ავტორი:

"ჩვენს უკან მთელი არმია დგას" - გააერთიანებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი "ოცნების ძველ გვარდიას" 2020 წლის არჩევნებისთვის

"ჩვენს უკან მთელი არმია დგას" - გააერთიანებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი "ოცნების ძველ გვარდიას" 2020 წლის არჩევნებისთვის

არჩევნები დასრულდა, თუმცა ბიძინა ივანიშვილს „ოცნების“ ძველი გვარდია აღარ გახსენებია. თავად ყოფილი დეპუტატები პარტიის პოლიტიკურ მდივანს თავს ახსენებენ და იმედი აქვთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მაინც არ მიატოვებს მათ და ქვეყნის სადარაჯოზე კიდევ ერთხელ გააერთიანებს.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდნეტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილმა დასახმარებლად პარტიის „ძველ გვარდიას“ უხმო და აღიარა ის შეცდომები, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაუშვა. მაშინ "ძველ გვარდიაში" ყოფილმა პრემიერმა ის ადამიანები იგულისხმა, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის მიღმა დარჩნენ, მათ შორის, ომარ ნიშნიანიძე, დავით ლორთქიფანიძე, ლუკა კურტანიძე და სხვები.

„მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლო 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში - საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა...

მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ“, - აცხადებდა მაშინ ბიძინა ივანიშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა, თუმცა ივანიშვილს, როგორც ჩანს, ძველი გვარდია აღარ ახსოვს. მხოლოდ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გაახსენდა, რომელიც პარტიის სათავეში დააბრუნა.

გახდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის „ძველი გვარდიის“ გაერთიანების საფუძველი, შუალედური არჩევნების შემდეგ გაირკვევა. ყოველ შემთხვევაში, პარტიის ე.წ ძველი გვარდია ღარიბაშვილის აქტიურობას ელოდება. ცოტა ხნის წინ მათ შეხვედრა გამართეს მმართველი პარტიის პოლიტიკურ მდივანთან და თავიანთი გულისტკივილი კიდევ ერთხელ გაუზიარეს.

"შეხვედრა მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან. პირადად მე გამოვიჩინე ინიციატივა, რა ხდება, როგორ ხდება და საჭირბოროტო საკითხები განვიხილეთ. ვიცი ჩემს რეგიონში რა ხდება, ამიტომ ავუხსენი ყველაფერი. გვითხრა, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ შეგეხმიანებითო და ვნახოთ, რა იქნება. სიმართლე გითხრათ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თვეები გავიდა, თუმცა აქტივობები არ შეიმჩნევა. ცოტა ხანი კიდევ დავიცდი და მერე შევეხმიანები კიდევ.

პირდაპირ ვუთხარი, ჩვენს აზრს თუ ვერ გაითვალისწინებ და 2020 წლის არჩევნებისთვის კიდევ მოგვადგები, მერე ვეღარ გიშველით-მეთქი. აქედანვე უნდა გადაიდგას ნაბიჯები.

არ ვიცი, აპირებდნენ თუ არა ჩვენთან საერთოდ შეხმიანებას, მაგრამ მაისამდე დავიცადე და მერე მე პირადად დავუკავშირდი. ჩემს უკან მთელი არმია დგას. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ღარიბაშვილთან, კმაყოფილი ვარ, რაღაცები ჩაინიშნა და მითხრა, შეგეხმიანებიო“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს ყოფილმა დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა კიდევ ერთი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძეც. მას იმედი აქვს, რომ „ოცნების“ „ძველი გვარდიის“ გაერთიანების საფუძველი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა პარტიის პოლიტიკურ მდივანთან ირაკლი ღარიბაშვილთან. გავიარეთ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. უკმაყოფილება, რომელიც ჩვენ გვქონდა ბევრ შემთხვევაში, მასაც ანალოგიური განწყობა აქვს და კარგად ესმის ჩვენი. მან ასევე ხაზი გაუსვა კოჰაბიტაციის თემასაც, რომელიც საკმაოდ დამაზიანებელი აღმოჩნდა მმართველი პოლიტიკური გუნდისათვის. ჩვენ, ფაქტობრივად, ჩამოვყალიბდით, რომ შეუალედური არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვდებით და ველოდებით მას.

შეხვედრა მოხდა ერთბილივი ინიციატივით. ამის შემდეგ ორმხრივი პოზიცია მიმართულია თანამშრომლობისაკენ“, - გვითხრა ლორთქიფანიძემ.

წინა მოწვევის პარლამენტის წევრის ლუკა კურტანიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი მოწოდება ყველასთვის გასაგებია. ამბობს, რომ იგი თავს მიტოვებულად და დავიწყებულად არ გრძნობს.

“ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ, ის კი ერთი ადამიანია. ვფიქრობ, მისი ერთი მოწოდება ყველასთვის გასაგები იყო. ყველა უნდა გავუფრთხილდეთ და მეც ასე ვუფრთხილდები. სანამ ცოცხალია ბიძინა ივანიშვილი, ქართულ პოლიტიკაში მიტოვებულად არ ვგრძნობ თავს. მისი საქმიანობა ეფუძნება იდეას, რომ სამშობლოსთვის აკეთოს რაც შეიძლება მეტი. სანამ ის ცოცხალია და მისი იდეა ცოცხალია, მანამდე მიტოვებულად არ ვიგრძნობ თავს", - გვითხრა კურტანიძემ.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის მიმართვას წინ უსწრებდა პარტიის ყოფილი წევრის - ზურაბ ზვიადაურის განცხადება, რომ მეგობრებთან ერთად ჩაუდგებოდა სათავეში სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას. ზვიადაურს ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი გამოეხმაურნენ, რომლებმაც ანალოგიურად გამოთქვეს მზადყოფნა იმისა, რომ ხელისუფლების სათავეში "ნაციონალების" დაბრუნება არ დაუშვან.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები