ავტორი:

"მთხოვდა სელფებს საცურაო კოსტიუმში... მეუბნებოდა კომპლექსი არ გქონდესო" - ბათუმელი სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

"მთხოვდა სელფებს საცურაო კოსტიუმში... მეუბნებოდა კომპლექსი არ გქონდესო" - ბათუმელი სტუდენტი ლექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართა.

როგორც სტუდენტი აცხადებს, მას უნივერსიტეტის ლექტორი სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს წერდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მომხდარის გამო სტუდენტი გოგონა საგამოძიებო ორგანოში გამოიკითხა.

არსებული ინფორმაციით, სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებული ლექტორი - ო.მ აჭარაში "ქართული ოცნების" წევრია.

"სხვა სტუდენტები მაფრთხილებდნენ, რომ ეს კაცი გოგონებს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს ხშირად უგზავნიდა, მე არ მჭირდება დიპლომი, პატიოსნებაზე გაცვლილი" - განუცხადა მეორე კურსის სტუდენტმა გოგონამ AMBEBI.GE-ს.

იგი აცხადებს, რომ ბსუ-ს ლექტორი მის თანაკურსელების, ასევე მეოთხე კურსის სტუდენტ გოგონების სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა. სტუდენტის თქმით, ლექტორი ერთი კვირის განმავლობაში საცურაო კოსტიუმით სურათების გაგზავნას სთხოვდა.

"ერთი კვირის განმავლობაში მწერდა და მთხოვდა სელფების გაგზავნას საცურაო კოსტიუმით. ამბობდა, რომ კომპლექსი არ უნდა მქონოდა. მეკითხებოდა მამა ან ძმა თუ მყავდა, ანუ აინტერესებდა პატრონი თუ მყავდა და მის საქციელზე პასუხს თუ ვინმე მოსთხოვდა. თანაკურსელები და უფროსი სტუდენტები გვაფრთხილებდნენ, რომ ეს კაცი გოგონებს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს ხშირად უგზავნიდა და თავი უნდა აგვერიდებინა...

მე არ მჭირდება დიპლომი პატიოსნებაზე გაცვლილი. ახლახანს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს უკრაინაშია მივლინებით, რაც სიცრუეა. დღეს ჩემმა კურსელმა ქუჩაში შენიშნა... ლექტორმა გაიგო, რომ სექსუალური შევიწროების შინაარსის მქონე ტექსტების გამო შსს-ს მივმართე, როგორც გავიგე ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ თითქოს ფეისბუქი გაუტეხეს...

მესენჯერში მოდიოდა მისი ფოტოები, სელფები და ასევე წელს ქვემოთ გადაღებული ფოტოები. იმავე ფეისბუქ გვერდზე მისი პოლიტიკური აქტივობები შეარდებოდა და როგორ შეიძლება დავიჯერო ის ტყუილი, თითქოს ფეისბუქი გაუტეხეს?!

ფაქტის შესახებ ვაცნობე არასამთავრობებს, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. შსს-მ ფაქტი რომც არ გამოიძიოს, მე და ჩემმა კურსელებმა ყველას გავაგებინეთ, რომ ამ ადამიანს უნდა ერიდონ. ჩვენ არ დავესწრებით მის ლექციებს. ამით მინდა იმ სტუდენტებს დავეხმარო, რომლებსაც მსგავს თემებზე ხმამაღლა საუბარი უჭირთ",- აცხადებს ბსუ-ს სტუდენტი.

ბსუ-ის რექტორის მერაბ ხალვაშის თქმით, მას შემდეგ რაც მეორე კურსელმა გოგონამ ადმინისტრაციას მიმართა, საკითხზე ეთიკის კომისია მუშაობს:

"სტუდენტს აბსოლუტური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. როგორც მან მითხრა, ლექტორს მიმოწერა ჰქონდა. სტუდენტს მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების მცდელობას აქვს ადგილი ლექტორის მხრიდან. ეთიკის კომისია საკითხზე იმუშავებს, უნივერსიტეტის შინაგანაწესის სრული დაცვით იქნება საკითხი განხილული. თუ კომისია დაადასტურებს ბრალეულობას, რა თქმა უნდა, ლექტორთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდება.

თავად ლექტორი ამბობს, რომ ეს არის ცილისწამება და როგორც ვიცი, ეთიკის კომისიასთან თანამშრომლობას გეგმავს. ლექტორი ამ დროისათვის მივლინებაშია“ - განაცხადა ბსუს რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ