ავტორი:

ავტობუსები ღამის საათებში გლდანი-ვარკეთილის გარდა, სხვა უბნებშიც დაინიშნება

ავტობუსები ღამის საათებში გლდანი-ვარკეთილის გარდა, სხვა უბნებშიც დაინიშნება

თბილისში ავტობუსებმა ღამით შესაძლოა, ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის მარშრუტის გარდა, სხვა უბნებშიც იმოძრაოს.

ამის შესახებ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც გვარჯალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია სხვა რაიონების პოტენციალის შესწავლას გეგმავს, სადაც ავტობუსები ღამით საპილოტე რეჟიმში დაინიშნება.

„ამ წლის მანძილზე რა განაცხადიც გავაკეთეთ, მაგალითად, ტრანსპორტის მიმართულებით, ეს საკმაოდ კარგად მუშაობს. ახლა ვაკვირდებით სხვაგანაც ხომ არ არის საჭირო მსგავსი პროექტის გაშვება. პრინციპმაც გაამართლა, რადგან საპილოტე რეჟიმში წავედით და შევაფასეთ, გავზომეთ და ისე გავუშვით, თან სეზონის გარე პერიოდში. დღეს ვხედავთ, რომ მოთხოვნა არის. არ გვქონდა საშუალება დიდი საკომუნიკაციო კამპანიები დაგვეწყო და ინტერნეტის საშუალებით შევძელით საზოგადოებისთვის გვეცნობებინა ამ სიახლის შესახებ, რომ არსებობს 222 ნომერი ავტობუსი, რომელიც ღამის განმავლობაში დედაქალაქში მოძრაობს“, - განაცხადა გვარჯალაძემ.

მისივე თქმით, ზამთართან შედარებით, მგზავრთა რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია.

„რასაც ვაკვირდებით, თითო ასვლაზე, თანაც არაცენტრალურ უბნებში 50-60 კაცი მოძრაობს რეგულარულად. გააჩნია საათებსაც, 2-ის ნახევრის მერე ბევრად ნაკლები ხალხი მოძრაობს. ამასთან, გააჩნია იმასაც, რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქალაქში. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დიდი აქტივობაა. თუ ფესტივალი ტარდება, არ რაიმე ღონისძიებაა შესაბამისად, მეტი ადამიანი მოძრაობს. საკმაოდ შევსებულია ეს ავტობუსი და ნამდვილად გაამართლა. რაც შეეხება რაიონების დამატებას, მუდმივად გვწერენ რა დააშავა მაგალითად, ნაძალადევმა და რატომ არ დადის იქ ავტობუსი. ვფიქრობთ, ასეთივე რეჟიმში გავზომავთ რამდენიმე სხვა მიმართულებას დაბალი სეზონურობის პირობებში და პროცენტულად შევადარებთ სად არის მეტი ტრაფიკი. ამის მიხედვით, ისევ სატესტო რეჟიმში წავალთ“, - აღნიშნა გვარჯალაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ