"პატრულს აქეთ ვაჩერებ"

"პატრულს აქეთ ვაჩერებ"

სააგენტო "ლიკა ყაზბეგის" მოდელი ნინი თავყელიშვილი ქალაქში "ფოლკსვაგენ ჯეტათი" მოძრაობს. რატომ ერიდებიან მას პატრულის თანამშრომლები და რატომ არ მოსწონთ მამაკაცებს ქალი მძღოლები, ამაზე თავად გვესაუბრება.

- ნინი, ავტომანქანის მართვა ვინ გასწავლა?

- მართვა თვითონ ვისწავლე. მანქანა რომ შევიძინე, სულმა მძლია, დავჯექი და პირდაპირ ქალაქში გავატარე. რამდენიმე კვირა ასე ვიარე და მერე მივხვდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს პატრულს ვეღარ გადავურჩებოდი, ამიტომ წავედი და მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდა ჩავაბარე.

- პატრული ხშირად გაჩერებს?

- პატრულს აქეთ ვაჩერებ (იცინის). ერთხელ კლუბიდან გამოვედი, ცოტა ნასვამი ვიყავი, გავაჩერე პატრული და ავუხსენი, მანქანით ვარ, თან ნასვამი, სახლში აუცილებლად მანქანით უნდა დავბრუნდე და რაიმე იღონეთ-მეთქი. ეტყობა, ისეთი კატეგორიული ვიყავი, პატრულის თანამშრომელმა ვერაფერი მითხრა, უფრო მეტიც, ესკორტით მიმაცილეს სახლამდე.

- ავტოსაგზაო შემთხვევა თუ გქონია?

- არასოდეს.

- აბა, მამაკაცების უმრავლესობა რომ ამბობს, ქალი საჭესთან სახიფათოაო?

- მამაკაცების უმრავლესობისთვის ქალი საჭესთან იმიტომ არის სახიფათო, რომ, როგორც წესი, თვალი რჩებათ ქალ მძღოლებზე და ამის გამო ავარიულ სიტუაციაში ხვდებიან. 

- ნინი, რატომ ამოირჩიე მაინცდამაინც "ფოლკსვაგენ ჯეტა"?

- დასაწყისისთვის ძვირად ღირებული მანქანის ყიდვა სისულელე იქნებოდა, ამიტომ შევარჩიე "ფოლკსვაგენი", როგორც ოჯახის მანქანა. ძრავა 1,8 აქვს, თუმცა არაეკონომიურია. ალბათ მალე შევცვლი.

- რა მანქანით შეცვლი?

- ძალიან მინდა "იქს 6" შევიძინო.

- იოლად შეგიძლია ათხოვო მეგობარს მანქანა?

- დაუწერელი კანონი კი არის, რომ მანქანა და ცოლი არავის უნდა ათხოვო, მაგრამ მგონია, რომ უარს ვერ ვეტყვი. ვფიქრობ, მანქანა არავის უნდა სთხოვო.

- მანქანის ფერს და ნომერს რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ?

- ნომერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფერს რაც შეეხება, ყველაზე მეტად შავი, თეთრი და ვერცხლისფერი მომწონს.

- რას შეადარებ შენს მანქანას?

- ჩემი მანქანა ძაღლივით ერთგულია.

- რა გიდევს ყოველთვის მანქანაში?

- მანქანაში უფრო მეტი სამოსი მაქვს, ვიდრე გარდერობში. საბარგულში აუცილებლად მიდევს საცურაო კოსტიუმი.

სოფო ყარალაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)