ავტორი:

ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური წარსული და მომავალი - რა შანსები აქვს ყოფილი მინისტრის ახალ პარტიას?

ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური წარსული და მომავალი - რა შანსები აქვს ყოფილი მინისტრის ახალ პარტიას?

ერთი რიგითი პარტია არსებული 450-დან, როგორც ამას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, თუ ხელისუფლებაში მოსვლისთვის მებრძოლი პოლიტიკური ძალა? - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს ახალ პარტიას დააფუძნებს, რომლის რამდენიმე წევრი უკვე ცნობილია: გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია და ვალერი გელბახიანი...

ოქრუაშვილი ამჟამინდელ ხელისუფლებას უპირისპირდება და მკაცრად აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ მის თანაგუნდელებთან ერთად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფერხულში ჩაებმება და სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, „ქართული ოცნებისთვის“ დარტყმის მიყენებას ეცდება.

პარტიის შექმნა ოქრუაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასე დააანონსა: "ერთი ადამიანის ცხოვრების გართულებას საფუძვლიანად ვიწყებთ, იმისათვის რომ აქ დარჩენილი 3 მილიონის და მის გამო ქვეყნიდან წასული ასობით ათასის ცხოვრება შევამსუბუქოთ"

ოქრუაშვილის ერთ-ერთი ბოლო მწვავე კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, პანკისის მოვლენებს უკავშირდება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, პანკისში განვითარებული მოვლენები შს მინისტრის უგუნური ქმედებების შედეგი იყო. "კრიზისის ჩახშობა რაში გამოიხატა?! რა მივიღეთ? დასისხლიანებული პოლიციელები, დალეწილი და დამწვარი პოლიციის მანქანები, შეურაცხყოფილი სახელმწიფო და პოლიცია“ - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

"ნაციონალურ მოძრაობაზე" გაბრაზებული ოქრუაშვილი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს პოლიტიკურ დევნილობაშიც იყო საფრანგეთში, ყოფილ თანაგუნდელებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შეურიგდა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ოქრუაშვილს სახლშიც კი ესტუმრა. ამ შეხვედრაზე ოქრუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ წარსულის პერიპეტიებიდან გამომდინარე, მისთვის ადვილი არ არის იმ ნაბიჯების გადადგმა, რაზეც ისაუბრეს, თუმცა დასძინა:

"გარკვეული დრო დამჭირდება, რომ ვიფიქრო, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, მე პირადულს ყოველთვის ვივიწყებდი და შევძლებ, რომ ახლაც დავივიწყო. დანარჩენი, ცოტა დამაცადეთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენს ხალხს უნდა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია, შეურიგდება თუ არა ოქრუაშვილი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი საფრთხობელას შეადარა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი არჩევნების წინ სარგებლობს. მისივე თქმით, სააკაშვილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამას გვერდზე გადადებს.

რა პოლიტიკური წარსული აქვს ირაკლი ოქრუაშვილს?

ირაკლი ოქრუაშვილი "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი შემოქმედია. "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იგი შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნა, ასევე იყო გორის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. შემდეგ ძალოვან უწყებებში გადაინაცვლა და ჯერ გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა, შემდეგ შს მინისტრის, ბოლოს კი თავდაცვის მინისტრის.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შს მინისტრის თანამდებობის დატოვება ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების გამო მოუხდა. მერაბიშვილი კი ამას უარყოფდა და ამბობდა, რომ მის წინამორბედთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. თავად ოქრუაშვილი კი, ერთ-ერთ ინტერვიუში გარკვეულ ინტრიგებზე მიუთითებდა და ამბობდა, რომ ქვეყანას არა სისტემა, არამედ ინდივიდები მართავდნენ.

2006 წლის 10 ნოემბერს ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ეკონომიკური განვითარების მინისტრად გადაიყვანეს, თუმცა ამ პოსტზე მხოლოდ ერთი კვირა იმუშავა. 17 ნოემბერს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. აქედან მასსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის, სერიოზული დაპირისპირება დაიწყო.

ოქრუაშვილმა პრეზიდენტი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებშიც დაადანაშაულა. ამ განცხადებების გაკეთებიდან ორ დღეში ყოფილი მინისტრი დააკავეს და ყველას ახსოვს ცნობილი ვიდეო მისი ჩვენებიდან, თუ როგორ უარყოფდა სააკაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს. ვიდეოში ოქრუაშვილი უარყოფდა მის მიერ გახმოვანებულ აბსოლუტურად ყველა ბრალდებას, მათ შორის პრეზიდენტის მიერ პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შეკვეთას და პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების ბუნდოვან გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

გამომძიებლის კითხვაზე, რით იყო გამოწვეული მის მიერ გაკეთებული განცხადებები, ოქრუაშვილი პასუხობდა: "ასეთი განცხადებები გამოწვეული იყო პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად და ჩემი პიროვნების ხელსაყრელ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩასაყენებლად".

მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა შს და თავდაცვის მინისტრმა ბრალდებები ხელისუფლების ზეწოლის შედეგად უარყო, ამბობდნენ იმასაც, რომ ამ დროს ოქრუაშვილი იძულებით ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამ მოვლენების შემდეგ, ოქრუაშვილმა საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, სადაც 2012 წლამდე ცხოვრობდა.

ირაკლი ოქრუაშვილი ცნობილია თავისი ხისტი ხასიათით. ერთ-ერთ ინტერვიუში ნინო ბურჯანაძემ ისიც თქვა, რომ მას არაერთხელ მიუჯახუნებია სააკაშვილისთვის კარი და იყო შემთხვევები, როდესაც ამის შემდეგ ტელეფონს რამდენიმე დღე არ პასუხობდა.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი 2010 წელს შექმნილი ახალი პოლიტიკური გაერთიანების - "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე იყო, რომელშიც მასთან ერთად კოკა გუნცაძე, ლევან გაჩეჩილაძე და სოზარ სუბარიც იყვნენ გაერთიანებულნი.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ოქრუაშვილი საქართველოში საბოლოოდ დაბრუნდა. ოქრუაშვილი დაიკითხა არაერთ საქმესთან, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით. ოქრუაშვილმა სააკაშვილის და მერაბიშვილის წინააღმდეგ ვალერი გელაშვილის საქმეზეც მისცა ჩვენება. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ოქრუაშვილი პატიმრობიდან სწორედ იმის გამო გათავისუფლდა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ "ოცნების" პროკურატურის დაკვეთა გაითვალისწინა და ჩვენება მისცა.

რა პოლიტიკური შანსები აქვს ოქრუაშვილს?

შანსებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა მასაც და მისი პოლიტიკური პარტიის წევრებს პოლიტიკური წარსული აქვთ, შესაბამისად ჰყავთ საკუთარი ელექტორატიც. თუ ოქრუაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას ხელისუფლების შესაცვლელად, ფაქტია, იგი არ შეეგუება მეორე ადგილზე ყოფნას, როგორც ამას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებული ე.წ. ერთკაციანი პარტიები აკეთებენ. შესაბამისად, სრულიად მოსალოდნელია, იგი 2020 წლისთვის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერადაც მოგვევლინოს.

ოქრუაშვილის შანსების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნებას“. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოქრუაშვილის პარტია მორიგი პარტია იქნება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც ამომრჩევლის 1%-იან მხარდაჭერას მოიპოვებს.

LIVE: 360 გრადუსი - ირაკლი ნადარეიშვილი, გიორგი ბარამიძე, სერგი კაპანაძე

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას