ჩამოვა თავის ოჯახთან ერთად და მაშინ აუცილებლად წავიყვან ბაბუას ნამდვილ საფლავზე...

- რას ნიშნავს “ნამდვილ საფლავზე?”

- ბაბუა შვიდჯერ იყო დაჭრილი. ერთხელ, ნოვოროსიისკის მცირე მიწაზე ბრძოლისას, იმდენად მძიმედ დაჭრილა, მკვდარი ეგონათ და დაღუპულთა სიაში ჩაწერეს... 1987 წელს ჩასულა ნოვოროსიისკში და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფაზე საკუთარი სახელი და გვარი აღმოაჩინა. გარდაცვალების თარიღად ის დროა მითითებული, როცა დაიჭრა...

რეალურად კი 1989 წელს გარდაიცვალა, მე მაშინ 5 წლის ვიყავი და თურმე სულ დარდობდა - არ გავახსენდებიო.

ამბროსი და გიორგი შენგელიები

ეტყობა, როგორღაც ცდილობდა ჩემთვის თავი დაემახსოვრებინა და შეძლო კიდეც - ცხადად მახსოვს, როგორ დამსვა მისგან ზურგით და “სულიკოს” მიმღეროდა და მეც მასწავლიდა. დღემდე, როდესაც ამ სიმღერას ვისმენ, ყოველთვის ბაბუა მახსენდება...

პაციენტზე, რომელიც დღეს კორონავირუსით გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

დღეიდან ღია სივრცეში ქორწილისა და სხვა სარიტუალო ღონისძიებებისთვის  100-მდე ადამიანის თავშეყრა ნებადართულია

ინდუსტრია 4.0 - მენეჯმენტის სწავლების ახალი მოდული და მაღალტექნოლოგიური ცენტრი BTU-ს მაგისტრანტებისთვის