ავტორი:

„პალიტრა L” შემოდგომაზე „კვირის პალიტრასთან“ ერთად „ბიბლიის განმარტებებს“ გამოსცემს - „მისი უწმინდესობა პირველ გამოცემას სულმოუთქმელად ელოდება“

„პალიტრა L” შემოდგომაზე „კვირის პალიტრასთან“ ერთად „ბიბლიის განმარტებებს“ გამოსცემს - „მისი უწმინდესობა პირველ გამოცემას სულმოუთქმელად ელოდება“

გამომცემლობა „პალიტრა L” და ჟურნალ „კარიბჭის“ სარედაქციო ჯგუფი უდიდეს პროექტს იწყებენ - ეს „ბიბლიის განმარტებების“ გამოცემაა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

პროექტთან დაკავშირებით, „პალიტრა L”-სა და ჟურნალ „კარიბჭის“ თანამშრომლები პატრიარქს ესტუმრნენ და მისგან ლოცვა-კურთხევა მიიღეს, ასევე, საჩუქრად გადასცეს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოცემული ლოცვანი, რომელიც „კარიბჭის“ ჯგუფის მიერ მომზადდა.

ჟურნალ „კარიბჭის“ მთავარმა რედაქტორმა და „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორმა თამარ მამაცაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს წარუდგინა ახალი პროექტი და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თამარ მამაცაშვილმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ „ბიბლიის განმარტებების“ პირველი წიგნები გამოსაცემად უკვე მომზადებულია და მკითხველი მის შეძენას შემოდგომაზე, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეძლებს. აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობს საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანების ჯგუფი, რომელშიც ჩართულები არიან სასულიერო პირები და ბერ-მონაზვნებიც.

„მთელი ბიბლიის მუხლობრივი განმარტება წმინდა მამათა მიხედვით ქართულ ენაზე დღემდე არ არსებობს. ამ გამოცემის განსაკუთრებულობა არის ისიც, რომ ეს განმარტებები არ იქნება მხოლოდ სასულიერო განათლების მქონე ადამიანებისთვის, ვცდილობთ, რომ რთული საღვთისმეტყველო ტექსტები მაქსიმალურად მარტივად მივაწოდოთ მკითხველს, რათა ის ყველასთვის გასაგები და ადვილად აღსაქმელი იყოს. ამდენად, ეს პროექტი ყველა ჩვენგანისთვისაა“, - აღნიშნა თამარ მამაცაშვილმა.

„ბიბლიის განმარტებები“ წიგნის თითოეული მუხლის შინაარსის ახსნას მოიცავს, რომელიც წმინდა მამების ნაშრომებიდან არის ნათარგმნი.

ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის ავტორი მოსე წინასწარმეტყველი გახლავთ. „ბიბლიის განმარტებების“ სერიის პირველ ტომში მკითხველი „დაბადებისა“ და „გამოსვლის“ განმარტებებს გაეცნობა. წიგნი „დაბადება“ მოგვითხრობს სამყაროს შექმნის ისტორიას. „გამოსვლაში“ კი მოთხრობილია, როგორ გამოიყვანა ებრაელი ერი ეგვიპტის მონობიდან მოსე წინასწარმეტყველმა უფლის შემწეობით.

როცა ბიბლიას და მის განმარტებებს კითხულობ, საკუთარი თვალით, გონებითა და გულით რწმუნდები, რომ ეს არ არის წიგნი წარსულზე, ოდესღაც მომხდარ ამბებზე - ბიბლია მარადიული წიგნია, მასში ყოველი ადამიანი ყველა კითხვაზე ნახავს პასუხს. ოღონდ გადავშალოთ და გული დავუდოთ, წმინდა მამათა განმარტებები კი მის გაგებაში უთუოდ დაგვეხმარება. ვიმედოვნებ, რომ „ბიბლიის განმარტებების“ პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა იქნება და ათასობით ადამიანის სამაგიდო სერია გახდება“, - აღნიშნა პროექტის ავტორმა თამარ მამაცაშვილმა.

ჟურნალ „კარიბჭის“ მთავარი რედაქტორის თქმით, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი პროექტის შინაარსს გაეცნო, ერთი სიტყვით შეაფასა და განაცხადა, რომ „შესანიშნავია".

შეხვედრას ესწრებოდა სასულიერო სემინარიის ბიბლეისტიკის კათედრის წარმომადგენელი, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი, რომელიც გაეცნო პირველ წიგნს, დადებითად შეაფასა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და პატრიარქსაც მოახსენა ამის შესახებ.

დეკანოზმა AMBEBI.GE-ს „ბიბლიის განმარტებებთან“ დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და პატრიარქის მოლოდინები გაუზიარა.

„მადლობა ღმერთს, ბიბლიის ტექსტი ზოგადად, გამოცემულია და მრევლისთვის ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია, მაგრამ რადგანაც წმინდა წერილი ბევრ სიღრმეს შეიცავს და გარკვეული კონტექსტები ჩვეულებრივი ადამიანისთვის და ზოგჯერ სასულიერო პირისთვისაც გაუგებარია, ამიტომ არსებობს მამათა კომენტარები ანუ განმარტებები. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანმა წმინდა წერილი განმარტებებით იცის, რათა მის სწორ აზრს ჩაწვდეს.

წმინდა წერილის სწორად გააზრება არის ყველაზე მთავარი. ეს ყველა ქრისტიანისთვის სავალდებულოა და ახალი გამოცემა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ყოველი თავის შემდეგ მამათა განმარტებებია მოყვანილი. აღნიშნული განმარტებები მნიშვნელოვანია, მათ შორის, სასულიერო სასწავლების სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათ შორის, სასულიერო პირებისთვის, რომ ბიბლიის ამა თუ იმ მუხლის შინაარსში გაერკვენ. ადამიანს აღარ მოუწევს განმარტებების სხვადასხვა წყაროში ძებნა, უკვე მრევლიც გაცნობიერებული იქნება და უფრო შინაარსიანი გახდება ქრისტიანული ცხოვრება და საეკლესიო ღვთისმსახურება. ამ მხრივ, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, მივესალმები და მინდა, წარმატება ვუსურვო“, - აღნიშნა მან.

დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილის თქმით, მისი უწმინდესობა პირველ გამოცემას სულმოუთქმელად ელოდება.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა