ავტორი:

ხორავას ქუჩა. 01.12.2017. 14:00 - ტრაგედია, რომელიც ათეულობით ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა

ხორავას ქუჩა. 01.12.2017. 14:00 - ტრაგედია, რომელიც ათეულობით ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა

ვინ მოკლა, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხადრი სისხლიანი გარჩევისას, არასრულწლოვანი დათუნა სარალიძე? - ამ კითხვას პასუხი, ტრაგედიიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ნაწილობრივ გაეცა. საქმესთან დაკავშირებით დღემდე უამრავი შეკითხვა არსებობს და, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, სამართლიანობაც მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა.

2017 წლის ზამთრის პირველმა სუსხიანმა დღემ ათეულობით ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, თუმცა ორი ადამიანისთვის 1 დეკემბერი საბედისწერო აღმოჩნდა. დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სკოლიდან სახლში აღარ დაბრუნებულან, მათ თვალებში სიცოცხლე სამუდამოდ ჩაქრა. ტრაგედიამ დიდი დაღი დაასვა უამრავი ადამიანის ოჯახს. გ.ჯ., გ.ბ., დ.ღ., მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე ზაქარია წინწკალაძე, გიორგი შაბურიშვილი და ლუკა კალანდია - ეს იმ ადამიანიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაკავეს. ნაწილი რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს, ნაწილს კი გისოსებს მიღმა ყოფნა წლების განმავლობაში მოუწევს.

"შავი პარასკევი"

51-ე სკოლაში 9 საათზე ზარი ჩვეულებრივ დაირეკა. სკოლის მოსწავლეები, ტრადიციულად, სწავლას შეუდგნენ. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მეორე დღეს ამ სკოლაში წიგნებსა და კალმებს სანთლები ჩანააცვლებდა და ორი თანასკოლელის გამოტირება მოუწევდათ...

ოფიციალური ვერსიით, არასრულწლოვნებს შორის კონფლიქტი 51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში დაიწყო: მეცხრე კლასელები - თ.ჩ, ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის შვილი ა.ს. და უფროსკლასელები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით კონფლიქტმა საპირფარეშოდან სკოლის გარეთ, ხორავას ქუჩაზე გადაინაცვლა. მეცხრეკლასელმა ა.ს.-მ, უფროს კლასელებთან გასამკლავლებლად, დახმარებისთვის ნათესავს, მიხეილ კალანდიას დაურეკა. დაახლოებით, 14 საათზე კალანდიამ 51-ე სკოლასთან მეგობრები მიიყვანა, სადაც მათ ა.ს. და თ.ჩ. შეუერთდნენ. მალავე არასრულწლოვნებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე სასიკვდილოდ დაიჭრნენ. მკვლელობაში ბრალდებული გ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. კიდევ ერთი არასრულწლოვანი გ.ჯ. კი პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა. ასევე, დანაშაულის დაფარვაში ბრალი წაუყენეს ხუთ პირს. მათგან სამი სრულწლოვანია და სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანარჩენ ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

იმავე საღამოს, მაშინ, როცა გამოძიება ჯერ მხოლოდ ოთხი დღის დაწყებული იყო, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია. შემთხვევიდან ერთ კვირაში იმდროინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგამოძიებო უწყებები შეაქო და თქვა, რომ ყველას გაუქრა ეჭვი, რომ შეიძლებოდა, ვინმე ამ ტრაგედიის შემდეგ დაუსჯელი დარჩენილიყო.

როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი?

საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 22 იანვარს დაიწყო. დაიკითხა საქმის ათობით მოწმე. პროცესები დაკავებულთა ნათესავების ცრემლებისა და ემოციური რეპლიკების ფონზე მიმდინარეობდა. პირველივე სხდომაზე დაცვის მხარე აღნიშნავდა, რომ საქმე არ არის სრულყოფილად გამოძიებული. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის თქმით, არ იყო დადგენილი ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც აწუხებდა საზოგადოებას.

ჯგუფურ დანაშაულზე საუბრობდა დათო სარალიძის მამაც ზაზა სარალიძე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს ადებდა ხელს. მარტის ბოლოს დაიკითხა მიხეილ კალანდია, რომელიც პირველ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა და ე. წ. პირდაპირი მოწმეა. ეს ის მოზარდია, რომელიც 51-ე სკოლასთან დეიდაშვილის, მირზა სუბელიანის შვილის თხოვნით მივიდა და "საქმის გასარჩევად" მეგობრები მიიყვანა.

კალანდიამ ჩვენება ხუთჯერ შეცვალა. სამჯერ გამოძიებისას, ორჯერ კი სასამართლოში, ფიცის ქვეშ. კალანდიამ პირველად თქვა, რომ ბრალდებულ არასრულწლოვნებს ჩხუბის დროს დანა არ ჰქონიათ. მომდევნო პროცესზე კი მოწმემ ჩვენების შეცვლა გასულ პროცესზე ბრალდებული მეგობრების დაცვის სურვილით ახსნა. კალანდიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა დანას. მან ასევე თქვა, რომ თავად მოგვიანებით, რამდენიმე წამით შევიდა ფარდულში გასაშველებლად. კალანდიას მიერ შეცვლილი საბოლოო სცენარი პროკურატურის ვერსიას ემთხვევა. საბოლოოდ, პროკურატურამ კალანდია "ოქროს მოწმედ" მიიჩნია და წელიწადნახევრის განმავლობაში "ცივ ნიავს" არ აკარებდა.

სარალიძისა და დადუნაშვილების ოჯახის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. "ბავშური დაპირისპირების" გამო ორი ოჯახი შავად შეიმოსა ათეულობით სრულწლოვანი თუ არასრულწოვანი ადამიანი კი სამუდამოდ დაღდასმული დატოვა. ყოველ შემთხვევაში, პირველი დეკმებრი ბევრის მეხსიერებაში დიდი ხნის განმავლობაში იქნება აღბეჭდილი. განვლილი წელიწადნახევრი მძიმე და რთული აღმოჩნდა მკვლელობაში ბრალდებულთა ოჯახებისთვისაც. მათ შორის პროკურორის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანისთვის, რომელიც შემთხვევიდან, დაახლოებით, ერთ წელიწადში დააკავეს. იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ამიტომ ციხეში თავის მოკვლაც კი სცადა.

"აი, ძალა აღარ მაქვს უკვე ამ დღეების მერე, არც ახსნის, აღარც ბრძოლის… უბრალოდ არ მესმის, იქნებ ვინმემ ამიხსანს... როცა შენს 14 წლის შვილს ადებს 6 მეთერმეტე კლასელი ირაღს სკოლაში და ბავშვი არ ამბობს, ოჯახში რომ არ დატრიალდეს უბედურება და თავის 16 წლის დეიდაშვილს სთხოვს დახმარებას, რის შემდეგაც რიგდებიან მოსულები და დამხვედრები… და ამის შემდეგ ისინი, ვისაც არ ეხებოდა ეს საქმე, ერთ-ერთის უზრდელობის გამო, ერთმანეთში იწყებენ გარჩევს, რასაც მოყვა ეს ტრაგედია… ვერანაირად ვერ გავამართლებ მკვლელს, რა ნამუსით?! პასუხი ყველამ უნდა აგოს და პირველ რიგში, იმ უფროსკლასელებმა და მათმა ოჯახებმაც, ვინც ვერ გაზარდა შვილი კაცად, გაზარდა "მოძველბიჭო" ელემენტი, რომელიც ჩაგრავს პატარას, აი, ზემოთ ჩამოთვლილი მენტალიტეტის გამო, იმიტომ, რომ მეორე პროკურორის შვილია… ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ის ბავშვი, რომელსაც დაადეს იარაღი უფროსკლასელებმა, ჩემი ძმისშვილია, ის თანამდებობის პირი, რომელიც თურმე, შვილს და თან მკვლელს ხელს აფარებს ჩემი ძმა… და ეს მაშინ, როცა ეს "მამიკოს ბიჭი" ჩემი ძმისშვილი მკვლელობასაც არ შესწრებია, რადგან უკვე შერიგებული იყო... იმ დღესვვე ჩააბარა ჩემმა ძმამ პროკურატურას, იმ დღესვე დაწერა განცხადება თანამდებობიდან წამოსვლაზე ჩემმა ძმამ, რომ ვინმეს არ ეფიქრა, გამოძიებაზე ზეწოლა იქნებოდა… ის და მისი დეიდაშვილი დღემდე დაკითხვაზე არიან და დაიღუპნენ სრულიად უდანაშაულო ბავშვები და მე აქ ვკითხულობ, რომ ვიღაც მამიკო და ოჯახი ხელს აფარებენ მკვლელს სადისტს, თან თურმე ძველი ბიჭიც ყოფილა. პროკურორის შვილი და ძველბიჭობა... რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა დაისაჯოს მკველი უმკაცრესი სასჯელით, უბრალოდ… ვინ აგებს პასუხს ჩემი ძმიშვილის დანგრეულ ფსიქიკაზე და მომავალზე, ან იმაზე რომ ესეთი "მოძველბიჭო" ტიპები კიდევ არ შეიწირავენ სხვა ოჯახებსაც... იმდენი ტვინი ეყოთ იქნებ მშობლებს, თავისი შვილების უსაფრთხოებისთვის, პასუხი აგებინონ იმ ოჯახებს, ვინც ესეთებად ზრდის და იარაღით უშვებს შვილს სკოლაში. აი, ესაა დასაწერი, თორე ის ზღაპრები არაფერს ცვლის, არის ვიდეოკამერის ჩაწერები დ გასაჯაროვდება, სადაც ნათლად ჩანს, ვინაა მკვლელი და ისიც, რომ ჩემი ძმიშვილი იმ დრო იქ აღარ იყო, დანარჩენი ყველა აგებს პასუხს ესეთი ცილისწამებისათის… რაც შეეხება იმას, რატო მაინც და მაინც ის გამოჩნდა ამბავში, ეს მამის თანამდებობის გამო, სხვა ნებისმიერი ჩინოვნიკის შვილი ყოფილიყო მასზე გადატყდებოდა, ხალხს უყვარს და მოსწონს მსგავსი და იმიტომ, რომ უფრო ლამაზად ჟღერს ზღაპრები", - წერდა სოცალურ ქსელში მირზა სუბელიანის და.

პირველი დეკემბრის ტრაგედიამ დაღი დაასვა ერთ-ერთი სასულიერო პირის ოჯახს. ერთ-ერთი ვერსიით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში დეკანოზი შიო მენაბდის შვილიც მონაწილეობდა. ითქვა ისიც, რომ მამამისმა არასრლწლოვანი ეკლესიის გავლენით დაიცვა. რის გამოც მის ოჯახს თავის მართლება არა ერთხელ მოუწია.

"ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული ყოველ თქვენგანს. მოგმართავთ ბოლო დროს მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელმაც შეძრა საქართველო და, სამწუხაროდ, შეეხო ჩემს ოჯახსაც... მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვცდილობ, ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ. ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ხუთი თვის განმავლობაში მრავალგზის იყო დაკითხვაზე, მათთან ერთად ვიყავით მშობლებიც და, რა თქმა უნდა, შევხვდით გარდაცვლილების მშობლებსაც და ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს.

მოგმართავთ ყველას, ვისაც ნამდვილად გული შეგტკივათ მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო: ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თავი შეიკავეთ ნებსით თუ უნებლიე ცილისწამებისაგან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდებს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს", - ეს განცხადება გასული წლის ზაფხულში შიო მენაბდემ გაავრცელა.

ემოციურად დატვირთლი წელიწადნახევარი აღმოჩნდა პროკურატურის "ოქროს მოწმისთვისაც". ჩინოვნიკების „დაცვის“ მიუხედავად, მთელი ამ ხნის განმავლობაში კალანდიების ოჯახი ცილისაწამებასა თუ შეურაცხოფას ჩუმად იტანდა. თუმცა, ორი დღის წინ საეპალაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ოქროს მოწმეს“ ჯგუფურ დანაშაულში ბრალი წაუყენეს - გ.ჯ.-ს და გ.ბ-ს გვერდით მიუსვეს.

"ამდენი ხანი ხმას იმიტომ არ ვიღებდით, რომ დიდი ტრაგედია მოხდა დადუნაშვილებისა და სარალიძეების ოჯახში. ჩუმად რომ ვიყავით, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ დამნაშავეები ვიყავით. ჩვენი ტრაგედია იმ ტრაგედიასთან არაფერი არ იყო, მაგრამ ამ წუთას ჩემი ოჯახი იჩაგრება. რამდენი ზეწოლა შეურაცხოფა, ცილისწამება გადავიტანეთ და ხმა არ ამოგვიღია. ახლა ნამეტანი ქნეს გადააჭარბეს - თავიანთი სავარძლები, რომ შეინარჩუნონ, ამის გულისთვის სარალიძები და დადუნაშვილები გაწირეს, ახლა კალანდიებიც და კიდევ რამდენიმე გვარს გაწირავენ, ოღონდ თვითონ იყვნენ მშვიდად და წყნარად. 6 შვილი მყავს, დიასახლისი მეუღლე, პენსიონერი დედა და ჩემი დაჭერით დატოვეს ოჯახი ლუკმა-პურისა და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე. 8 თვე ციხეში მაყურყუტეს და კიდევ 2 ბიჭი, რომლებიც აბსოლუტურად უდანაშაულები ვიყავით. 9 თვე ჩვენი სასამართლო ვერ დაამთვარეს, იმიტომ, რომ ბერკეტი ჰქონდეთ ხელში, რომ ხმა აღარ ამივიღოთ. როგორც კი ბრძოლას დავიწყებ, გარანტიას გაძლევთ, რომ მეც და ჩემს შვილსაც დაიჭერენ და ყველას უკან შეგვააბრუნებენ, იმისათვის, რომ ხმის ამომღები არ დავრჩეთ გარეთ და სიმართლე არ ვილაპარაკოთ. 9 თვე ორი ადამიანის დაკითხვას მოანდომეს, მათ შორის ერთი არის ჩემი შვილი და მეორე ნაკაიძე გ.ჯ-ს ბიძა, რომლის წყალობითაც ხდება ეს ყველაფერი. ნაკაიძემ უაზროდ დიდი ფულები დახარჯა, მიტინგები აფინანსა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი შვილი არ მჯადრიყო მარტო ციხეში და ჩემიც მიუსვა გვერდზე. გამოუვიდა, მაგრამ ამას არ შევარჩენ, ყველას აბსოლოტურად, ვინც კი მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში - გამომძიებელი, კარისკაცი, პროკურატურა თუ სამართველოს უფროსი - ყველას მოვთხოვ პასუხს.

წელიწადნახევარი ამტკიცებდნენ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო, ახლა უცებ გამოსავალი რომ აღარ დარჩათ, ჩემი შვილი დაიჭირეს და ხელი შეახოცეს. ამას ასე არ დავტოვებ. ბრძოლა გაგრძელდება აუცილებლად", - უთხრა AMBEBI.GE-ს თენგიზ კალანდიამ.

კიდევ ერთი დაკავებული დ.ღ სასჯელს ცრუ ჩვენების მიცემითვის იხდის, თუმცა როგორც დედამისი ამბობს, მისი შვილი უდუნაშაულოა.

გზა სკოლიდან სასამართლომდე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დაიკითხა ათეულობით ადამიანი. მათ შორის სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, გარდაცვლილის კლასელები და ჩხუბში მონაწილე ადამიანები. სასამართლო პროცესები საკმაოდ ემოციური იყო ამ ოჯახებისთვის, იყო ცრემლიც და ტკვილიანი რეპლიკებიც... საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის 40-დღიანი გამოძიება თავდაყირა დააყენა. სასამართლომ ბრალდებული ორივე არასრუწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა. ერთ-ერთი მოზარდი დამნაშავედ სცნეს მხოლოდ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. სასამართლოს განაჩენით, დავით სარალიძის მკვლელი უცნობია. გ.ჯ. დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და არა მკვლელობაში. გ.ბ. დამნაშავედ იყო ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში, თუმცა მას ამ დანაშულისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით 9 თვით ნაკლები სასჯელი ჰქონდა მისჯილი.

ჩემი შვილის მკვლელი უცნობია - სწორედ, ამ ფრაზით დატოვა ზაზა სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლო და პროტესტის ნიშნად, მთავარ პროკურატურასთან გადაინაცვლა. ის ყველას გადადგომას ითხოვდა, ვინც დამნაშავეებს ხელი დააფარა. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ხალხი ქუჩაშც გამოვიდა და ამან მთავარი პროკურორის სავარძელიც შეიწირა.

მასობრივი პროტესტის ფონზე ირაკლი შოთაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და თანამდებობიდან გადადგა. თუმცა პროტესტს, ასეა თუ ისე, მაშინ შედეგი არ გამოუღია.

შეიქმნა საგმოძები კომისიაც, სადაც ორი - უმცირესობისა და უმრვალესობის დასკვნა დაიდო.

წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრი საუბრობდა ჯგუფურ დანაშაულზე, თუმცა პროკურატურა ამას კატეგორიულად უარყოფდა, ვიდრე სააპელაციო სასამართლომ განაჩენი არ გამოიტანა.

"ბილაინი" კომპანიებს სთავაზობს სმს პორტალს, რომელიც Big Data-ს დამუშავების შედეგად სასურველ მიზნობრივ სეგმენტზე შეტყობინების გაგზავნის შესაძლებლობას იძლევა

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

სემეკმა „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის ფარგლებში კომუნალურ კომპანიებში დარღვევები გამოავლინა