ავტორი:

ჯანდაცვის ახალი მინისტრი საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძეა

ჯანდაცვის ახალი მინისტრი საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძეა

ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს. ტიკარაძე მედიას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრის წარდგენას ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკოც ესწრებოდა, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.

„ეკას მინდა წარმატებები ვუსურვო. მას აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი გუნდის. მას აქვს საკმაოდ რთული დავალებები, ამავე დროს, გრაფიკი არის საკმაოდ შეზღუდული. ის ხედვები, რაც აქვს მას, ამავე დროს, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მას უმაგრებს ზურგს, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, დარწმუნებული ვიყო, რომ ეკა იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი და ამავე დროს გახდება ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული სახე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ეკა ტიკარაძე, მინისტრთა კაბინეტში გადანაცვლებამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო. ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობდა, როგორც მიწვეული კონსულტანტი. მანამდე ის სწავლობდა და მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.

„გულწრფელად გეტყვით, ვღელავ, ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და ბატონ დავითს რეკომენდაციისთვის.

ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პირველი ფაზა ნამდვილად წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი არის მეორე ეტაპის განხორციელება, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარი მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად“,- განაცხადა ახალმა მინისტრმა წარდგენისას.

LIVE: "360 გრადუსი" - ბიძინა კულუმბეგოვი, მომღერალი სოფო ბედია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

როგორ ატარებს გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს სხდომას - ფოტოები კანცელარიიდან