ავტორი:

"სალიფოვის მკვლელობის შემდეგ აფხაზეთში შესაძლოა სასტიკი "პიზა" გააქტიურდეს" - რა აკავშირებდა "მაფიის ბოსს" ქართველ "ქურდებთან" და ვის მიაწერენ მის მკვლელობას?

"სალიფოვის მკვლელობის შემდეგ აფხაზეთში შესაძლოა სასტიკი "პიზა" გააქტიურდეს" - რა აკავშირებდა "მაფიის ბოსს" ქართველ "ქურდებთან" და ვის მიაწერენ მის მკვლელობას?

20 აგვისტოს გამთენიას, თურქეთის კურორტ ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი, 47 წლის ნადირ სალიფოვი, იგივე "გული" მოკლეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მისი მკვლელობა ოთხი წლის წინ სტამბოლში ასევე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის როვშანის მკვლელობის შურისძიებას უკავშირდება.

აზერბაიჯანელი, მილიციელის ოჯახში დაბადებული როვშან ჯანიევი, იგივე "როვშან ლენქორანსკი" თავად ნადირობდა სალიფოვზე. არსებული ვერსიით, ქილერებიც ჰყავდა დაქირავებული, თუმცა სალიფოვმა მას დაასწრო და ამ ამბის გავრცელებიდან ცოტა ხანში, როვშანი ქუჩაში ჩაცხრილეს...

წარმოშობით დმანისელ ნადირ სალიფოვს, საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა და ქართველ ეწ. კანონიერ ქურდებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

კიდევ ერთი ვერსიით, მკვლელობის უკან ე.წ. კანონიერი ქურდი, შაქრო კალაშოვის კლანი დგას, რომელსაც სალიფოვთან დაპირისპირება ჰქონდა... რუსული მედიის ცნობით, ე.წ. კანონიერ ქურდია მისი ძმაც, რაც ნიშნავს, რომ შურისძიების მოტივით დაწყებული სისხლიანი გარჩევები კარგა ხანს არ დასრულდება.

საკუთარ ვერსიას წერს "პრაიმ კრაიმი" :

"ნადირ სალიფოვი მისი უახლოესი გარემოცვის წევრმა, ბაქოელმა ჰაგან ზეინალოვმა, იგივე "ხან ბაკინსკიმ" მოკლა, რომელიც დიდი ხანი ცდილობდა "გულის" წრეში მოხვედრასა და მისი ნდობის მოპოვებას...

როდესაც "გულის" ნომერში ზეინალოვი შევიდა, მასთან ერთად კიდევ ორი პირი იმყოფებოდა. ის ზურგით იჯდა და მათ ბანქოს ეთამაშებოდა, თუმცა ბაქოელი ახლობლისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე განაგრძო თამაში. სწორედ ამ დროს ზეინალოვმა იარაღი ამოიღო, მას რამდენიმე ტყვია ესროლა და შემთვევის ადგილიდან გაიქცა. სალიფოვი მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა..." - წერს primecrime.ru, რომელიც სასტუმროდან უკანასკნელ კადრებს ავრცელებს.

სალიფოვის მკვლელობამ შესაძლოა, აფხაზეთში წლების წინ დაწყებული და მიჩუმებული კრიმინალური პროცესები შეცვალოს. ნადირ სალიფოვის მკვლელობის შემდეგ, აფხაზეთში ვარაუდობენ, რომ დროებით მიჩუმებული სასტიკი, ამბიციური და კონფლიქტური რაულ ბარცბა, იგივე "პიზა", რომელიც აქამდე ასპარეზზე არ ჩანდა, ისევ გამოჩნდება და ე.წ. ხელმღვანელობას, რომელიც კრიმინალთან ბრძოლაში არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება, გავლენების გასაფართოვებლად ახალი ძალით შეუტევს.

"რაც მეტ კრიმინალს გაისტუმრებენ იმ ქვეყნად, მით უკეთესი, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ის დრო დაბრუნდეს, როდესაც ბარცბასა და მისი კლანის წევრების Land Rover-ები ქუჩებს კეტავდნენ და მათ მშვიდ და სტაბილურ გადაადგილებას ჩვენი უმწეო მილიცია იცავდა.

მას შემდეგ, რაც ავიძბა და შამბა დახოცეს, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ნაწილმა ეროვნული გმირებივით იგლოვა, ბარცბა თავის სასახლეში ჩაიკეტა და უსაფრთხოება გააძლიერა.

ბარცბასთან დაპირისპირებაში, მყოფმა მერაბ ჯანგველაძის კლანმა, სალიფოვის გავლენებით, ბარცბას თავისი ძალა დაანახვა. ახლა კი, სრულიად მოსალოდნელია, "პიზას" მეორე სუნთქვა გაეხსნას, ვნახოთ, როგორ იმოქმებენ სალიფოვის მემკვდრეები..." - წერს აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი "ზანურ კვეცბა".

“დიდი იმედი მქონდა, სალიფოვი მოასწრებდა და ბარცბასაც გააგორებდა, როგორც შემოუთვალა. სამწუხაროა, რომ ვერ მოასწრო. იმედია, მისი სიტყვები ჰაერში არ დარჩება და ბარცბას და მისი ახალი კლანის წევრების “გრიალის" ყურება არ მოგვიწევს. მან ხაჯიმბას წლებში ფეოდალივით იცხოვრა და თავისი ზღვარსგადასული გავლენებით, ფაქტობრივად, კრიმინალის პოპულარიზაცია მოახდინა.." - წერს ნალიკ წვიჟბა.

კიდევ ერთი მათგანის თქმით, "ჯანგველაძეს და მის კლანს არ უჭირს აფხაზეთის ახალ ხელისუფლებასთან საერთო ენის პოვნა და შესაბამისად, ბარცბა ძველებურად რიხიანი ვეღარ იქნება. მეტიც, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ მას გალშიც მოუწევს ფეხი ამოიკვეთოს, რადგან ანქვაბი-ბჟანიას გუნდი მათი უფლებების დაცვისკენ არიან მოწოდებული... თუმცა, კრიმინალებს შორის არსებულ სახიფათო ურთიერთობებსა და ანგარიშებს რა გაუგებ..." - წერს "ვალოდია კლიმსკი...".

მთავარი ფოტო: ჰაგან ზეინალოვი და ნადირ სალიფოვი