"საფრანგეთი რუსეთს საქართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პატივისცემას ავალდებულებს" , - ამ სათაურით აჯამებს ფრანგული გაზეთი ”ლექსპრესი” საქართველოში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინიტრის ბერნარ კუშნერის ვიზიტს.
გამოცემის აზრით, საფრანგეთი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს, რათა მან პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან რუსეთის დაწყებული ომი დაასრულა, მაგრამ რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთიდან თავისი სამხედრო დანაყოფები არ გაიყვანა. გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ 2008 წლის აგვისტოში საფრანგეთმა შუამავლის როლი ითამაშა რუსეთ-საქართველოს 5-დღიან ომში.
”ჩვენ მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებდა რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბრუნებას კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე - რაც არ შესრულებულა და ჩვენ ამ მიმართულებით ძალისხმევას არ შევწყვეტთ”, - ციტირებს გამოცემა ბერნარ კუშნერის თბილისში, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას.
”ჩვენთვის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის ნაწილია და ვაპირებთ მუშაობას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და მაქსიმალურად პროდუქტიულად იმისათვის, რომ ეს რეგიონები კვლავ საქართველოს დაუბრუნდეს”, - ციტირებს ”ლექსპრესი” კუშნერის თბილისში გაკეთებულ განცხადებას.
გაზეთი აღნიშნავს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის 48-საათიანი ვიზიტი თბილისში, საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის სტუმრობის შემდეგ შედგა, რომელმაც თბილისს ურჩია არ მისცენ მოსკოვს საბაბი აგრესიული ქმედებებისათვის და დაძაბულობის შემთხვევაშიც, დიპლომატიის გზას მიმართონ.
გამოცემა წერს, რომ თბილისში ვიზიტისას კუშნერი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას და ხელშეწყობას დაპირდა და დასძინა, რომ ამ პროცესზე და ურთიერთობებზე რუსეთი ვეტოს დადებას ვერ შეძლებს.
”ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებებში, რომ ის ბლოკის ასოცირებული წევრი გახდეს. რუსეთი ვერ გადაწყვეტს ვინ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი”, - განაცხადა კუშნერმა თბილისში ვიზიტისას.