ავტორი:

"მწერმა თითქმის მთლიანად გაანადგურა უნიკალური კოლხური ბზა" - რა მდგომარეობაშია საქართველოს ტყეები ხანძრების შემდეგ და ვინ ზრუნავს მათ გადარჩენაზე

"მწერმა თითქმის მთლიანად გაანადგურა უნიკალური კოლხური ბზა" - რა მდგომარეობაშია საქართველოს ტყეები ხანძრების შემდეგ და ვინ ზრუნავს მათ გადარჩენაზე

საქართველოს ტყეებმა ქვეყნის ისტორის მსგავსად, დღემდე საოცარი გზა გამოიარეს. შორეულ წარსულშიც არ დაგვჭირდება წასვლა, გასახსენებლად უახლესი პერიოდიც გვეყოფა. გასული საუკუნის 90-იან წლებში ტყე უდიერად გაჩანაგდა, რაც უაზრო ჭრის გარდა, კლიმატმა და ინვაზიური მავნებლების შემოსევამ განაპირობა, ბოლოს კი გახშირებულმა ხანძრებმაც უდიდესი ზარალი მიაყენა ტყის მასივებს.

როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს დამსახურებული მეტყევე, მარინა სუჯაშვილი გვეუბნება, დაბინძურებული ჰაერი ტყეზე საოცარ ზემოქმედებას ახდენს. ის ტყის ნაადრევ დაბერებას იწვევს და ასეთ მდგომარეობაში მავნებლებიც ადვილად ერევა.

რაც შეეხება მავნებლებს, ჩვენს ტყეებში გავრცელებულია ქერქიჭამია, რომელიც ამ ეტაპზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამცხე-ჯავახეთშია თავმოყრილი. „მას 2013 წლიდან ვებრძვით. განთავსებული გვაქვს მწერმჭერები, რომლებიც გარკვეულ რაოდენობას იჭერს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ტყის სანიტარული ჭრები, რომ დროულად და სწორად განხორციელდეს,“ - აღნიშნავს ქალბატონი მარინა.

მისი თქმით, კიდევ ერთი დიდი ტკივილი, რაც ჩვენს ტყეს აქვს, ეს არის ბზა, რომელზეც მავნებელი ბზის ალურაა გავრცელებული. ის ინვაზიური მავნებელია და როგორც ამბობენ, სოჭიდან ოლიამპიადის დროს შემოტანილ მცენარეებს შემოჰყვა. რეალურად კი არავინ იცის, საიდან გაჩნდა, უბრალოდ, ასეთი ვერსია არსებობს, რომ ოლიმპიადის დროს შემოივიდა. ფაქტია, რომ ლამის გაანადგურა ბზის კორომები.

„ახლა ვცდილობთ, თუნდაც საკონსერვაციო მასალა შევინარჩუნოთ, რომ კალმები დავამზადოთ, სანერგეებში გავზარდოთ და ისევ ტყეში დავაბრუნოთ. რიგ მონაკვეთებზე სასიხარულო შედეგი გვაქვს, - მოზარდაღმონაცენია წამოსული. ხომ ვამბობ, ამასთან დაკავშირებით სულ მონიტორინგს ვატარებთ - სამი წელი ბიოლოგიურად ვწამლავდით - იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, მაგრამ სათანადო შედეგი ვერ მივიღეთ, როგორსაც ველოდით. ახლა არსებობს ბზის კორომების გადარჩენის გეგმა და საბჭოც, რომელშიც როგორც მეცნიერები, ასევე არსამთავრობო ორგანიზაციებია ჩართული. იმედს ვიტოვებთ, რომ კოლხური ბზა გადარჩება, რომელიც ჩვენი ენდემი და რელიქტია,“ - დასძენს რესპონდენტი.

- ხანძარები ქართული ტყის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. 2017 წელს ბორჯომის ტყეს დიდი ზიანი მიაყენა...

- 2017 წელს 943 ჰექტარი განადგურდა, მანამდე, 2008 წელს დაბის მიმდებარე ტერიტორია და ცოტა იქითაც (1000 ჰექტარი), რომელიც 2013-2016 წლებში (თითქმის ერთი ხეობა) აღვადგინეთ და ის ადგილი ხანძარმა ისევ მოსპო და მხოლოდ 10 ჰექტარამდე ფართობი გადარჩა. 2018 წლიდან თავიდან ვაშენებთ...

ბორჯომში უფრო მეტი სიმწვანეა ახლა, ვიდრე სამი წლის წინ იყო, ხის ჭრის შემდეგ გამოთავისუფლებულ ფართობებზე ვიწყებთ ტყის აღდგენას.

- ნახანძრალზე ტყის გაშენება სპეციფიკურია, რას მოითხოვს და რა თანმიმდევრობაა დასაცავი?

- კანონდებლობით, ტყის აღდგენა-გაშენება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი დამტკიცებული პროექტით. სხვაგვარად არ შეიძლება და არამარტო ნახანძრალზე, საერთოდ, ასეთი გახლავთ ტყის აღდგენის ღონისძიებები. სადაც ეს ხდება, იქ მანამდე ფართობის დეტალურად შესწავლა მიმდინარეობს. შესწავლილი უნდა იყოს კლიმატი, მცენარეული საფარი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიიღო გადაწყვეტილება, რა ღონისძიებები უნდა განახორციელო ადგილმდებარეობის შესაბამისდ, იმიტომ, რომ გვაქვს ბუნებრივი ტყეები და ის ისევე უნდა დარჩეს, როგორიც ბუნებამ გააჩინა, გაზარდა და დატოვა. ეს არის ჩვენი მისია.

ხანძრის შემდეგ ნიადაგი განიცდის ცვლილებას. პირველი ხანძრის შემდეგ, 8 წლის წინ, ყველანაირად შესწავლილ იქნა ნიადაგი - როგორც გეოლოგიურად, ასევე ჰიდროლოგიურად. ამასთან, შესწავლილი იყო მცენარეული საფარიც და სპეციალურ ლიტერატურასა და წყაროში დაცული მონაცემების მიხედვით მოხდა ყველა მონაკვეთის შესწავლა და კვლევა და მშვენიერი შედეგი გვქონდა. როდესაც ბორჯომში ტყე მეორედ დაიწვა, შესწავლა თავიდან მოხდა.

საბედნიეროდ, ნიადაგმა არ განიცადა დიდი რეგრესი, ერთი მონაკვეთია, რომლიც დავტოვეთ გაუშენებელი და უკვე თავიდან შესწავლის შედეგად, ღონისძიებებს დავსახავთ, თუ ნიადაგი ამის საშუალებას მოგვცემს.

დიდად რომ არ იყო დაზიანებული, ამის მაჩვენებლი ის იყო, რომ შემდეგ წელს, არამარტო ბალახოვანი საფარი წამოვიდა, რაც რეგრესის შემთხვევაში ნაკლებად ხდება, არამედ ძალიან ბევრია ბუნებრივად წამოსული ამონაყარი ვერხვის და მდგნალის, რაც დამახასიათებელია ნახანძრალი ტერიტორიისთვის.

- ე.ი ხანძრის შემდეგ თავისით მოდის ფოთლოვანები.

- მხოლოდ მაშინ, როცა საფარველი შეიქმნება. თუ მოთესვის საშუალება გამოჩნდა, დარჩენილია ეგზემპლარები, უკვე წიწვოვნები უნდა დაირგას, ან თვითონ გაიზარდოს.

ასე რომ, ტყე თვითონ გვეუბნება, როგორ უნდა დაეხმარო. ეს დახმარება კი ის არის, რომ იმ ზონაში ხელოვნურადაც ვაშენებთ.

- აშენებთ ძირითადად ფიჭვს. რატომ?

- იმიტომ, რომ ფიჭვი არის ე.წ. „პიონერი“ სახეობა, რომელიც ნახანძრალზე ყველაზე კარგ შედეგს იძლევა. დიდი დაქანების ფერდობებია და შესაძლებელია, ეროზია წარმოქმნას, ასეთ დროს ფიჭვი ნიადაგს, ნიდაგურ საფარს ამაგრებს და თან, კვებავს კიდეც.

- როგორ მოვუფრთხილდეთ ყველანი ერთად ტყეს?

- ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა საქონლის ძოვებაა.

მუხედავად იმისა, რომ ვღობავთ ყველა გასაშენებელ ფართს, მოსახლეობა მას ჭრის და იქ საქონელს უშვებს. არ უნდა გაჭრან და არ უნდა შეუშვან იქ საქონელი, რადგანაც იმ ფართობზე მოზარდაღმონაცენია, ახლად გაშენებული ტყე!

ამისთვის ბორჯომი შესანიშნავი მაგალითია, პლატოზე როგორც კი მოხდა სანიტარული ჭრები, მაშინვე ნერგები გავაშენეთ. 6 კმ-ზეა იქაურობა შეღობილი, მაგრამ არ უფრთხილდებიან. არადა, რაც გვაქვს, ის თუ არ შევინარჩუნეთ, არ ვიზრუნეთ მომავალზე, არ შევმატეთ თანამედროვე ტყეს რამე, ამაში მოსახლობა თუ არ დაგვეხმარა, სხვაგვარად გაჭირდება.

ამას დავუმატოთ პიკნიკები, რომელიც ტყეში იმართება. კარგია დასვენება, პიკნიკიც, ტყეში კოცონის დანთება, მაგრამ ყველაფერს თავისი წესები აქვს, რომელიც უნდა დავიცვათ. ტყის დაბინძურებაც არანაკლები პრობლემაა, საშინელება ხდება. ტყეს ისევ ჩვენი სიამოვნებისთვის უნდა გავუფრთხილდეთ. თუ არ გვექნება ტყე და გარშემო იქნება უდაბნო, შესაბამისად, არ გვექნება ჰაერი. სადაც ტყე არ არის, აღარც ცხოველია, ფრინველია... მეტყევეებმაც უნდა იმრავლონ. ერთ დროს ბევრნი იყვნენ და თუ დღემდე რამე მოვიდა, მათი წყალობით და დამსახურებით. ასე რომ, დავფიქრდეთ!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი