"ჩვენ ყოველთვის დავიცავთ მართლმადიდებლების უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიმართ არნახული რეპრესია განახორციელეს, გპირდებით, რომ მალე საქართველოში "სახალხო მართლმადიდებლური ორგანიზაცია" ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება, ხოლო მისი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშა გახდება", - გვითხრა მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელმა და "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" ლიდერმა მალხაზ გულაშვილმა, რომელსაც მოსკოვში დავუკავშირდით.
- ბატონო მალხაზ, თქვენ და თქვენს ვაჟს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში გედებათ ბრალი. თავს დამნაშავედ მიიჩნევთ?
- დამნაშავე არ ვარ. საქართველო-რუსეთის საზღვართან ქართველი მესაზღვრეები რომ არ დგანან, რა ჩემი ბრალია? ამაზე პასუხი საქართველოს პრეზიდენტს მოსთხოვეთ. მე და ჩემს ვაჟს საზღვრის ჯგუფურად გადაკვეთას გვაბრალებენ, მაგრამ ამის მტკიცებულება არ აქვთ. ჯერ მე გადავედი ვლადიკავკაზში, შემდეგ ჩემი შვილი გადმოიყვანეს.
მეორეც, საზღვარს თითქმის ყოველდღე უამრავი ადამიანი გადალახავს და რატომ მაინცდამაინც ჩვენს წინააღმდეგ აამოქმედეს ეს კანონი? თავდაპირველად, აზერბაიჯანისკენ წავედი ჩემს მეგობრებთან, მინდოდა, ბავშვი იქ ჩამეყვანა და მე უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ რომ ვნახე, მის პასპორტს ვადა გასული ჰქონდა, იძულებული გავხდი, ცხინვალიდან გადავსულიყავი, რაც აბსოლუტურად კანონიერია. მიმაჩნია, რომ ახალგორი საქართველოს ტერიტორიაა და ვინც იტყვის, რომ ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაშინ გამოვიდეს და ეს ოფიციალურად აღიაროს.
- წასვლის შესახებ თქვენი გადაწყვეტილება ქართველი საზოგადოებისთვის ერთობ მოულოდნელი იყო. რატომ გაიქეცით მოსკოვში?
- ჩემთვის საქართველოში ცხოვრება სასიცოცხლო წყარო იყო და დღეს სხვა ქვეყანაში იძულებით ვარ იმის გამო, რომ ჩემს შვილს დავითს სამჯერ დაესხნენ თავს. ჩვენ ეს ფაქტები რამდენიმეჯერ გავახმოვანეთ, პროტესტის ნიშნად გაზეთის გამოცემაც შევაჩერეთ, ჩემს ოჯახზე გამუდმებული ფსიქოლოგიური, ფიზიკური ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდებოდა. არ შემეძლო ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეში ჩამეგდო და იძულებული გავხდი, დამეტოვებინა საქართველო - დუშეთიდან გადავედი ახალგორის რაიონში, შემდეგ კი რუსეთში წავედი.
- ექსპერტმა გია ნოდიამ თქვენი მისამართით თქვა, ჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ვაჟს ემუქრებოდნენ, შემდეგ კი ცხინვალში გაიქცა, როცა მას დაჭერით არც არავინ ემუქრებოდაო. თქვენს გაქცევასთან ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტი არაფერ შუაშია?
- გია ნოდიას შვილი როცა ჩემი შვილის მდგომარეობაში აღმოჩნდება, მერე ვნახოთ, როგორ განცხადებებს გააკეთებს. მისი ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც ჰალსტუხებს ღეჭავენ, მე მოლანდებები არ მაქვს. როცა გამომცემელი გაზეთს აჩერებს, ეს შემთხვევით არ ხდება. არც ის ავარია ყოფილა შემთხვევითი. შეგიძლიათ მიხვიდეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, "ემერჯენსში" და ნახოთ, როდის არის გატარებული დავით გულაშვილი და რა ავარია მოუწყვეს მას. ამის შემდეგ დავითი გაიტაცეს და ეჭვი არ მეპარება, ეს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა მოაწყვეს. საქმის გამოძიებას ვითხოვდი, რვა თვე იძიებდნენ, მაგრამ ბოლოს პროკურორმა ასე მითხრა, "ვერ გამოვიძიეთ და ვსიოო".
- ჩხუბის პროვოცირებაში "კავკასია" თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს გადანაშაულებთ. არხის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ თქვენ, დაპირების მიუხედავად, პროვოკაციაზე წახვედით, მიიყვანეთ იქ მოძრაობის წევრები და სცემეთ ჟურნალისტებს...
- პროვოკატორები თვითონ არიან და თვითონ მოაწყვეს პროვოკაცია. ჩვენს ხალხს, ვინც სტუდიაში იჯდა, ხელი არ გაუნძრევია. ნინო ჯანგირაშვილმა ძალით გაგვიყვანა გარეთ, ჩხუბში რომ ჩავრეულიყავით, სადაც ვინ ვის ეჩხუბებოდა, ვერ გავიგე.
გარეთ რომ გავედით და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, კამერით მდგარ ბიჭს დაარტყა მისმა თანამშრომელმა და ატყდა ჩხუბი. ყველანი შევიყვანე შენობაში და ვუთხარი, რომ ამ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ნინო სამჯერ შემოვიდა სტუდიაში, გვიმეორებდა, გარეთ რაღაც ხდება, გარეთ რაღაც ხდებაო. ასე იმიტომ იქცეოდა, იძულებული გავმხდარიყავით, გარეთ გავსულიყავით. მან აბსოლუტურად ტენდენციურად წაიყვანა გადაცემა, რაც კონფლიქტის საბაბიც გახდა.
ჩვენმა "სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ" ჭადრაკის სასახლეში შეძლო იმ რაოდენობის ხალხის შეკრება, რომ ხელისუფლების გარკვეული წრეები შეშფოთდნენ. ჩვენ მოვითხოვეთ "თავისუფლების ინსტიტუტის" გაუქმება. აი, ეს მოთხოვნა გახდა პროვოკაციის მოწყობის საბაბი. პროვოკაცია დაგეგმა რამიშვილის ინსტიტუტმა და განახორციელა ტელეკომპანია "კავკასიამ".
ზუსტად ვიცი, რომ ამ სპეცოპერაციის ჩატარებისთვის მათ საკმაოდ დიდი ანაზღაურებაც მიიღეს "თავისუფლების ინსტიტუტისგან". მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიმართ არნახული რეპრესია განახორციელეს, რვა წევრი დაიჭირეს, გპირდებით, რომ მალე საქართველოში "სახალხო მართლმადიდებლური ორგანიზაცია" ყველაზე მრავალრიცხოვანი იქნება და ჩვენი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშა გახდება.
- მართლა აპირებთ მოსკოვში გაზეთის გამოცემას? ითქვა, რომ რადიომაუწყებლობის გაკეთებასაც გეგმავთ.
- მოსკოვში გამოვუშვებ "ჯორჯიან თაიმსს" ქართულ და რუსულ ენებზე. აქ ცხოვრობს მილიონ-ნახევარი ქართველი, რომელთაც არა აქვთ საკუთარი გაზეთი. აქაური ქართველი ბიზნესმენებიც დაინტერესებულნი არიან ამით. დანარჩენ გეგმებზე არ მინდა ჯერ ლაპარაკი. ჩვენი უპირველესი ამოცანაა საქართველოს გათავისუფლება ბნელი, ბოროტი და ანტიეროვნული ძალებისგან, რომლებიც ანგრევენ და ანადგურებენ ქართველ საზოგადოებას, ღირებულებებს და ტრადიციებს. როგორც ცოტნე გამსახურდიას ეპყრობიან, მხოლოდ ბნელი გონების პატრონებს მოუვა აზრად. დღეს საქართველოში ანტიქრისტეს ზეობის ჟამია.
- ბატონო მალხაზ, თავშესაფარი თუ მოითხოვეთ რუსეთში?
- არ მომითხოვია და არც ვაპირებ. მე ვარ და ვრჩები საქართველოს მოქალაქედ, მაქვს მოქმედი ვიზა და პასპორტი, რომელსაც 2017 წლამდე აქვს ვადა.
- 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, მედვედევს ხელი რომ ჩამოართვით, ზოგიერთებმა თქვეს, ამით გულაშვილს პოლიტიკური კაპიტალის მოხვეჭა ჰქონდა განზრახულიო...
- მედვედევსაც ჩამოვართვი ხელი, ნაზარბაევსაც და იანუკოვიჩსაც. ხელის ჩამორთმევა დანაშაულია? კანონით ისჯება, თუ რა? მედვედევს ვაჩუქე ჩემი წიგნი, სადაც გამოვხატე ჩემი თვალსაზრისი, როგორ უნდა დარეგულირდეს კონფლიქტები კავკასიაში. დაავადებული ფსიქოლოგიის ადამიანებს ეს წიგნი რომ წაეკითხათ, არ დაბომბავდნენ საკუთარ მოქალაქეებს.
- ბატონო მალხაზ, განაცხადეთ, - როცა მინდა, მაშინ ჩამოვალ სამშობლოშიო. რას იტყვით ახლა, როცა თქვენი დაპატიმრების ბრძანებაა გაცემული?
- მე მოვუწოდე და კიდევ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ერთი კვირის ვადაში მოუხსნან ჩემს მეგობრებს - დაპატიმრებულ 8 ახალგაზრდას ყველა ბრალდება და მზად ვარ, ჩამოვიდე და ჩავბარდე. ყველაფერს გავაკეთებ, ყველა მექანიზმს გამოვიყენებ იმისათვის, რომ სამართლებრივად დავბრუნდე საქართველოში. ჩემ მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაში უმაღლესი ხელისუფალნი იყვნენ ჩარეულნი. იმ "კოლმეურნეობის თავმჯდომარის" სახელი ყველამ იცის...
არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება ემოციით მიიღეს თუ უემოციოდ, მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს ჩემს შვილს ჩამოართვეს მოქალაქეობა და ის არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის, ჰაერშია გამოკიდებული. მე შეგნებულად არ მსურს, რომ მას რუსეთის მოქალაქეობა მივაღებინო. მე ცხინვალიდან მაინც გადავედი და როცა დრო მოვა, მაინტერესებს, ეს ცოდვილები საიდან გაიქცევიან?
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)