ავტორი:

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

აფხაზეთში მოფიქრებული ბიზნესსქემები, რომელიც ერთი და იგივე სახლის ან სხვა ნაგებობის რამდენჯერმე "გაყიდვას" ისახავს მიზნად, კარგა ხანია რეგიონს გასცდა...

რამდენიმე წლის წინ, ლონდონში მცხოვრები მილიარდერი, ანდრეი ანდრეევი-ოგაჯანიანცი, რომელიც რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაშია, გარდაცვლილად გამოაცხადეს და სანკტ-პეტერბურგში მდებარე ერთ-ერთი ბინაც გაუყიდეს.

სწორედ აღნიშნული ბინის დავაზე იმსჯელა 8 აპრილს სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ. დანაშაულში ბრალდებული ოჩამჩირელი ლუდმილა თორიაა, რომლისგანაც უძრავი ქონება შვიდი წლის წინ კინოპროდიუსერმა ევგენი არონოვმა შეიძინა.

თორია რეგიონში დამზადებული "საბუთების" საფუძველზე ირწმუნებოდა, რომ მისი "მეუღლე" ანდრეი ანდრეევი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ეს ქონება მილიარდერისგან მემკვიდრეობით ერგო.

საბოლოოდ, ანდრეევმა გაიგო თაღლითური სქემის შესახებ, თუმცა ყველაზე საოცარი ამ ამბავში ის არის, რომ თავის დროზე რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა აფხაზეთიდან წამოღებული დოკუმენტაციის სინამდვილეში ეჭვიც კი არ შეიტანეს და აფხაზი ქალის თაღლითობის შესახებ ვერაფერი გაიგეს.

forbes.ru-ის მიხედვით, ახალგაზრდა მილიარდერის, ანდრეი ანდრეევის ქონება თითქმის 2 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული. გამოცემის ცნობით, სწორედ მისი შექმნილია გაცნობის ინტერნეტპორტალები Mamba, Badoo და Bumble. 2005 წელს, რუსეთიდან საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა, თუმცა რუსეთში რამდენიმე ბიზნესი და ბინა დარჩა, მათ შორის სანკტ-პეტერბურგის ბინა, რომელიც ბებიისგან მემკვიდრეობით მიიღო. მთელი ბავშვობა იქ გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება უკვე ორჯერ გაიყიდა, ანდრეევი დღემდე იმ ბინაშია ჩაწერილი.

"რუსეთში სახელმწიფო რეესტრის ამონაწერების თანახმად, 2012 წელს ბინა მემკვიდრეობით გადავიდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქის, ლუდმილა თორიას მფლობელობაში. აფხაზური დოკუმენტებით, ის 2008 წელს გაჰყვა ცოლად მილიარდერს, ოთხი წლის შემდეგ კი დაქვრივდა. მისმა მემკვიდრემ დოკუმენტაციის ლეგალიზაცია რუსეთში მოახერხა, რის საფუძველზეც ბინის "მფლობელმა" ქონება გადაიფორმა და 2013 წელს გაყიდა კიდეც..." - წერს forbes.ru.

ანდრეი ანდრეევი

გამოცემის ცნობით, ბინის ახალი მფლობელი, კინოპროდიუსერი ევგენი არონოვი აცხადებს, რომ "ბინა კანონიერად, რუსეთის კანონმდებლობაზე მორგებულ და ადგილობრივ საბუთებთან შესაბამისობაში გადაყვანილი დოკუმენტაციის საფუძველზე, 2020 წლის შემოდგომაზე, აფხაზეთის მოქალაქისგან იყიდა და დათმობას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ანდრეევის იურისტებმა მისგან მილიარდერისთვის ბინის დაბრუნება მოითხოვეს..." - წერს გამოცემა.

ისედაც ჩახლართულ ურთიერთობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ანდრეევის ე.წ. ქვრივი აფხაზი ლუდმილა თორია, 2019 წელს კრასნოდარში პნევმონიით გარდაიცვალა. აფხაზეთში საბუთების შემდგენელ პირებს ვერ მიაგნეს, რადგან იქ მუდმივად იცვლება როგორც "ნოტარიუსი" ასევე, სხვა საჯარო და კერძო უწყებები. რამდენიმე დღეა აფხაზი თორიას, რუსი მილიარდერი ანდრეევისა და კინოპროდიუსერი არონოვის ბიზნეს-საოჯახო სამკუთხედს აქტიურად განიხილავენ...

"რამდენჯერმე წავიკითხე, რომ აზრი გამომეტანა... აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს, როგორც ირკვევა, უფრო შორს წასულა ჩვენი მაფიოზური კლანი. რასაკვირველია, თორია მარტო იქნებოდა, მაგრამ ვინ გეგმავდა ასეთ სერიოზულ ბიზნეს-თაღლითობებს, ეგ ცალკე გასარკვევია, რასაც ალბათ ვერავინ ვერასდროს გაარკვევს" - წერს ადგილობრივი ანდრია ბარციცი.

"რუსულ-აფხაზური კლანია, რომლისთვისაც, როგორც მსმენია, ეს პირველი არ არის. თორია, დიდი ალბათობით, შეცვლილი გვარია, რადგან პატარა აფხაზეთში ამაზე არავის არაფერი სმენია... არ არის გამორიცხული, რუსი მილიარდერის გარემოცვიდანაც არის ვიღაც ჩარეული, ასე ბრმად ანდრეევს ვერ აარჩევდნენ. კარგად აქვთ შესწავლილი დეტალები. ეს პირველი საქმე არ იქნებოდა მათთვის, საკმაოდ პროფესიონალურად აქვთ დეტალები გათვლილი..." - მიაჩნია დიმიტრი ადლეიბას.

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სასაოფლო-სამეურნეო ტექნიკით გამოჩნდნენ (ფოტო, ვიდეო)

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს

"ახლა მთავარია, ადამიანებს აიძულონ, "ეს სიკეთე" მიიღონ" - როგორ შეხვდა აფხაზი მოსახლეობა რეგიონში რუსული ვაქცინის შეტანას?