ავტორი:

რა უნდა იცოდეთ ტყეში ყოფნისას და როგორ დაიცავს ახალი რეგულაციები ბუნებას

რა უნდა იცოდეთ ტყეში ყოფნისას და როგორ დაიცავს ახალი რეგულაციები ბუნებას

მიუხედავად კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციებისა, ჩვენს ქვეყანაში ტყის ჭრას მაინც მუდმივი ხასიათი აქვს. ძირითადად, ეს ე.წ სოციალური ჭრის პრაქტიკას უკავშირდება, როცა მოსახლეობა ხის მასალას გასათბობად ან სადილის მოსამზადებლად იყენებს. გარდა ამისა, ტყეში ლაშქრობისთვის თუ პიკნიკზე წასულებს ალბათ შეგიმჩნევიათ უყურადღებოდ დატოვებული მბჟუტავი კოცონი ან პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი და ცელოფნის პარკები. ტყის განადგურება და დაბინძურება მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას ქმნის, რომელიც საბოლოო ჯამში, ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება.

ქალაქგარეთ, მაგისტრალზე მგზავრობისას ხშირად შეგხვდებათ ბანერი წარწერით „ნუ დააბინძურებ შენს სამშობლოს“, რასაც ცნობიერების ამაღლებაში თავისი წვლილი შეაქვს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რამდენიმე თვის წინ ტყის ახალი კოდექსი წარადგინა. კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, არსებულ ტყის კოდექსს სრულად ჩაანაცვლებს.

რა იგეგმება იმისთვის, რომ ჩვენი ბუნებრივი რესურსები მეტად დაცული იყოს და რა უნდა გავითვალისწინოთ ტყეში ყოფნისას, ამ საკითხებზე Ambebi.ge-ს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ესაუბრა.

როგორც სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს, კანონპროექტის თანახმად, შეიცვლება ტყეებისადმი არამდგრადი მართვის ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა და სატყეო მეურნეობები შეიქმნება.

„ტყის კოდექსში არ შედის ცვლილება, ეს იქნება ახალი კოდექსი, რომელიც მოქმედ ტყის კოდექსს აუქმებს. შემოდის ტყეების კატეგორიზაციად დაყოფა და კატეგორიების მიხედვითაც უნდა მოხდეს ტყეების მართვა. მთავარი მიზანია, მრავალფუნქციური ტყით სარგებლობის შემოღება, ქვეყანაში ეტაპობრივად ტყის მდგრადი მართვის დაფუძნება და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რაც მოქმედი კოდექსით იყო განსაზღვრული და ეს უნდა შეიცვალოს, „სოციალური ჭრის“ ფორმატის ეტაპობრივი ჩანაცვლება და სატყეო მეურნეობების ეტაპობრივად აღდგენა. ჩვენი მიზანია, რომ სატყეო მეურნეობების აღდგენამ, ერთი მხრივ, სოციალური ჭრის გაუქმება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში უზრუნველყოს და, მეორე მხრივ, ტყეების მდგრადი მართვა და ტყეები შენარჩუნება მოხდეს“, - აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.

მისივე შეფასებით, „სოციალური ჭრა“ საქართველოს ყველა რეგიონში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„მოქმედი კანონმდებლობით ბარში მოსახლეობას გათბობისთვის 7, ხოლო მაღალ მთაში 15 კუბურ მეტრ მერქანს ვაძლევთ, თუმცა შეიძლება, იყოს ისეთი შემთხვევა, რომ ზოგს მეტი ან ზოგიერთს უფრო ნაკლები სჭირდებოდეს. უფრო ენეგროეფექტურ მოხმარებაზე უნდა გადავიდეთ. ახალი რეგულაციით ეტაპობრივად გვინდა, რომ მეტყვეებმა და სატყეო საქმის სპეციალისტებმა მერქანი თვითონ დაამზადონ, თვითონ განსაზღვრონ, სად რა არის მოსაჭრელი, რამდენი შეგვიძლია, რომ საერთოდაც მოვჭრათ და შემდეგ მუნიციპალიტეტების მიხედვით მოეწყოს „საქმიანი ეზოები“, სადაც მოსახლეობას ექნება ლეგალური და კანონიერი წვდომა როგორც საშეშე, ისე სამასალე მერქანზე“, - აღნიშნა მან.

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ახალ ტყის კოდექსს თანმდევი პროცესები უნდა ახლდეს.

„ეს არის ენერგოეფექტურობის, ტყის ინვენტარიზაციის სერიოზული კომპონენტი და განათლება. ჩვენ 3 სასწავლებელში უკვე პროფესიული განათლების შეთავაზება დავიწყეთ. 2 წელია, ეს გრძელდება კაჭრეთში, ახალციხეში, წინამძღვიანთკარში, თუმცა უფრო ფართო მასშტაბები უნდა მიიღოს, რადგან ხშირ შემთხვევაში გვაქვს ფატალური შემთხვევები, როდესაც ბენზოხერხით თვითდაშავებები ხდება, ამიტომ ეს პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ“, - აღნიშნა მან.

ტყის ახალი კოდექსით გაუქმდება ტყის ფონდის არასწორი ცნება და შემოვა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) მისადაგებული ტყის განმარტება. ამასთან, სავალდებულო ხდება ტყის მართვის 10-წლიანი გეგმის მიხედვით ტყით სარგებლობა, მოვლა და აღდგენა.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ტყის მართვა ფუნქციური დანიშნულების მიხედვით მოხდება, ამიტომ ის 4 კატეგორიად დაიყოფა და ისეთი პრინციპით იმართება, რომ ხელი შეეწყოს ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური პრინციპების თანაბრად განაწილებას.

კარლო ამირგულაშვილი ვარაუდობს, რომ კანონპროექტი ძალაში 2020 წლისთვის შევა.

რაც შეეხება იმ ძირითად დეტალებს, რაც ტყეში ყოფნისას უნდა გავითვალისწინოთ, ისინი კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

„მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია და ახალ კანონშიც გადმოვა ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების გათვალისწინების საკითხი. აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს, სადაც შეიძლება ცეცხლის ანთება, ე.წ საპიკნიკე ადგილებს, ასეთ ადგილებში უნდა მივეჩვიოთ ცეცხლის დანთებას. აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ, რომ პიკნიკის დროს და თუნდაც, როცა პიკნიკი არ იქნება, კოცონი ჩამქრალი დავტოვეთ, ვინაიდან შეიძლება, შემდეგ ამან გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს.

ხშირ ტყეში და ხის ძირში ცეცხლის დანთება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ჩვენ რეგიონებში, გზის პირებზე გვაქვს სპეციალური ტრაფარეტები, რომლებზეც წერია, რომ არ შეიძლება ცეცხლის ანთება. როდესაც განსაკუთრებულად მაღალია ტემპერატურა, მაშინ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ასევე, უკანონო საქმიანობაა, ნარჩენის და ნაგვის დატოვება. ერთი მხრივ, ეს არ შეიძლება როგორც ესთეტიკური თვალსაზრისით, ისე დანაგვიანების გამო, რადგან შეიძლება, ასეთი სახის ნარჩენი თვითონ გახდეს ცეცხლის გამომწვევი და მაპროვოცირებელი. ერთი მხრივ, ეს დასჯადია და მეორე მხრივ, მოსახლეობაში უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, რომ ნარჩენებისგან გაჩენილმა ხანძარმა შეიძლება, დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწიოს“, - აღნიშნა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა.

ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, არსებობს სანქციები, რომელიც ზარალის მიხედვით განისაზღვრეაბა.

„საუბარია ასობით ლარზე, გააჩნია, რომელ ტერიტორიაზე ხდება კანონდარღვევა. შეიძლება, ამან 1000 ლარს გადააჭარბოს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს, თუკი გარკვეული კატეგორიის ტყეში არის ნაგავი და ნარჩენი დატოვებული ან ცეცხლი გავრცელდა. საურავი სხვადასხვა მეთოდით იზომება, მაგრამ აქ მაინც მთავარია, რომ ჯარიმები არსებობს. მხოლოდ ჯარიმებით ვერ ვუშველით, თუ არ ამაღლდება ცნობიერება და არ გავუფრთხილდებით ბუნებას“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ადგილებს, სადაც რეკრეაციული მიზნით სტუმრობა დაშვებულია, ის ნაკრძალებში არა, მაგრამ დაცულ ტერიტორიებში არსებობს.

„დაცული ტერიტორიების ზოგიერთ კატეგორიაში და ასევე ვიზიტორთა ზონებში მოწყობილია საკემპინგე ადგილები. დაცულ ტერიტორიებზე სათანადო ინფრასტრუქტურაც კი შემქნილია, კონკრეტული ადგილები ქვებით არის შემორაგული, საიდანაც ნაკლებია ცეცხლის გავრცელების საშიშიროება. არის ასეთი ადგილები, რომლებიც სპეციალისტებმა შეარჩიეს და შესაძლებელია იქ კოცონი დაინთოს. ბევრ ადგილზე, სადაც ტურიტული ბილიკები არსებობს, მათ შორის, დაცულ ტერიტორიებში, მინიშნებებია გაკეთებული, სად შეიძლება და სად არ შეიძლება ცეცხლის დანთება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა.

მისივე ინფორმაციით, ნაკრძალი ყველაზე მკაცრად დაცული ტერიტორიაა, რომელსაც ძირითადად, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო მიზნებისთვის იყენებენ. ეროვნულ პარკებში, დაცულ ლანდშაფტებსა და აღკვეთილებში კი შესვლა დაუბრკოლებლად არის შესაძლებელი.

„მაგალითად, აღვეთილში რესურსებით სარგებლობაც დასაშვებია, თუკი გონივრულად მოვიხმართ. მათ შორის თევზაობა, ძოვება და თიბვა. დაცული ტერიტორიების სააგენტო ადგენს, რა დოზით არის ეს შესაძლებელი და ამისთვის შესაბამისი მოსაკრებელიც არსებობს“, - აღნიშნა მან.

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული