ავტორი:

“ჩერნობილით” აღშფოთებული რუსეთი - როგორ დაუპირისპირდნენ რუსული მედია და საბჭოთა ჩინოვნიკები გახმაურებულ სერიალს

“ჩერნობილით” აღშფოთებული რუსეთი - როგორ დაუპირისპირდნენ რუსული მედია და საბჭოთა ჩინოვნიკები გახმაურებულ სერიალს

სერიალმა "ჩერნობილი", რომელმაც მსოფლიო ტელეინდუსტრიაში უპრეცედენტო რეიტინგი დადო, მთელი რუსეთის აღშფოთება გამოიწვია. მას ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი თითქმის ყველა მედიასაშუალება გამოეხმაურა და HBO-ს გადაღებულ ტრაგედიის ვერსიაში “არაერთი შეცდომა” აღმოაჩინა.

HBO-სა და SKY Atlantic-ის “ჩერნობილი” ხუთსერიანი ისტორიული დრამაა და უკრაინის ქალაქ პრიპიატში 1986 წლის 26 აპრილს მომხდარ ავარიასა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ასახავს - თუ როგორ ცდილობდნენ საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნები აფეთქების დაფარვას და “საბჭოთა იმიჯის” შესანარჩუნებლად, ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გასწირეს.

ჩერნობილის აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოებში, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან, ისე საქართველოდან ასობით ადამიანი წაიყვანეს. ბევრმა მათგანმა სიცოცხლე სიმსივნური დაავადებებით დაასრულა. ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში, როდესაც ამაზე საუბარი იკრძალებოდა, ჩერნობილიდან დაბრუნებული ქართველები ექიმს "უცნაური პრობლემებით" მიმართავდნენ, რაც რადიაციული დასხივების შედეგი იყო...

ცნობილი სერიალი სვეტლანა ალექსეევიჩის ასევე ცნობილი წიგნის - "ჩერნობილის ლოცვის” მიხედვით არის გადაღებული, რომელშიც ნობელის ლაურეატ ბელორუს მწერალს რეალური პერსონაჟები და ნამდვილი ამბები აქვს ასახული.

რაც შეეხება რუსული მედიის რეაქციას HBO-ს გახმაურებულ მინისერიალზე, სახელმწიფო მედიის წარმომადგენლებმა ერთხმად გააკრიტიკეს ის და "რეალობიდან აცდენილი" უწოდეს. Россия 24-ის ჟურნალისტის სტანისლავ ნატანზოვის თქმით, ჩერნობილის ავარია უპრეცედენტოდ დიდი ტრაგედია იყო და "საბჭოთა სისხლიანი რეჟიმი" არაფერ შუაშია.

“არასწორია ის, რომ საბჭოთა კავშირი თავის მოქალაქეებზე არ ზრუნავდა, საქმის არსი სისხლიან რეჟიმში არ ყოფილა, უბრალოდ, მსგავსი ავარიები იქამდე არ მომხდარა და მათ გამოცდილება არ ჰქონდათ" - თქვა ნატანზოვმა, რომელმაც დასავლეთი საბჭოთა კავშირის მიმართ “სუბიექტურ“ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

Аргументы и Факты-ს ცნობით, სერიალში მოთხრობილი ამბები არის “კარიკატურა” და მას არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. Российская Газета-ს ცნობით კი, ფილმში “სიმართლე ძალიან მცირე დოზით არის...” გამოცემებმა ჩაწერეს ჩერნობილის ლიკვიდატორი, რომელიც ისევ საბჭოთა კავშირის დროინდელ ვერსიაზე საუბრობს.

ლიკვიდატორები რეაქტორზე რადიოაქტიურ ნარჩენებს ასუფთავებენ

კრიტიკის ქარცეცხლის შემდეგ, რუსეთმა პასუხიც მოიფიქრა - ტელეკომპანია НТВ სერიალ “ჩერნობილს" რუსეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გადაიღებს, მისი მთავარი გმირი კი საბჭოთა სპეცაგენტი იქნება. თუმცა, მაყურებლებმა ამ სერიალის შინაარსი გამოსვლამდე დაიწუნეს, რადგან მთავარი გმირი კატასტროფის ლიკვიდატორი კი არა, საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელია, რომელიც საქმისთვის თავს სწირავს.

არსებული ინფორმაციით, რუსული "ჩერნობილის" ვერსიაში, მოქმედება ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე იწყება და აფეთქების შემდგომ პერიოდსაც მოიცავს. სიუჟეტი ЦРУ-ს თანამშრომლის - ალბერტ ლენცისა და სამხედრო კონტრდაზვერვის ვიცეპოლკოვნიკის ანდრეი ნიკოლაევის გარშემო ვითარდება, რომელიც ცდილობს "უცხო ქვეყნის აგენტი" შეაჩეროს და აფეთქება აღმოფხვრას.

იმის დასამტკიცებლად, რომ ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც HBO-სა და SKY Atlantic-ის მინისერიალშია აღწერილი, რუსულმა მედიამ საავადმყოფოში ჩაწერა ინტერვიუ საბჭოთა კავშირის ცეკას მდივან მიხეილ გორბაჩოვთან, რომელიც პროცესების სათავეში, სხვა საბჭოთა მაღალჩინოსნებთან ერთად იდგა.

აღსანიშნავია, რომ რუსული მედია განსაკუთრებით აღაშფოთა პროფესორ ვალერი ლეგასოვის აღსასრულმა, რომელმაც სხვებთან ერთად გამოიძია და ქრონოლოგიურად დაალაგა ავარიის გამომწვევი მიზეზები და რომელიც რეჟიმმა გაწირა... მიხეილ გორბაჩოვი კატეგორიულად უარყოფს ფილმში ასახულ რამდენიმე ფაქტსა და ლეგასოვის აღსასრულს.

ვალერი ლეგასოვი სერიალში და რეალურ ცხოვრებაში

საბჭოთა კავშირის ცეკას მდივნის თქმით, მას არ გაუცია ბრძანება ვალერი ლეგასოვი სოციალისტური გმირის წოდებით არ დაეჯილდოვებინათ.

“მე ამის ბრძანება არ გამიცია და ჩემს გარდა ვინ გასცემდა? ეს არის გამოგონილი!” - ამბობს გორბაჩოვი Говорит Москва-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჰოსპიტალში მკურნალობს და პოპულარული სერიალის ნახვა დღემდე ვერ შეძლო.

რუსი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი ირონიით უყურებს რუსეთის "ჩერნობილის" ვერსიას და ამბობს, რომ დასავლეთი ახერხებს საბჭოთა კავშირის გადმონაშთი რუსეთი, მუდმივად თავის მართლების პოზიციაში ამყოფოს...

Photo credit: Igor Kostin / Boris Yurchenko / Laski Diffusion / Volodymyr Repik / Sygma via Getty

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"