ავტორი:

"საქართველოზე ფიქრისას, პირველად ბებო და სამტრედია მახსენდება" - 26 წლის ქართველი გოგონა, შესაძლოა ევროპარლამენტის დეპუტატი გახდეს

"საქართველოზე ფიქრისას, პირველად ბებო და სამტრედია მახსენდება" - 26 წლის ქართველი გოგონა, შესაძლოა ევროპარლამენტის დეპუტატი გახდეს

ოთხი წლის იყო, როცა მისი ოჯახი საქართველოდან წავიდა. 22 წლის წინ დაწყებული ემიგრაცია დიდი გამოწვევა აღმოჩნდა წიკლაურებისთვის. დღეს 26 წლის ქართველი გოგონა - ნინი წიკლაური, ევროპარლამენტის დეპუტატობის კანდიდატია.

სანამ აქამდე მოვიდოდა, იყო მუსიკალური და სამსახიობო კარიერა, თუმცა მოულოდნელად ხელოვნებიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და 26 მაისს, შესაძლოა, პირველი ქართველი გახდეს, რომელსაც ევროპარლამენტის დეპუტატის მანდატი ექნება.

როგორი იყო გზა საქართველოდან - ავსტრიამდე და ხელოვნებიდან პოლიტიკამდე - ამაზე ნინი წიკლაური AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

„ბავშვობაში, სამტრედიაში, თამაში გვქონდა, ოცნება უნდა ჩაგეფიქრებინა და აგიხდებოდა... მე ჩავიფიქრე, გერმანული მესწავლა და მალე წავსულიყავი გერმანიაში. მაშინ არ ვიცოდი, ასე მალე თუ ამიხდებოდა ოცნება. თუმცა, როდესაც ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება და ფაქტის წინაშე დავდექი, გამიჭირდა.

ერთის მხრივ, გული მწყდებოდა, მაგრამ, ეს იყო ახალი შანსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა. განსაკუთრებით ძნელი პირველი წელი იყო. მენატრებოდა ყველაფერი საქართველოში. ჩასვლისთანავე ინტესიურად დავიწყე ენის სწავლა. მასწავლებელმა მითხრა, რომ თეატრში უნდა მივსულიყავი, აქედან ადვილად მოვახდენდი ინტეგრაციას. ასეც მოხდა, მალე მომცეს პირველი როლი და დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი" - განაცხადა ნინი წიკლაურმა.

11 წლისას გერმანიაში პირველი ტელეგამოსვლა ქონდა. მღეროდა და თან მსახიობობაზე ოცნებობდა. ეს ოცნებაც მალე აუხდა - კინოფილმის „ველურ ბიჭები“ მესამე ნაწილზე ქასთინგი გამოცხადდა. ნინიმ ვიდეორგოლებთან ერთად, მისი მუსიკალური კლიპიც გააგზავნა. თავის დაბადების დღეზე დაურეკეს და უთხრეს, რომ როლზე სწორედ ის დაამტკიცეს.

ქართველი გოგონა მალე გახდა პოპულარული. მასზე გერმანული პრესა აქტიურად წერდა. შემდეგ იყო კიდევ ერთი ტელესერიალი „აინშტაინის სასახლე“ და მზარდი პოპულარობა - მას წარმატებულ სამსახიობო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, ნინიმ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და პოლიტიკით დაინტერესდა.

2008 წლის მარტში ტიურინგენის მომავლის კონფერენციაზე გერმანიის ბუნდესკანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა:

„2008 წელს ოჯახს ვუთხარი, რომ ანგელა მერკელს უნდა შევხვედროდი. ეს მათთვის სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო. არ ელოდნენ, თუ პოლიტიკით დავინტერესდებოდი. მე ვფიქრობდი, ახლა თუ მოხდება, თორემ ასეთი შანსი არ იქნება და ეს შანსი გამოვიყენე. პროტოკოლი დავარღვიე და გერმანიის ბუნდესკანცლერს ვთხოვე, ბუქარესტის ნატოს სამიტზე მხარი დაეჭირა საქართველოსთვის", - იხსენებს ნინი.

გერმანიაში ევროპის სკოლის დამთავრების შემდეგ, გოგონა საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდა და სწავლა ვენის უნივერსიტეტში, პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. ის ავსტრიაში სათავეში უდგას მოძრაობას „ევროპის პულსი“, ავსტრიის და ევროპის ცნობილ პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან ერთად მედიაში თუ კონფერენციებზე, აქტიურად განიხილავს ევროკავშირის გამოწვევებს, პრობლემებს და ევროკავშირის მომავალს.

ევროპარლამენტის 2019 წლის არჩევნებში ავსტრიიდან პარტია “ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი" (NEOS) სახელით იყრის კენჭს. ქართველი გოგონა პროევროპული პარტიის სიის ხუთეულშია. ევროპარლამენტის არჩევნები 26 მაისს არის დანიშნული.

ნინი ამბობს, რომ მის პოლიტიკურ საქმიანობაში გადამწყვეტი როლი 2008 წლის აგვისტოს ომმა ითამაშა. ის იმ დროს ოჯახთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა და ომის თვითმხილველი გახდა.

"აგვისტოს ომის დროს საქართველოში ახალი ჩამოსულები ვიყავით. თბილისიდან მოვდიოდით. მახსოვს, გორში მანქანით გავიარეთ და უკან გზა დაიკეტა. მაშინ უფრო მეტად გავაცნობიერე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა.

გერმანიაში დაბრუნების შემდეგ მედიას ვუყვებოდი, რომ რუსეთმა საქართველოში ომი დაიწყო, რის გამოც ტელესერიალის პროდიუსერებისგნ საყვედური დავიმსახურე. 2008 წელს ევროპაში არავინ აცხადებდა, რომ რუსეთი საშიში და სახიფათოა, მაგრამ ახლა ევროპაში ამბობენ, რომ რუსეთი არის მტერი, რომ რუსეთს ომის გარეშეც სხვადასხვა პროპაგანდული გზებით შეუძლია დააზარალოს ევროპა.

საქართველოს და ევროპას ერთი გზა აქვს. 2012 წელს რომ ჩამოვედი საქართველოში, იმჟამინდელ პრეზიდენტთან ერთად მოვიარე თითქმის მთელი საქართველო. გავეცანი, რა პროექტები იყო. შემდეგ 2015 წელს მეგობრებთან ერთად დავბრუნდი. მინდოდა, მათ გაეცნოთ ჩვენი რეფორმები, ენახათ რომ შორს არ ვართ ევროპისგან.

ჩემი მიზანია, საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს და ამისთვის ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ. საქართველომ უნდა გააკეთოს არჩევანი - უნდა განვითარება თუ წარსულში დარჩენა. ჩემს გეგმებში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ევროპარლამენტის წევრობა ერთ-ერთი საუკეთესო შანსია, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დავეხმარო" - ამბობს ნინი წიკლაური.

კითხვაზე, საქართველოზე ფიქრისას, პირველი რა ახსენდება, გვპასუხობს:

„ბებო და სამტრედია. ორივე ძალიან მიყვარს და მენატრება! წლები ბებოსთან ერთად ვცხოვრობდი სამტრედიაში. ახლა როდესაც ინტერვიუს ვწერთ, დაემთხვა, რომ ბებოს დაბადების დღეა. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივულოცო, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოში, განსაკუთრებით მოხუცებს ღირსეული სიბერე ქონდეთ და იყვნენ ისეთი ბედნიერები, როგორიც ევროკავშირში მცხოვრები მოხუცები არიან".

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა და მორჩილი ნინო მარტვილის დედათა მონასტრიდან გარიცხა - მონაზვნებმა მთელი ღამე წვიმაში, მონასტრის კართან გაატარეს

მოიხსნება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი - რა რეკომენდაციას გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი?

"ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან, ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები" - ვლადიმერ პოზნერი