ავტორი:

"ნიღბიანები მეუბნებოდნენ: მამაო, ილოცე ჩვენზე, ჩვენი ოჯახის წევრებიც აქ დგანანო" - ვინ არის ბერი, რომელიც აქციაზე სპეცრაზმსა და ხალხს შორის იდგა

"ნიღბიანები მეუბნებოდნენ: მამაო, ილოცე ჩვენზე, ჩვენი ოჯახის წევრებიც აქ დგანანო" - ვინ არის ბერი, რომელიც აქციაზე სპეცრაზმსა და ხალხს შორის იდგა

მამა ნექტარიოს მჭედლიძის ფოტოები სოციალურ ქსელში უამრავმა მომხმარებელმა გააზიარა. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სპეცრაზმსა და ხალხს შორის მდგარი სასულიერო პირი, საკმაოდ ემოციური სანახავი იყო...

მამა ნექტარიოსის შესახებ ფართო საზოგადოებამ პირველად მაშინ გაიგო, როდესაც 5 ნოემბერს, სამტრედიაში ავტოავარიაში დაღუპული 24 წლის შაკო ბარამიძისთვის წესის აგების სურვილი გამოთქვა (ბარამიძე "გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" წევრი იყო, რის გამოც ადგილობრივმა სასულიერო პირმა გარდაცვლილის ოჯახს წესის აგებაზე უარი უთხრა, ავტ).

როგორ მოხვდა საპროტესტო ტალღაში სასულიერო პირი, რომელიც საბერძნეთის ეკლესიის იურისდიქციაში ირიცხება და რა ხდებოდა აქციაზე - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს მამა ნექტარიოსი თავად ესაუბრა:

- მოვლენების განვითარებას ტელევიზიით ვუყურებდი და როდესაც სიტუაცია დაიძაბა, ვიფიქრე, რომ სადაც ჩემი მოტყუებული ახალგაზრდობა იდგა, იქ იყო ჩემი ადგილი. წავედი პარლამენტის წინ და ჩავდექი სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის.

ძალიან მძიმე გარემო იყო, ნიღბიანი ადამიანები მეუბნებოდნენ - მამაო ილოცე ჩვენზე, მოგვიხსენიე ლოცვებში, ჩვენი ოჯახის წევრებიც აქ დგანანო...

- რა რეაქცია ჰქონდათ სპეცრაზმელებს სასულიერო პირის დანახვაზე?

- რაც შემიძლია ვთქვა და თავადაც შეიძლება დაადასტუროს, როდესაც გიგა მაქარაშვილის დაკავება დაიწყეს, მივმართე არ დაარტყათ-მეთქი და მართლა გაითვალისწინეს. მათი მეთაურები იყვნენ აგრესიულები, თორემ სპეცრაზმელები - არა.

- რამდენ ხანს იყავით აქციაზე?

- ბოლომდე, წყლის ჭავლი რომ გამოიყენეს, იქ ვიყავი და რადგან ძალიან დავსველდი, ვეღარ შევძელი და წამოვედი. მე იქ მაკო გომურის გამოც ვიყავი. სხვათაშორის, ორი დღის წინაც ვიყავი აქციაზე, როდესაც მთავრობა თვალებში ნაცარს გაყრის, გატყუებს, იმ მთავრობას რა უნდა დაუჯერო?!

- სხვა აქციებშიც თუ მიგიღიათ მონაწილეობა?

- მე საქართველოში არ ვცხოვრობ, პერიოდულად ჩამოვდივარ, რადგან საბერძნეთში ვმოღვაწეობ. თუმცა, საქართველოს საპატრიარქოს იურისდიციაში რომ ვყოფილიყავი, მაინც იქ ვიდგებოდი. მე არავის მონა არ ვარ, მარტო ღვთის მონა ვარ, ერთადერთი ღმერთს ვემონები. მე ვთვლი, რომ სწორედ იქ უნდა ვმდგარიყავი, სადაც ვიდექი.

- სხვა სასულიერო პირი ხომ არ გინახავთ აქციაზე?

- არა, პირადად არ მინახავს. არც მგონია ვინმე ყოფილიყო.

- ბოლო დროს ხშირია როდესაც ქართველები საბერძნეთის ეკლესიაში მიდიან სასულიერო პირებად... რატომ? იქ უფრო მეტი თავისუფლებაა?

- ნამდვილად, იქ არ გზღუდავენ. გავიხსენებ სამტრედიელი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს, რომელსაც წესს არ უგებდნენ, ეს ამბავი ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ჩემი მღვდელმთავარი საბერძნეთში ძალიან ჰუმანურია. მაგალითად, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში რომ ვიყო, არ მექნებოდა უფლება აქციაზე მისვლის, მაგრამ მაინც მივიდოდი, იმიტომ რომ არც ერთნი იყვნენ ბიზანტიელები და არც მეორე რომაელები, ყველანი ხომ საქართველოს შვილები ვართ.

- იმ სასულიერო პირებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოში ირიცხებიან?

- დიახ, უამრავი მწერს "ფეისბუქზე", ყოჩაღ, მამაო, თქვენს გამბედაობასო. საქართველოში ცხოვრებისას, მე სასულიერო პირი არ ვყოფილვარ, მაშინ ერთ-ერთი მღვდელმთავრის კურთხევით ჟურნალს ვუშვებდი.

2017 წლიდან კი უკვე საბერძნეთის საპატრიარქოს იურისდიქციაში ვირიცხები, ათენში წმინდა კიმოთე ეპისკოპოსის ტაძარში, სადაც ძალიან ხშირად გვაკითხავენ ქართველი ემიგრანტები.

როგორია ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც ბათუმში აკვირდებოდნენ - გამყრელიძის კომენტარი

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"

დაპირისპირება პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა