არჩენს ბუასილს დაჟინებული მზერით!!!

არჩენს ბუასილს დაჟინებული მზერით!!!

გამარჯობა, ჩემო კარგებო და კეთილებო!..

აუჰ, დამსიცხა... რა "კარგები და კეთილები" ამიტყდა, გამლახავს ვიღაცა... ჰო, მაგრად ცხელა... არა, მეტეოპროგნოზის მიხედვით, თქვენ რომ ამას წაიკითხავთ, კი უნდა იყოს უკვე აგრილებული, მაგრამ ახლა სამშაბათია, დღის 3 საათი და გაცოფებამდე არაფერი მიკლია... თანაც, ეს კომპიუტერის კეისი მიდგას აგერ, მარცხენა ფეხთან და ისეთი სასიამოვნო "სითბო" გამოდის!.. ჰოდა, მერე ვიღაცა იტყვის, "პროვოკატორობა" ადვილი საქმეაო!

ისე, ამ ტექნიკური პროგრესის დედა ვატირე, მიჩვევა იცის, თორემ მე დრო მახსოვს, ჯერ კიდევ ამ ათი წლის წინ - ჩავწვებოდი ცივი წყლით სავსე აბაზანაში, ხელში - ბლოკნოტი და კალმისტარი, პირში - სიგარეტი და მიდი, "აცხვე" პროვოკაციები! ახლა - აღარც ბლოკნოტი, აღარც კალმისტარი, აღარც სიგარეტს ვეწევი...

ვაა! ნაღდად მზემ დამკრა - რაებს ვწერ?!.

ისე, რა უჭირს, მზის დაკვრაც რომ მივიღო? ან თუნდაც მანქანაც რომ დამეჯახოს? ან, მოულოდნელად, კიბო რომ აღმომაჩნდეს? ანდა, სულაც სამსახურიდან რომ გამაგდონ?

რა უჭირს და - არაფერი! რატომ არ უჭირს და - ყველაფრის წამალი და საშველი არსებობს! სად არსებობს და - თბილისში (ადრე სენაკსა და ზუგდიდში "არსებობდა", ხანდახან თბილისიდანაც ითესება ხოლმე, "მორჩენილ-გადარჩენილთა" გადაჭარბებულ "სიყვარულს" ემალება, მაგრამ ამ დროს ისრაელსა და უკრაინაში "ვარსებობო" - ამბობს)! რატომ არსებობს და - უფალმა გვაჩუქა მისი თავი ჩვენ, ქართველებს! ოღონდ მამაზეციერმა, როცა ასეთი მადლი მოიღო ჩვენზე, იქვე აღნიშნა: ამ ბიჭს გიგზავნით და არ მიწყენინოთ - ყოველი მისი გაღიმება 300 ლარი ეღირება, ხოლო "დაჟინებულ მზერაზე" თვითონ დააზუსტებს ფასსო!

არადა, როგორც ამბობენ, ღიმილით თითქმის ყველა დაავადებას არჩენს, გარდა ბუასილისა, ხოლო ბუასილს - სწორედ ის "დაჟინებული მზერა" სჭირდება მტკივან ადგილას, გულში (თუ რაშიც არის) ჩამწვდომი, დაჟინებული მზერა!

ჰო, ალბათ მიხვდით, "ქართული პარაფსიქოლოგიის მამაზე" - ვინმე ირაკლი ლომაიაზე მოგახსენებთ. ეს "პარაფსიქოლოგიის მამა" ამ ბოლო დროს ჩვენს მედიასახლს შემოსწყრა და "ტირაჟს დაგიგდებთო" - დაგვემუქრა, მე კი ძალიან მაინტერესებს, სად არის მისი "შვილი" (ანუ "პარაფსიქოლოგია") და ვინ არის "პარაფსიქოლოგიის დედა"?! იქნებ მივსულიყავი, ვინმე საერთო ნაცნობ-მეგობარი გამომენახა და "მესიის რისხვას" ავრიდებოდით?.. აბა, მე ახლა კიდევ ტირაჟის "დაგდება" მინდა?! ამ პაპანაქებაში ისედაც წნევაც მივარდება და აწი კიდევ რა დამივარდება, ვინ იცის?! იარე მერე და იტარე "დაჟინებული მზერის" პროცედურები... ამან კიდე - ტირაჟსაც დაგიგდებთო...

არადა, რა კარგია ცივილიზებული და მშვიდი ევროპა - გერმანიაშიც გამოჩნდა ვიღაც ეგეთი, პაული ჰქვია, ფეხბურთის ანგარიშებს "ურტყამს ათიანში" და როგორც ამბობენ, - ავადმყოფობის დიაგნოზსაც უტყუარად სვამსო. მაგრამ კი არ "ბლატაობს", ზოგიერთი "პარაფსიქოლოგიის" ზოგიერთი "მამასავით" - ზის თავისთვის აკვარიუმში და თუ მიუტანენ საჭმელს, აირჩევს ერთ-ერთ თეფშს თუ ქვაბს, თუ არა და - არის თავისთვის ჩუმად. თანაც - რვაფეხაა! წარმოიდგინეთ: ეს ორფეხაა და რა დღეშია, რვა ფეხი რომ ჰქონდეს, "ტირაჟს დაგვიგდებდა" კი არა, შეიძლება, რედაქტორადაც დამჯდომოდა აქ, იმის მიუხედავად, რომ წერა-კითხვა "ეგერ-აგერ" იცის...

კაი, შევეშვათ, თავისი გაჭირვება ეყოფა...

საერთოდ, არ მიყვარს წინა "პროვოკაციაში" ნახსენები თემის გამეორება - "ხალტურად" მიმაჩნია, მაგრამ "მდგრადი განვითარების" (არა, არა - მაგრად ცხელა) მინისტრ ვერონიკა ქობალიას, პრესკონფერენციაზე, ნაცვლად - ხაზი მინდა გავუსვაო, წამოსცდა - ხაზი მინდა გავხსნაო! ცხადია, ჯერ გაურკვეველია, რა ხაზზეა ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობ, "მარშრუტკის ხაზი" არ უგულისხმია. უფრო, ალბათ, რომელიმე პარფიუმერიული ან ტანსაცმლის ბრენდის ხაზის გახსნა უნდა, მაგალითად, ასეთი სლოგანით: "მდგრადი სურნელი მდგრადობის სამინისტროსგან"!

სანამ ამ "პროვოკაციას" რედაქციაში გადავაგზავნიდი, ა, ამწუთას, მაგ ლომაიას ინტერნეტსაიტზე და "ფეისბუქის" პროფილში შევიხედე, იქნებ გვაპატია ამ კაცმა და შერიგებას აპირებს, რომ მოვდექი და ვლანძღავ-მეთქი...

P.S. ჰმ, შერიგებას კი არა, ლექსი დაუწერია, ოღონდ ასეთი:

"საქართველოში მე იმდენად გავხდი საქები,

სახელს იხვეჭენ ჩემი ლანძღვით ავაზაკები!"

"ერთი თხისკენ და მეორე მგლისკენო" - ნათქვამია: როგორც ვიცი, ყველა ტელეკომპანიას, ვინც ეს "ქართველი პაული" გააპიარა, მან მსუყედ გადაუხადა. ასე რომ, ძუნწი ნამდვილად არ არის. დარწმუნებული ვარ, ეს "ლექსიც", მიუხედავად იმისა, რომ ერთობ ბრიყვული რამ გახლავთ, თავისი დაწერილი არ არის და მინდა ვუთხრა: ეგეთ იდიოტობაში ფულის გადახდას თუ კიდევ დააპირებ, დამირეკე!

P.P.S სიცხემ მაინც თავისი ქნა - რა ხანია, "პარაფსიქოლოგიის მამასთან" კი არა, მამაჩემთან არ მილაპარაკია ამდენი...

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"