ავტორი:

სოხუმში "სპეცრაზმი" გამოჩნდა - აფხაზეთში ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

სოხუმში "სპეცრაზმი" გამოჩნდა - აფხაზეთში ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური ტემპერატურა იწევს - ე.წ. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელმა გაუარესებამ, ვითარება იმდენად დაძაბა, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა... ბჟანიას მომხრეების თქმით, ის მოწამლეს, რასაც "ხელისუფლება" კატეგორიულად უარყოფს.

ერთი სიტყვით, ბოლო 25 წელში პირველად, აფხაზეთში ე.წ. მთავრობის დასაცავად, სპეცრაზმი გამოჩნდა... ვითარება 20 მაისიდან დაიძაბა, მას შემდეგ რაც, აფხაზეთის ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქციები დაიწყო „პარლამენტის“ შენობასთან, რომელმაც მხარი არ დაუჭირა მათ მოთხოვნას, „საპრეზიდენტო“ არჩევნების შემოდგომაზე გამართვის შესახებ. აქციის გამო სოხუმში, ე.წ. პარლამენტის შესასვლელთან “სპეცრაზმი” იყო მობილიზებული, თუმცა, რამდენიმე დაპირისპირება მაინც მოხდა.

პარტია "ერთიანი აფხაზეთის" ლიდერის სერგეი შამბას თქმით, ხაჯიმბას მთავრობის ტყუილი ბჟანიას ვირუსული პნევმონიის შესახებ, მოსახლეობისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, რაც ხელმძღვანელობამ ვერ გათვალა. სინამდვილეში, ოპოზიციის ლიდერს სისხლში მძიმე მეტალები აღმოუჩინეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა, აფხაზურ პოლიტიკაზე კი სარკისებური ასახვა ჰპოვა...

ბჟანიას შტაბის ხელმძღვანელის, მოძრაობა “სახელმწიფოებრიობის დასაცავად” ლიდერის თეიმურაზ ხიშბას თქმით, ბჟანიას მოგების შანსი ჰქონდა. ახლა კი, არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. ამიტომაც, ის შემოდგომამდე უნდა გადაიტანონ....

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობას “ექიმების საიდუმლოს” უწოდებს და აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელების უფლება, "მხოლოდ პაციენტის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში აქვთ".

რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებამ არჩევნების ვადის შეცვლაზე უკვე უარი განაცხადა, რამაც ვითარება კიდევ უფრო დაძაბა, აქციის მონაწილეებმა, პასუხად, ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვეს.

"გვიან მივედი პარლამენტთან... 40 წუთი ვაკვირდებოდი იმ დაპირისპირებებს, რაც პარლამენტთან ხდებოდა... პირველად დამოუკიდებელი აფხაზეთის უახლოეს ისტორიაში, ვნახე როგორ დგანან სპეცრაზმელები ნიღბებით სოხუმში, ის ვინც თავისი ხალხის წინააღმდეგ ხელკეტი აიღო და ბრძანება შეასრულა, ვერასდროს კაცი ვერ გახდება, რადგან საკუთარ ხალხს ასე მხოლოდ ის მოექცევა, ვისაც მონური ფსიქოლოგია აქვს...

აფხაზ ხალხს ჯოხით ვერავინ შეაშინებს! მე-19 საუკუნეში აფხაზებმა უამრავი კატასტროფა გადაიტანეს. მეფის რუსეთის ადმინისტრაცია თავის ხალხს მონებივით ექცეოდა, ასე მოექცა აფხაზებსაც, რაც აჯანყებით დასრულდა... ახლა კი, თავად აფხაზეთის ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს არ იცნობს თავის ხალხს, ის, რასაც ახლა ისინი აკეთებენ, სხვა არაფერია თუ არა კონფლიქტის ესკალაცია. ეს მაშინ, როდესაც, ქუჩაში, ციხესა და თავად ეკლესიაში განხეთქილებაა. პოლიტიკაში ისედაც გასაგებია რაც ხდება...

აფხაზი ერი ერთი პატარა სოფელია, მაგრამ ამის მიუხედავად ერმანეთის “ჭამას” ვაგრძელებთ. გუდაუთელები, ოჩამჩირელები, ხაჯიმბისტები და ბაღაფშისტები, მამა ბესარაიონ აპლიასა და მამა დოროთეი დბარის მომხრეები ერთმანეთს ლამის ეშმაკებს უწოდებენ და ამას ხალხში ავრცელებენ. თვითგანადგურებას აქტიურად ვეწევით, არადა, ამ ხელოვნური ბიძგების გარეშე, განადგურება ისედაც გარდაუვალია..." - წერს სოხუმელი თენგიზ აგრბა.

“მაინც მეგონა, რომ არჩევნებს გადაიტანდნენ... ეს დაძაბულობას მოხსნიდა და ხაჯიმბას გადადგომას არავინ მოითხოვდა. თუმცა, ხელისუფლებას ესმის, რომ შემოდგომისთვის ოპოზიცია ძალას მოიკრეფდა და არჩევნებსაც მოიგებდა. ამიტომაც გადადგა მან ასეთი წინდაუხედავი ნაბიჯი. ახლა კი მას ცალსახად წასვლა მოუწევს!”- წერს ვალენტინ ვოლკოგონოვი abkhaz-auto.ru-ს სტატიის კომენტარებში.

ამის ფონზე რუსული მედია წერს რომ, ოპოზიციური ძალების მიერ დაწყებული პროტესტის გამო, ტურისტები აფხაზეთს ტოვებენ, მათ კი ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები, ჯავშანს აუქმებენ.აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, ის მღელვარება, რაც „რესპუბლიკაშია“, უარყოფითად აისახება ტურისტულ ნაკადზე. თუმცა, მისი თქმით, არიან ტურისტები, რომლებიც ხშირად დადიან აფხაზეთში და იციან, რომ არსებული პროტესტი მხოლოდ აფხაზეთის მცხოვრებლებს ეხება.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?