ავტორი:

"ჩრდილოეთ კავკასია ნაღმზე ზის..." - ტერორისტები თუ კადიროვისთვის მიუღებელი პერსონები?!

"ჩრდილოეთ კავკასია ნაღმზე ზის..." - ტერორისტები თუ კადიროვისთვის მიუღებელი პერსონები?!

ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების გამო, ანალიტიკოსები ISIS-ის “ვერბოვშიკების” გააქტიურებას პროგნოზირებენ, რაც ტერორისტების ჩეჩენ ძალოვნებზე თავდასხმების გახშირებით არის განპირობებული.

მას შემდეგ, რაც სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფო” დამარცხდა, რეგიონში მათი ახალი მომხრეები გააქტიურდნენ, რაც მთელი ქვეყნისთვის სახიფათოა. kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ჩრდილოეთ კავკასია ნაღმზე ზის - აპრილის თვეში ჩეჩენმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავეს, რომელთაც ყუმბარები და დანები აღმოაჩნდათ. წყაროს ინფორმაციით, ისინი ურუს-მარტანოვსკის რაიონის პოლიციაზე თავდასხმას გეგმავდნენ.

დაკავებების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ასაიდუმლოებდა, მასზე მხოლოდ ორმა რუსულმა გამოცემამ დაწერა. ეს კი ეჭვებს იწვევს, რადგან ასეთი შემთხვევების გაშუქება ჩეჩნეთის ლიდერს ძალიან უყვარს. რუსული მედიის მონაცემებით, ტერორისტებს ე.წ. სამხედრო ფიცი აღმოუჩინეს.

სამხედრო პოლიტოლოგი ალექსანდრე პერენჯევი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ადამიანები, რომლებიც პოლიციამ აიყვანა, ჩეჩნეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელნი იყვნენ და “კადიროვცებთან” ორმხრივ ცეცხლში აღმოჩნდნენ. იმავეს ამბობენ დაკავებულების ახლობლები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, “კადიროვცებმა” უკვე გააფრთხილეს ზედმეტად არ ეხმაურათ...”

აღმოსავლეთმცოდნე მიხეილ როშინის ცნობით, “ისლამური სახელმწიფოს” განადგურების შემდეგ, ტერორისტები მსოფლიოს სხვა რეგიონებში ცდილობენ ფეხის მოკიდებას.

“თავიანთი ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ, ისინი მობილურ აქტიურობაზე გადავიდნენ და რამდენიმე შეტაკება უკვე განახორციელეს. ეტყობა, გააქტიურებას სხვადასხვა მიმართულებითაც გეგმავენ და კავკასია გამონაკლისი არ არის" – აცხადებს როშინი, რომლის თქმითაც, სირიაში ჯერ კიდევ რჩებიან ტერორისტები, თუმცა, მათ რუსეთში შეუმჩნევლად დაბრუნება, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ.

“დამარცხება არ ნიშნავს, რომ მათ ხელი ჩაიქნიეს, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ყველაზე მეტად აძლევთ ხელს ლოკალური შეტაკებები და რაც შეიძლება მეტი ახალი თანამოაზრე, რომელსაც საკმაოდ ადვილად პოულობენ" - წერს აღმოსავლეთმცოდნე.

რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩეჩენ ძალოვნებთან შეტაკებაა ასახული და 32 წუთს გრძელდება. ვიდეო ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული და მთელი ვიდეოს განმავლობაში ისმის სროლები ავტომატური იარაღიდან, შეძახილები “ალაჰ აკბარ!..”

“ალ-ბაღდადის უკანასკნელ ვიდეომიმართვაში მას ხელში ეჭირა საქაღალდე წარწერით “კავკასიის ვილაიეთი” (вилаят Кавказ), რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ისინი კავკასიაში ძალების დემონსტირირებას შეეცდებიან” - ამბობს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კირილ სემენიოვი.

თუმცა, kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში, რამდენიმე ექსპერტი აცხადებს, რომ ბოლომდე არ არის დადასტურებული ჩეჩნეთის ხელისუფლება ნამდვილად ტერორისტებზე ნადირობს თუ არა, რადგან “კადიროვი ამ გზით მეტოქეებს ყველაზე ადვილად იშორებს...”

ალექსანდრე პერენჯევის თქმით, კადიროვი თავად წყვეტს, მისთვის ვინ არის მისაღები და ვინ არა, ამისთვის კი კარგი გზაა ტერორისტის იარლიყის მიწებება. ასეთი დამოკიდებულება კი რეალურად წარმოშობს საფრთხეს, რომ ვიღაცები რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირონ.

AMBEBI.GE-სთან საუბარში სამხედრო ექსპერტი ზურა ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები პირდაპირ კავშირშია ჩრდილო კავკასიასთან. მისივე ცნობით, მებრძოლების გადინების კუთხით, ეს რეგიონი ძალიან აქტიურია, რაც სხვადასხვა იდეოლოგიური თვალსაზრისის გარდა, ”მწვანე კაპიტალითაც” არის განპირობებული. ექსპერტის თქმით, პრობლემა, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა და მათ შორის, საქართველო ვერ აგვარებს, არის “ისლამური სახელმწიფოდან” დაბრუნებული მებრძოლების ინტეგრაცია...

“ჩრდილოეთ კავკასია მარტო არ არის, - მებრძოლები არიან საქართველოდანაც და მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის, ჩრდილოეთ აფრიკიდან, კონკრეტულად ტუნისიდანაც კი, სადაც ყველაზე “წარმატებულად” ჩატარდა “არაბული გაზაფხული”. “ისლამური სახელმწიფოდან” 6 ათასი მეომარი დაბრუნდა და ახლა მთელი მსოფლიო თავს იმტრევს, როგორ მოხდეს მათი ინტეგრაცია... იგივე ხდება საფრანგეთში.

ერთი “გამოსავალი” არის მათი ციხეში გაშვება, მაგრამ იქიდან გამოსვლის შემდეგ, მათი ნაწილი “მოძრავი ბომბი” იქნება და კაცმა არ იცის, სად რას გააკეთებენ.

- ოჯახების ინტეგრაციის თემა ძალიან მტკივნეულია საქართველოსთვისაც...

- დიახ, რადგან რამდენიმე ათეული ადამიანი დაბრუნდა პანკისის ხეობაში და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე არავის უზრუნია - მათზე სახელმწიფოს პრაქტიკულად, არ უზრუნია.

ინტრეგაციის კუთხით, იგივე ხდება ჩრდილოეთ კავკასიაშიც, თუმცა, იქ არის კადიროვის ფაქტორიც, რომელიც ადგილობრივებს “მისაღებ” და “მიუღებელ” კატეგორიად ჰყოფს და ძნელია გაიმიჯნოს, ვინ არის პოტენციური მებრძოლი და ვინ ცდილობს ნორმალური ცხოვრების წესს დაუბრუნდეს. ამის გამოძახილია ის, რაც ზოგადად ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება.

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი - რას ამბობენ საგარეო უწყებაში

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

"კორონავირუსის გამო, ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს" - მედია