ავტორი:

გაიცანით 23 წლის გოგონა, რომელიც აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში 100 %-იანი დაფინანსებით ისწავლის

გაიცანით 23 წლის გოგონა, რომელიც აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში 100 %-იანი დაფინანსებით ისწავლის

აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი ისწავლის 100 %-იანი დაფინანსებით. 23 წლის მარიამ ამინაშვილს ვაშინგტონში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტმა (George Washington University) ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა სრულად დაუფინანსა და სტიპენდიაც დაუნიშნა.

მარიამი საქართველოს 5 წლით დაემშვიდობება და ეკონომიკის მიმართულებით სრულყოფილ ცოდნას მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამსახურთან დაკავშირებით კარგი შემოთავაზება მიიღო, გადაწყვიტა, რომ ორი საუკუნის წინ დაფუძნებულ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა ხელიდან არ გაეშვა.

მარიამმა თავისი ინტერესებისა და გამოწვევების შესახებ დეტალები AMBEBI.GE-ს მკითხველს გაუზიარა.

- მათემატიკით ბავშვობიდან იყავით დაინტერესებული? რა გარემოებებმა შეუწყო ხელი თქვენი პროფესიის არჩევას?

- თბილისის რამდენიმე სკოლაში ვსწავლობდი - სულ ვცდილობდი, ცოდნის მისაღებად უკეთესი ადგილი მეპოვნა. ბოლო წლებში, განსაკუთრებით ხშირად ვიცვლიდი სკოლებს. ბოლოს სანზონაში 32-ე სკოლა დავამთავრე. სკოლაში ძალიან მომწონდა მათემატიკა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულებით გავაგრძელე.

ეკონომიკასთან პირველი შეხება ჩეხეთში, „მასარიკის უნივერსიტეტში“ მქონდა, სადაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის განმავლობაში ვსწავლობდი. საქართველოში რომ დავბრუნდი, უკვე ვიცოდი, რომ ეკონომიკის უფრო საფუძვლიანად შესწავლა მინდოდა.

ბევრისგან ვიცოდი, რომ ამისთვის მთელ რეგიონში ამ მხრივ, ISET საუკეთესო ადგილი იყო, როგორც დასავლური სტანდარტებით, ისე სწავლების მაღალი ხარისხით, გამორჩეული ფაკულტეტით, სადაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორები იყვნენ. ასევე ვიცოდი მათი კურსდამთავრებულების წარმატებების შესახებ და ცხადია, ბევრი არ მიფიქრია სად გამეგრძელებინა სწავლა.

- „ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის“ სტუდენტობამდე გავლილი გზა მარტივი არ იქნებოდა... როგორია ასეთ პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე მოხვედრა?

- სანამ უნივერსიტეტებში საბუთებს გავგზავნიდი, რამდენიმე საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება დამჭირდა. ეს „აისეტის“ დატვირთული რეჟიმის ფონზე ნამდვილად არ იყო ადვილი. ასევე, ჩემი ამჟამინდელი ლექტორების სახით სამი რეკომენდატორი მყავდა, რომლებმაც ჩემს წარმატებაში დიდი როლი ითამაშეს. ვფიქრობ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის გარეშე ამ ეტაპამდე მისვლა ძალიან გამიჭირდებოდა.

- რამდენი ხნით ემშვიდობებით საქართველოს და როგორია თქვენი ემოციები?

- ცხადია, გული მწყდება რომ მივდივარ, მაგრამ ამავდროულად ძალიან მიხარია, რადგან წინ ჩემთვის ჯერ უცნობი და საინტერესო ცხოვრება მელოდება.

- გიწევთ თუ არა აქ იმ ადამიანების ან სამსახურის დატოვება, რომელთა გამოც გული გწყდებათ?

- რადგან ვიცოდი რომ მივდიოდი, იძულებული გავხდი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებულ პოზიციაზე უარი მეთქვა, რაზეც ცოტათი მწყდება გული, რადგან ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. გარდა ამისა, საქართველოში ვტოვებ ოჯახს, სადაც დავიბადე და გავიზარდე და რომლის ყველა წევრიც ძალიან მიყვარს და განვიცდი, რომ გარკვეული დროით მათგან შორს უნდა ვიყო.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, მას შემდეგ, რაც ეკონომიკის დოქტორის ხარისხს მიიღებთ, მუშაობას აშშ-ში გააგრძელებთ?

- ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება იმას, რომ მინდა არჩეული პროგრამა წარმატებით დავასრულო და მიღებული ცოდნა საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოვიყენო.

"ტელეფონით საუბრის დროსაც კი იარეთ" - როგორ შევინარჩუნოთ ფიზიკური აქტივობა თვითიზოლაციისას და რა ვარჯიშებს გვირჩევს ჯანმო

ეკა დემეტრაძის ახალი ცხოვრება - მსახიობი "ჩემი ცოლის დაქალებში" ნაპოვნ სიყვარულთან ერთად (ფოტო)

"გეგმაშია, რომ იქითა კვირის ბოლოს დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ" - ამირან გამყრელიძე აგრესიულ ტესტირებაზე