ავტორი:

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია, აკრძალვა მოქმედებს ქვეითებზეც

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ყველა ტიპის ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია, აკრძალვა მოქმედებს ქვეითებზეც

ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დე ფაქტო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონის შესასვლელი ჩაკეტა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის პარალიზებულია მოძრაობა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, აიკრძალა ქვეითების გადაადგილებაც.

„ახალგორის შესასვლელი გუშინ ჩაკეტეს და სავარაუდოდ, ხვალ დილით გახსნიან. ე.წ. არჩევნებში იმ მოქალაქეებს აქვთ ხმის მიცემის უფლება, ვინც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პასპორტს ფლობს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გარდა, ე.წ. საარჩევნო უბნები ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩრდილოეთ ოსეთსა და რუსეთში მოქმედ ე.წ. საელჩოებშიც გახსნეს, თუმცა, ეს ე.წ. არჩევნები კიდევ ერთხელ უხეშად არღვევს იმ ადამიანების უფლებებს, ვინც ამჟამად დევნილობაშია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ეს არის ანექსიის გაგრძელება და ოკუპაციის პირობებში ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი სამართლებრივი ძალის მქონე ვერ იქნება. აღნიშნულის გარდა, ავრცელებენ აბსურდულ ინფორმაციას, თითქოს, 31 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული ოკუპირებულ რეგიონში, რაც აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას და სინამდვილეში, ამ ციფრის მხოლოდ მესამედი თუ იქნება საარჩევნო ხმის მქონე“, - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ე.წ. არჩევნები უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა, მაია კოჟიანჩიჩმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან აცნობეს, ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ 9 ივნისს საქართველოს თვითაღიარებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ტარდება ე.წ. არჩევნები, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეს ე.წ.არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა მაია კოჟიანჩიჩმა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი