ავტორი:

"არცერთ სახელზე არ აქვს რეაქცია, მხოლოდ მილაზე რეაგირებს" - როგორ ცხოვრობს გარდაცვლილი გოგონას ოჯახი აღდგომას მომხდარი სასწაულის შემდეგ

"არცერთ სახელზე არ აქვს რეაქცია, მხოლოდ მილაზე რეაგირებს" - როგორ ცხოვრობს გარდაცვლილი გოგონას ოჯახი აღდგომას მომხდარი სასწაულის შემდეგ

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის საქმემ სრულიად საქართველო შეძრა.

აღდგომის ღამეს ფუტკარაძეების ოჯახში ამოუცნობი ფაქტი მოხდა, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა. თუ რა მოხდა ფუტკარაძეების ოჯახში და რატომ უკავშირებენ ამას სასწაულს - მელანო ფუტკარაძის დედა, ნარგიზა ქათამაძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

"ყოველდღე 50-მდე ადამიანი მოდის, ხედავენ ამ სასწაულს და გაოგნებულები არიან. ყოველ ღამით მესიზმრება ჩემი შვილი. მელანო არ იყო მონათლული, ქორწილის შემდეგ აპირებდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ დამძიმდა, რეანიმაციაში მოვნათლეთ...

აღდგომას მისი გარდაცვალებიდან ორმოცი დღე შესრულდა და აღდგომის ღამეს სიზმარი ვნახე. ძალიან ცხადი სიზმარი იყო. გადმოვიდა ფანჯრიდან და თავის გარდერობში ტანსაცმელებს ეძებდა. ძალიან უყვარდა ჩაცმა და ბევრი ტანსაცმელი ჰქონდა. ერთ-ერთი კაბა, რომელიც ცისფერ და თეთრ ფერებშია, გასულ წელს მეგობრის ქორწილისთვის შეიკერა. სიზმარში გადმოიღო ეს კაბა და წინ დამიდო.

ვეკითხებოდი, დედიკო, მანახე ჭრილობა როგორ გაქვს-მეთქი. არა, უნდა წავიდეო-მითხრა. არ წახვიდე, მენატრებითქო, ვუთხარი. თუ გენატრებიო, მოდი ამ დილით ჩემთან სასაფლაოზე, ოღონდ სანამ მოხვალ ხმა არავის გასცე და მე იქ დაგხვდებიო. საერთოდ, რაც ჩემი შვილი გარდაიცვალა, ყოველდღე დავდივარ სასაფლაოზე, აქვეა ახლოს ჩვენთან. შუაღამეს რომ მომენატრებოდა და ვერ ვიძინებდი, გავიპარებოდი ხოლმე სასაფლაოზე და იქ ვტიროდი. ჩემს მეუღლეს, მაზლებს და ძმისშვილებს ეშინოდათ, რამე არ მომსვლოდა ნერვიულობისგან და მარტო არ მიშვებდნენ, სულ უკან მომყვებოდნენ.

ამ აღდგომის დილას მაზლებიც ჩვენს სახლში იყვნენ. ჯერ ბნელოდა, გამთენია იყო. ტაქსით წავედი, ტელეფონზე დავწერე რა ადგილას მივდიოდი და ფულიც მივაწოდე. ჩემს მეუღლეს დავუნახივარ და მეძახდა, მაგრამ უკან არ მომიხედავს. ჩემი ერთი-ერთი მაზლი სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობს და მისთვის დაურეკავთ, ნარგიზა წამოვიდაო. მივედი და ისიც იქ დამხვდა, საუბარი დამიწყო - რატომ გამოიპარე ნარგიზი, ხომ იცი, რომ მარტო არ გიშვებთო. შიშიც არაფრის მქონდა. მეგონა, ალბათ სასაფლაო დამხვდებოდა გათხრილი და ჩემს შვილს მკვდარს კიდევ ერთხელ დავინახავდი და მოვეფერებოდი...

მაზლისთვის ხმა არ გამიცია, დავჯექი სასაფლაოზე მელანოს სურათთან და ვტიროდი. ამ დროს მოვიდა ჩემი ქმარი და ძმისშვილიც. საფლავის ქვის უკანა მხრიდან დაინახეს თუთიყუში, მელანოს კაბის ფერებში, ძმისშვილმა იყვირა: ნახე ბიძია, რა ლამაზი ჩიტიაო. ჩემმა მეუღლემ უპასუხა, ეს ჩიტი კი არა, მელანოს სულია მოსულიო.

გამოფრინდა ეს ჩიტი, ჩემი მაზლის ხელებში ჩაფრინდა და ყვიროდა, ფართხალებდა. მერე მე მომცა მაზლმა, რომ ვტიროდი, მთელი სამი საათის განმავლობაში მეჯდა მხარზე და ცრემლებს მწმენდდა, რამდენი ცრემლიც ჩამომვარდებოდა იმდენს ყლაპავდა. ჭიკჭიკებდა და მივხვდი, რომ ეს ჩიტი ჩემი შვილისგან იყო გამოგზავნილი. ბექაც იქვე იყო, ჩემი შვილის საქმრო. მერე იმასთან მიფრინდა, კოცნა დაუწყო...

ზუსტად იმ კაბის ფერებში იყო, რომელიც სიზმარში ჩემმა შვილმა გარდერობიდან გადმოიღო. ამ ჩიტის მოფრენით ისეთი შვება ვიგრძენი გულში, თითქოს ჩემი შვილი გაცოცხლდა. ახლა ეს ჩიტი ჩვენთან ცხოვრობს, ჩემს მეუღლეს არ შორდება, მხარზე აზის და ყველგან დაყვება. ღამე ჩვენთან ერთად ძინავს.

რომ დაუძახოთ, არცერთ სახელზე არ აქვს რეაქცია, მხოლოდ მილაზე რეაგირებს. აღდგომის მეორე დღეს გადავუხადეთ ორმოცი და ჩიტი დილით სასაფლაოზე წავიყვანეთ. იმდენი ხალხი მოვიდა ამ სასწაულის სანახავად, დღემდე ყოველდღიურად მოდის ჩვენთან სახლში 50-მდე ადამიანი. ყველა გაოგნებულია, როგორ ცეკვავს ჩიტი, როგორ თამაშობს, სურათებს როგორ ეფერება, მამას არ შორდება და დედას როგორ წმენდს ცრემლებს" - ყვება ნარგიზა ქათამაძე.

ჩვენთან საუბრისას, მელანო ფუტკარაძის დედამ შვილის ავადმყოფობისა და გარდაცვალების დღეც გაიხსენა:

"მე და ჩემს მეუღლეს ოთხი წელი შვილი არ გვყავდა, ერთი შვილი გვყავდა, მელანო და რუდუნებით ვზრდიდით. მთელი ოჯახი 20 წელი რუსეთში ვცხოვრობდით. რვა წელია, რაც ჩამოვედით...

გეტყვით, როგორ დაგვატყდა ტრაგედია ოჯახს თავს... დილით მუცლის ტკივილი დაეწყო და გამაღვიძა, სასწრაფო გამოვიძახეთ, ექიმმა გვითხრა აპენდიციტის ნიშნებიაო... მაშინვე გადავიყვანეთ ბათუმის რეფერალურ კლინიკაში. მორიგე ექიმმა გასინჯა და გადასხმა დაუდგეს, ტკივილგამაყუჩებლით. ათი საათისთვის მოვიდა ექოსკოპისტი ეკა ფუტკარაძე, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია და რომელთანაც ყველაზე მეტი პრეტენზია მაქვს. ექოსკოპია რომ გადაუღეს, აპენდიციტის ნიშნები ვერ დაინახეს, დიაგნოზი რომ დაბეჭდეს, ეწერა - "მცირე გამონადენი მუცლის ღრუში", თუმცა რა გამონადენი იყო, ამით არ დაინტერესებულან.

გადაეღოთ ლაპარასკოპია, რატომ არ გადაუღეს?! უნდა დაედგინათ, რა სჭირდა ბავშვს სინამდვილეში და ამის მაგივრად იეჭვეს, ფეხმძიმედ ხომ არ იყო და მოთხოვეს ვაგინალური გამოკვლევის ჩატარება. ჩემმა შვილმა უთხრა, რომ გათხოვილი არ იყო და მისთვის ასეთი გამოკვლევის ჩატარება არ შეიძლებოდა. არ დაუჯერეს და მაინც ორსულობის ტესტის გაკეთება მოითხოვეს. რომ გაუკეთეს ტესტი და დარწმუნდნენ, რომ ფეხმძიმედ არ იყო, იმის მაგივრად რომ გამოკვლევები უფრო მეტი პროფესიონალიზმით გაეგრძელებინათ, დამცინავად მიმართეს ბავშვს - შენს საქმროს დავასწარით ლამისო.

ბავშვი წელში მოხრილი იყო ტკივილებისგან, დახმარებას ითხოვდა და ისინი ხუმრობის ხასიათზე იყვნენ, იცინოდნენ. ამას ეკა ფუტკარაძეს ნამდვილად არ ვაპატიებ! პირველ საათამდე ბავშვი გამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ იყო, მერე ჩამოვიდა ქირურგი, გასინჯა და არაფერი არ არისო და წავიდა.

მოვიდა მკურნალი ექიმი და დასვა დიაგნოზი - მუცლის შებერილობა და გაუვალობა. გამოგვიწერეს შესაბამისი წამლები და გამოგვიშვეს სახლში. სახლში რომ მოვიყვანეთ, მთელი დღის განმავლობაში ნორმალურად იყო. მეორე დღეს, სამი საათისთვის მუცლის ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა. გამოვიძახეთ ისევ სასწრაფო დახმარება, მაგრამ მდგომარეობა დამძიმდა, სახეზე გაყვითლდა, გაუყვითლდა მთელი ტანი.

საავადმყოფოში თქვეს, აპენდიქსია გამსკდარიო და სასწრაფო ოპერაცია დანიშნეს. გვეუბნებოდნენ, ელვისებურად ვრცელდება ჩირქი ორგანიზმში, მდგომარეობა მძიმდებაო. გაუკეთეს ოპერაცია. დილით გადმოიყვანეს პალატაში. კარგად იყო. დრენაჟი ჰქონდა ჩადგმული, მაგრამ ერთი წვეთი ჩირქი ან სისხლი არ წამოსულა დრენაჟში. როგორი გაკეთებული იყო ოპერაცია, არ ვიცი. ან რა საჭირო იყო მაშინ დრენაჟის ჩადგმა...

შუადღით გამოუმჯობესდა, მამასაც ელაპარაკა რუსეთში. სამსახურის საქმეებსაც არკვევდა, მესენჯერით მეგობრებსაც ესაუბრა. ღამის თერთმეტ საათზე დაეწყო ჰაერის უკმარისობა, დილით უკვე საერთოდ არ ჰყოფნიდა ჰაერი და გადაიყვანეს რეანიმაციაში. საღამოს ექვს საათზე ხუთი წუთით მასთან მივედი. უკვე გათიშული იყო ბავშვი, თვალები ხელით გავახელინე, ვესაუბრებოდი, მაგრამ პასუხის გაცემის თავი არ ჰქონდა. ღამის სამ საათზე გარდაიცვალა...

რა მოხდა, არაფერი არ ვიცი. გამოძიება მიმდინარეობს, ყველა მოწმე დაკითხულია. მთავარია დროში არ გაჭიანურდეს და ჩემი შვილის გარდაცვალებაში მონაწილე ექიმები დროულად დაისაჯონ! რატომ არ შეუჩერდა ლიცენზია არც ერთ ექიმს? რატომ აგრძელებენ ისინი მუშაობას? ეკა ფუტკარაძემ თავისი ინიციატივით დაწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება, მაგრამ წავიდა თურქეთში ორი კვირით, დაისვენა და ჩამოვიდა, ახლა ისევ მუშაობს.

მე მეტი არაფერი დამრჩენია, ჩემის შვილის სიკვდილით უნდა დავუსვა წერტილი სხვისი შვილების სიკვდილის რისკს!" - ამბობს ნარგიზა ქათამაძე.

21 მარტს "მედცენტრში" მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხს კი ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს. გარდაცვალების მიზეზებს იკვლევს სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროც.

"ნიღბიანები მეუბნებოდნენ: მამაო, ილოცე ჩვენზე, ჩვენი ოჯახის წევრებიც აქ დგანანო" - ვინ არის ბერი, რომელიც აქციაზე სპეცრაზმსა და ხალხს შორის იდგა

როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს

პოლიციას ალეკო ელისაშვილის დაკავების მცდელობა ჰქონდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება არ მისცეს