ავტორი:

დავით არახამია (ბრაუნი) - ვინ არის ზელენსკის პარტიის წევრი ქართული წარსულითა და ამერიკული ფსევდონიმით

დავით არახამია (ბრაუნი) - ვინ არის ზელენსკის პარტიის წევრი ქართული წარსულითა და ამერიკული ფსევდონიმით

წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი დავით არახამია, იგივე დავით ბრაუნი კიდევ ერთი ქართველია, რომელიც უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. მის მიმართ მედიაში დიდი ინტერესი არსებობს...

ის ამჟამად უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარეა.

"ვინ არის დავით არახამია და რა კავშირი აქვს ზელენსკისთან" – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა uaportal.com სტატიას, სადაც ქართული წარმოშობის უკრაინის მოქალაქეზე წერს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "ბრაუნის" ფსევდონიმით იცნობს.

გამოცემის ცნობით, დავით არახამია 1979 წლის 23 აგვისტოს ქალაქ სოჭში დაიბადა. მისი ოჯახში აფხაზეთის ქალაქ გაგრაში ცხოვრობდა და მოხალისე, საზოგადოებრივი აქტივისტი და მომავალი პოლიტიკოსი ბავშვობის წლებს ბედნიერად იხსენებს. 90-იანი წლების ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა. თუმცა, იქამდე გარკვეული დროის განმავლობაში დავითი თბილისში ცხოვრობდა და ერთ-ერთ ადგილობრივ სკოლაში სწავლობდა. ამის შესახებ ის რადიოთავისუფლების უკრაინული სამსახურის კიევის ბიუროს უფროსთან ინტერვიუშიც ჰყვება, სადაც სამშობლოში გატარებულ ხანმოკლე პერიოდს იხსენებს.

uaportal.com-ის ცნობით, მან სკოლა უკრაინაში დაამთავრა და უმაღლესი განათლებაც უკრაინის ევროპულ უნივერსიტეტში მიიღო. მოგვიანებით, ის კომპანია Template Monster-ის უკრაინის ფილიალის დირექტორი და უკრაინის არმიის მხარდამჭერი გახდა. 2014 წელს, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე "ხალხის პროექტის" ავტორი იყო. იმავე წელს, მან ნიკოლაევოს ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვადიმ მერიკოვის შემოთავაზება მიიღო და მისი მრჩეველი გახდა.

იმავდროულად, ის უკრიანის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დამსახურებისთვის მოხალისის ორდენით დააჯილდოვა. ძალიან მალე დავით არახამია შესყიდვების საკითხებში თავდაცვის მინისტრის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა; ადგილობრივი მედიის ცნობით, მის სახელს უკავშირდება დრეს-კოდთან დაკავშირებული ცვლილებები, არახამია სამსახურში "შორტებითა და ნოუთბუქით სიარულის" მომხრეა...

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის მის მეხსიერებაში შემორჩენილ, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთს ემოციურად იხსენებს:

"ბავშვობა ყოველთვის იმაზე უკეთესი გახსენდება, ვიდრე სინამდვილეში იყო, თუმცა მე მართლა ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, რადგან გაგრა ნამდვილი მარგალიტი იყო, როგორც მას ადრე უწოდებდნენ... იქ უამრავი, მათ შორის საბჭოთა კავშირის მთელი პარტიული ხელმძღვანელობა ჩადიოდა. იყო უამრავი აგარაკი. გვქონდა პარკი, სადაც მრავალი ეგზოტიკური მცენარე ხარობდა, სადაც ფარშევანგები სეირნობდნენ... იქ გავიზარდე, მეჩვენებოდა, რომ ყველგან ასე უნდა ყოფილიყო. როცა იქიდან წამოვედით, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ეს არის უნიკალური ქვეყანა, რომ იქ ცხოვრობს სტუმართმოყვარე ხალხი, რომელსაც ერთმანეთის დაპატიჟება უყვარს. ჩვენ ვცხოვრობდით ეზოში, სადაც მეზობლები იკრიბებოდნენ და ლოტოს თამაშობდნენ", – ამბობს არახამია.

მისივე თქმით, ომის შემდეგ, როდესაც თბილისში გადავიდა, ქართულ სკოლაში ისწავლა, თუმცა ქართული ენა კარგად არ იცის. "მაშინ ვცდილობდი მესწავლა და კარგადაც ვსწავლობდი. საერთოდ, სკოლა ოქროს მედლით დავამთავრე" - იხსენებს უკრაინული პოლიტიკის აქტიური წარმომადგენელი, რომლის თქმითაც, თბილისში ახლო ნათესავები ჰყავს.

დავით არახამია მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ მასთან მეგობრობს. მისივე თქმით, მას ეხმარებოდა კიდეც პოლიტიკური გაერთიანება "ახალი ძალების რუხის" მშენებლობაში, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიებით გარკვეული სისტემის შექმნას გულისხმობს.

"თავად მოვძებნე და მივედი მასთან, რადგან საქართველოში ყოფნისას, ის ცვლილებები დავინახე, რომელთა გატარებაც დაიწყო და ვიფიქრე, რომ მაგარი იქნებოდა, რომ ეს უკრაინაშიც გვქონოდა. ასე რაღაცნაირად დავმეგობრდით..." – ამბობს არახამია, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას მიესალმება. კითხვაზე, შეხვდა თუ არა სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ, არახამია პასუხობს, რომ მხოლოდ ზოგადი ფრაზით მიესალმა: "ვუთხარი, welcome back to Ukraine".

რა შეეხება "ბრაუნს", დავით არახამიას თქმით, მისი გვარი ინგლისურად საკმაოდ რთულად ჟღერს, ამიტომ გადაწყვიტა იოლი გამოსავალი ეპოვა ისე, როგორც ეს ამერიკაშია მიღებული... ერთ დღესაც სახლში დაბრუნებულმა "ბრაუნის" ფირმის საპარსი აღმოაჩინა და ექსპრომტად გადაწყვიტა, რომ ეს მისი ფრევდონიმი იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ რუსული გამოცემა dosye.info მას ბიტკიონებით ვაჭრობასაც აბრალებს. ინტერნეტგამოცემის ცნობით, არახამია აცხადებდა, რომ მან "ვირტუალური საფულე დაკარგა, 400 ბიტკიონით, რაც ერთ დროს 20 ათასი დოლარის ღირებულების იყო. უკრაინული მედიის ცნობით, დავით არახამია მეორე ქორწინებაშია. მას სამი შვილი ჰყავს.

"ვეთანხმები ჯო ბაიდენს, ვლადიმერ პუტინი მკვლელია" - ლიეტუვას პრეზიდენტი

Ever Given მეჩეჩიდან საბოლოოდ გაიყვანეს - სუეცის არხში მოძრაობა ჩვეულ რიტმში აღდგა

"ერთმანეთს შექსპირის სონეტებს ვუკითხავდით...მაგრამ ახლა..." -  რატომ უწოდებს ბორის ჯონსონს ყოფილი საყვარელი მხდალს? ბრიტანეთის პრემიერის სკანდალური სასიყვარულო კავშირები