ავტორი:

"ულამაზესი მეგობარი გოგონა ჩამოიყვანა, ეჭვიანობას ვერ მალავდა" - რას ჰყვება პიერ რიშარის საქართველოში გატარებულ დღეებზე მისი სასცენო მეგობარი

"ულამაზესი მეგობარი გოგონა ჩამოიყვანა, ეჭვიანობას ვერ მალავდა" - რას ჰყვება პიერ რიშარის საქართველოში გატარებულ დღეებზე მისი სასცენო მეგობარი

ცნობილი დირიჟორი გელა ფარჩუკიძე იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ლეგენდარულ ფრანგ მსახიობთან პიერ რიშართან ახლო მეგობრობა აკავშირებს. მკითხველს შევახსენებთ, რომ გელა ფარჩუკიძე "ნიჭიერში" გამარჯვებული თბილისის ბიჭუნათა კაპელას ხელმძღვანელია. მისი და ლეგენდარული მსახიობის დამეგობრება 1995 წელს მოხდა, როდესაც პიერ რიშარი საქართველოში ჩამოვიდა. იგი ნანა ჯორჯაძის ფილმში "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" გადაიღეს, სადაც ფრანგი მოგზაურის პასკალ იშაკის როლს ასრულებდა, რომელსაც ქართველი ქალი უყვარდება. გელა ფარჩუკიძე მეგავარსკვლავთან დამეგობრებაზე გვესაუბრება:

-1995 წელს იყო ჩემი პირველი შეხვედრა უდიდეს მსახიობთან, არა სტატუსის და ტიტულის, არამედ თავის ზენიჭიერების გამო... მიუხედავად იმისა, რომ განებივრებული ვარ და ახლო მეგობრობა მაკავშირებდა კახი კავსაძესთან, გივი ბერიკაშვილთან, სხვა გამორჩეულ მსახიობებთან, პიერ რიშარის რანგის მსახიობზე შემიძლია ვთქვა, რომ ის არის საუცხოო... მას რომ ვხედავდი, ნამდვილი შოკი იყო! არსებობს ტერმინი "სარკისებური ოსტატობა" – უყურებ და ისე აკეთებ... მე მახსოვს აქაურმა მეგობრებმა გადაუხადეს დაბადების დღე, სადაც ცეკვები და სიმღერები მრავლად იყო. სიმღერაზე ბუნებრივია ვერ აყვებოდა, ქართული სიმღერა საოცარია მსოფლიოში, ცეკვებს კი უყურებდა და თვითონაც ისე იმეორებდა - "კინტაურს", "აჭარულს"... გავოგნდი ამ ყველაფერს რომ ვხედავდი.

თავიდან ასე ვთქვათ ძალიან ჯიგარი იყო, მერე კი დაიღალა გადამეტებული ყურადღებით და ცოტა ჩაიკეტა. ყველას მასთან სურდა ფოტოს გადაღება, მსახიობი იყო თუ გამვლელ-გამომვლელი... მასთან ფოტოს გადაღება საზღვარგარეთ დიდი თანხები ეღირებოდა და აქ კი ბავშვიდან დაწყებული ყველა ამას თხოვდა. ყველამ იცოდა ვინ იყო პიერ რიშარი, გადაღებები ბევრ ადგილზე იყო და შესაბამისად, ბევრგან გახმაურდა. მიუხედავად იმისა, რომ 1995 წელი იყო და სოციალური ქსელები არ არსებობდა, მალევე მოედო ქვეყანას და უამრავი ხალხი მოაწყდა. თავიდან ყველას შეეძლო მიახლოვებოდა, მაგრამ შემდეგ ცოტა შორს იჭერდა თავს და უკმაყოფილება ისმოდა, თავში აუვარდაო... თითქოს პიერ რიშარი კი არა, ვინმე დამწყები მსახიობი ყოფილიყო.

- თქვენი შეხვედრა როგორ მოხდა?

- მაშინ მქონდა პატივი მსახიობი მრქმეოდა, რაც შევიფერე (იუმორით და სიყვარულით ვამბობ ამ სიტყვებს)... ჩვენს შორის ძალიან თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. პიერ რიშარს ულამაზესი მეგობარი გოგონა ჰყავდა ჩამოყვანილი, რომელიც თუ არ ვცდები, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე იყო... ფილმშიც უცხოელი კაცის როლს თამაშობდა, ჩვენ კი - მისი მეგობრების. ჩვენი ანსამბლი ფილმში ხელოვნებას წარმოვადგენდით. მაშინ პიერ რიშარის მეგობარი გოგონა დაგვიახლოვდა. თუმცა იგი განსაკუთრებულად ახლოს არავისთან არ იყო, რადგან რაც არ უნდა ცნობილი მსახიობი იყოს, მამაკაცი მაინც ეჭვიანია და პიერ რიშარი ამას არც მალავდა. სურდა გოგონა სულ მისი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო. არ ვიცი ეჭვიანობის საბაბი რამდენად ჰქონდა, მაგრამ გოგონა მართლაც წარმოუდგენელი სილამაზის იყო. ფილმში ეს გოგონა ამიერკავკასიის წითელი არმიის გენერლის (რამაზ ჩხიკვაძე) მეგობარი გოგონას როლს თამაშობდა.

ჩვენ აქტიურად ვმღეროდით "კარმენის" ნაწყვეტებს და ეს პიერ რიშარს ძალიან აღაფრთოვანებდა. წარმოიდგინეთ, პარიზელი რომ ჩიკაგოში, რომში ან თუნდაც მოსკოვში ჩადის, იგივე არ გააკვირვებდა, მაგრამ საქართველოს რომელიღაც სოფელში რომ ფრანგულად ვასრულებდით, გაოცებას ვერ მალავდა. ჩვენს მიმართ ძალიან დიდი სიმპათიები გაუჩნდათ. ვერ დავიბრალებ, რომ მხოლოდ ჩემზე იყო ეს სიმპათიები, მაგრამ რადგან ვუკრავდი და ანსამბლის ხელმძღვანელი ვიყავი, ჩემთან პიერ რიშარი უფრო ახლოს იყო... იმდენად დავახლოვდით, თავის პარიზის საკონტაქტო ნომერი მომცა და მითხრა, ძირითადად იახტაზე ვცხოვრობ და რომ ჩამოხვალ, ერთად ვისეირნოთო. პარიზში რომ ჩავედი, დავურეკე, მაგრამ დაკავშირება ვერ მოხერხდა...

- 9 ლიტრიანი ყანწის დალევის ისტორია როგორ იყო?

- ეს ფილმის სცენარით იყო... მას ხომ სცენარის მიხედვით ქართველი ქალი შეუყვარდა და უამრავი ნაბიჯი მისი სიყვარულით გადადგა. თან კულინარიას ემსახურებოდა და ღვინოსთან მიბმული თემა იყო... აღარ მახსოვს ზუსტად რა საჭირო გახდა ამ კადრის გადაღება, მაგრამ ჩვენ ვიცით კინოს დაუნდობელი წესები აქვს და საბოლოო ვარიანტში უამრავი რამ ამოიჭრა. მაგალითად, შესანიშნავ მსახიობს – ჟანრი ლოლაშვილს სერიოზული დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ ფილმში მისი შესრულებით კადრები მთლიანად ამოჭრეს. ჩვენიც მიმიმუმამდე დავიდა. პიერ რიშარს ეს ყანწი დიდი პატივისცემის ნიშნად მიართვეს.

- ერთ გადაცემაში ხუმრობით უთქვამს, საქართველოში ათი კილო მოვიმატეო...

- არ არის გამორიცხული, რადგან გვარიანად გურმანია... ხაჭაპურს, ხინკალს და მწვადს რომ ყოველდღე მიირთმევ, ბუნებრივია წონაზე აისახება. საქართველოში მოგეხსენებათ, დაძალებაც როგორ გვიყვარს. მქონდა ბედნიერება ნანა ჯორჯაძის მეორე ფილმშიც ("ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა") მეთამაშა, სადაც ასევე თამაშობდა პიერ რიშარი. ჩვენ გადაღების დროს ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ, მაგრამ ისე მოგვიხდა შეხვედრა და არანაირი გახსენება არ ჭირდებოდა, თუ ვინ ვიყავი... რომ დამინახა – ო, გელა - დაიყვირა და ჩანდა, რომ გარდა ვარსკვლავური ამბიციებისა, გულწრფელად ბავშვური სიყვარულით სავსე გული აქვს, რომელშიც როგორც თვითონ მითხრა, ყველა ეტევა.

"მინდა ყველამ იცოდეს სიმართლე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას" - რას ამბობს ლევან რატიანი გარდაცვლილი ექთნის შესახებ

რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება ვაშლიჯვრის მეწყერსაშიშ ზონაში? - "ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო"

დროის რა პერიოდი უნდა გავიდეს ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან მეორემდე და დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია?