ავტორი:

მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, დაისვენეთ - ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნების შედეგებზე

მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, დაისვენეთ - ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნების შედეგებზე

ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულმა ოცნებამ“ გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა,- ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კონცენტრირება მომავალზე უნდა მოახდინოს და უსაგნო დაპირისპირებაზე აღარ იფიქროს.

„მთავარი კონცენტრირება ჩვენ ახლა უნდა მოვახდინოთ მომავალზე. აღარ უნდა ვიფიქროთ უაზრო, უსაგნო დაპირისპირებაზე. ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულმა ოცნებამ“ გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა. ამის შემდეგ ჩვენი ენერგია უნდა მივმართოთ შენებაზე , რეფორმებზე, წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი მოტივირებულია. განახლებული ენერგიით ამ მოქმედებას სულ მალე დავიწყებთ, არჩევნების დასრულებისთანავე. ძალიან მალე იგივე ჩვენი მოსახლეობაც და თუნდაც ჩევნი ოპონენტებიც, რომლებმაც მხარი არ დაგვიჭირეს, ნახავენ, რომ რეალური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, რომ სტაბილურად და მშვიდობით მართოს ჩვენი ქვეყანა, ეს არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნების დღესთან დაკავშირებით, ოპონენტების განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„ჩვენი დესტრუქციული ოპონენტების განსაკუთრებული აქცენტი ზუგდიდზე იყო გადატანილი. მე დღეს მოვისმინე შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე სხვა რეგიონის პოლიციის უფროსი იყო ჩასული ზუგდიდში და ამაზე გამოთქვამდნენ პრეტენზიას. მინდა მათ შევახსენო, ამ ადამიანებს, რომ 5 ათასი ადამიანი, მათი აქტივისტი იყო მობილიზებული და ჩაყვანილი ზუგდიდში, არა ზუგდიდელი, არა მეგრელი, ანუ ადგილობრივი მოსახლეობა არ იყო. ამ შემთხვევაში, მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ სახელმწიფოს წაუყენონ პრეტენზია, თუ რატომ იყო მობილიზებული პოლიცია, დამატებითი ძალები ზუგდიდში, ვინაიდან სახელმწიფო ხედავდა გარკვეულ თეორიულ რისკებს, რომ ჩვენს ოპონენტებს გამომდინარე მათი ხასიათიდან გარკვეული დესტრუქცია და დაძაბულობა შეეტანათ. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ის განცხადებები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, შეურაცხმყოფელია ამომრჩევლისთვის.

„რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკას და მის რიტორიკას, რომელიც უკიდურესად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია არამარტო ჩვენი მოსახლეობისთვის, არამედ სწორედ მისი ამომრჩევლებისთვის. ჩემთვის, ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა თავისი ცოლი გამოუშვა ამ ბრძოლაში, ამით ყველაფერია ნათქვამი. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი გამოიტანს შემდეგ დასკვნას, რომ ეს ადამიანი, ისე როგორც იქცეოდა ომში 2008 წელს, როცა მან ქვეყნის სირცხვილი აჩვენა მთელ მსოფლიოს, როგორც მხდალმა პოლიტიკოსმა, იგივე გაიმეორა ახლაც. მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც იყო ჩვენი კანდიდატის ოპონენტი, დაისვენეთ. მე მას ვურჩევდი მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები