ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ გადაიფორმა "ნაცმოძრაობა" - ექსპერტები გუშინდელი აქციის დარბევასა და მოვლენების სამომავლო სცენარზე

"ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ გადაიფორმა "ნაცმოძრაობა" - ექსპერტები გუშინდელი აქციის დარბევასა და მოვლენების სამომავლო სცენარზე

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ საბოლოოდ გადაიფორმა „ნაციონალური მოძრაობა“. ის არის სამართალმემკვიდრე ყველა იმ მანკიერების, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომელმაც გასულ ღამით თბილისში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ექსპერტის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა იმ საკითხზეც კი, რომელზეც სრული კონსენსუსი არსებობდა, ის ქმედებები არ განეხორციელებინა, რაც მოხდა.

„პოლიტიკური კონტექსტი წარმოუდგენელია, რადგან ფაქტობრივად, ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როცა მხარეები შეთანხმდნენ და სრული კონსენსუსი იყო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საკითხის შინაარსთან დაკავშირებით. თუმცა, ამ საკითხზეც კი მოახერხეს და რაღაც საშინელება ჩაატარეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს აქვს, თუმცა საბოლოო ჯამში, ასეთ სიტუაციებზე პასუხისმგებლობა ძირითადად მაინც ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც სრული კონსენსუსის პირობებში ვერ მოახერხა სწორი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა. საბოლოოდ, ხელისუფლებამ ფორმალური მიზეზებით სცემა ხალხი. გასაგებია, დაშალეს აქცია, მაგრამ შემდეგ დევნა და ცემა-ტყეპა უკვე იყო უპატიებელი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის შეფასებით, პრობლემა, როგორც „ქართულ ოცნებაში“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობაშიცაა“, რომლებიც მისი თქმით, სიმბიოზად იქცნენ.

„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ საბოლოოდ გადაიფორმა „ნაციონალური მოძრაობა“, თქვა, რომ ის არის სამართალმემკვიდრე ყველა იმ მანკიერების, რაც ახასიათებდა „ნაციონალურ მოძრაობას“. შესაბამისად, პასუხისმგებლობა არის ამ მანკიერ სიმბიოზზე. ეს არის აშკარა სიმბიოზი, რომელიც ერთმანეთით იკვებება და მძევლად ჰყავს აყვანილი მთელი ქვეყანა. სიმბიოზის გაყოფა თუ შეუძლებელია, ის მთლიანად უნდა მოიშორო. ეს არის სწორი გამოსავალი. როდის მოახერხებს ამას ქართული საზოგადოება, არ ვიცი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

„ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, დასრულდა. საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს პასუხი პოლიტიკურად მათაც, ვინც ამ პროვოცირებას ხელი შეუწყო და ხელისუფლებას მისცა საშუალება ეს ვანდალური ქმედება გაემართლებინა, - ასე აფასებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გასულ ღამით, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ძაბირაძე აცხადებს, „ქართული ოცნების“ პრობლემა სიტუაციის გაუთვლელობაა, რომელმაც თავი ბოლო დღეებშიც იჩინა.

„რაც შეეხება გავრილოვთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე პროცესს, აქ ორი აზრი არ არის და ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს იყო ძალიან ცუდი მოვლენა. სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა. ვინ არის კონკრეტულად დამნაშავე, ამის თქმა ძალიან გამიჭირდება. ზოგადად, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა ყველაფერზე პასუხისმგებელი. „ქართულ ოცნებას“ მუდამ აქვს პრობლემა გაუთვლელობის, ჯერ რაღაცას აკეთებს და შემდეგ იწყებს ფიქრს. მთელი ეს პროცესი ხელისუფლების სინდისზეა. არ არსებობს სიტუაცია, როდესაც საკუთარ ხალხს საქართველოს ხელისუფლება ამ ენით უნდა ესაუბროს. „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია დასრულდა და რამდენ ხანს შეინარჩუნებს ხელისუფლებას, ეს სხვა თემაა. იყო პროვოცირებაც. ნეიტრალურმა საზოგადოებამ პასუხი უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკურად მათაც, ვინც ამ პროვოცირებას ხელი შეუწყო, ვინც მოუწოდა ადამიანებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში და მით მისცა საშუალება ხელისუფლებას, ეს ვანდალური ქმედება გაემართლებინა. თუ ჩვენ ამას თვალს არ გავუსწორებთ, კიდევ მრავალჯერ აღმოვჩნდებით შარში. ადამიანები ცდილობენ პროვოცირებით ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. იქ აქცია სხვაგვარად მიდიოდა და მხოლოდ ასეთი პროვოკაციული მოწოდებების შემდეგ მიიღო მან სხვა გაგრძელება“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლებას ძალის ნაკლები გამოყენებითაც შეეძლო მოქალაქეები შეეჩერებინა.

„დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას შეეძლო ნაკლები დაზიანებებით დაეშალა მიტინგი. პასუხისმგებლობა მომხდარზე ეკისრება ხელისუფლებასაც და იმასაც, ვინც პროვოკაციული მოწოდებებით გამოვიდა. სამწუხაროდ, ასეთი ვერსიაცაა, რომ ის, რაც რუსთაველზე მოხდა, ვგულისხმობ დარბევას, ხელს აძლევდა, როგორც ხელისუფლებას, ასევე, ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც პროვოცირებაში მიიღო მონაწილეობა, რადგან არც ერთს არ აქვს იმედი, რომ არჩევნების გზით შეიძლება ერთმა ძალაუფლება შეინარჩუნოს და მეორემ მოიპოვოს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად, პირველ რიგში, სიტუაციის მშვიდობიანად გაგრძელება ესახება, თუმცა დასძენს, რომ საბოლოო ჯამში, საპარლამენტო კომისიის შექმნა სწორი ნაბიჯი იქნება.

„პირველ რიგში დღეს დაანონსებულმა აქციამ უნდა ჩაიაროს მშვიდობიანად და ხელისუფლება არ უნდა ეცადოს აღკვეთოს მშვიდობიანი აქცია. შემდეგ უნდა დაიწყოს დადგენა, ვინ რა გააკეთა და როგორ. აუცილებელია, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც მთლიანობაში შეისწავლის ამ პრობლემას. ეს არის ამ წუთში გამოსავალი“, - განაცხადა ძაბირაძემ.

გუშინ გავნითრებულ მოვლენებს აფასებს ასევე ექსპერტი გია ნოდია:

"ხელისუფლებამ ორჯერ გამოისვა ყელში დანა: ჯერ გავრილოვის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩასმით, მერე იმით, თუ როგორ დაშალა საპროტესტო აქცია.

დიახ, ხელისუფლებას აქციის დაშლის საფუძველი ჰქონდა. დიახ, ნიკა მელიას მოწოდება პარლამენტში შეჭრისკენ იყო სრულიად უპასუხისმგებლო და მას გამართლება არა აქვს. დიახ, პოლიციელებზე თავდასხმა არის დაუშვებელი.

2007 წლის 7 ნოემბერსაც და, მითუმეტეს, 2011 წლის 26 მაისსაც იმდროინდელ ხელისუფლებას აქციების დაშლის ლეგალური საფუძველი ჰქონდა. მაგრამ ამის გაკეთება მას სერიოზულ პოლიტიკურ ფასად დაუჯდა. ამ ხელისუფლების სპიკერებმა და მომხრეებმა ის დაშლები წინა ხელისუფლებას უპატიებელ დანაშაულად ჩაუთვალეს. ახლა თვითონ უარესი გააკეთეს.

ამ შემთხევაში, თვითონ დაშლის პროცესი იყო, ერთი მხრივ, არაპროფესიონალიზმის, მეორეს მხრივ კი, გაუმართლებელი სისასტიკის მაგალითი. რეზინის ტყვიების გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს გამართლება იმით, რომ ის ნამდვილ ტყვიებს ჯობია. მაგრამ ეს გამართლება შეიძლება მუშაობდეს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დანაშაულის აღკვეთის იმწამიერი აუცილებლობა არსებობს. როდესაც პარლამენტის შენობაში შეჭრის საფრთხე აღარ არის და მაინც რეზინის ტყვიებით დასდევ ხალხს ქუჩებსა და სკვერებში, ეს შეუძლებელია რამით გაამართლო.

ხელისუფლებამ მორალური ლეგიტიმურობის ის ნარჩენებიც დაკარგა, რაც ჰქონდა. მაგრამ ეს სიხარულის საფუძველი არ უნდა იყოს - ეს ქვეყნისთვის, სახელმწიფოებისთვის უდიდესი საფრთხეა. ქვეყანას ლეგიტიმური ძალაუფლება სჭირდება. ჩვენი ყველას საერთო ინტერესია პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნება, თუმცა ეს ძალიან ძნელია.

ოპოზიციის მხრიდან ეს უნდა ნიშნავდეს სადღაც შევარდნის და რაღაცის დაკავების ცდუნებაზე უარის თქმას. ცდუნება არსებობს, თითქოს რევოლუციური მომენტია, მაგრამ კარგი ამას არაფერი მოყვება.

მეორეს მხრივ, მშვიდობიანი მასობრივი პროტესტი გამართლებულიცაა და აუცილებელიც. ოღონდ სრულიად არაპროდუქტიული იქნება, რომ მათ რომელიმე ერთი პარტია მოექცეს სათავეში (თუნდაც ამ წუთში „კოალიცია“ ერქვას). ვიცი, რომ ძალიან ძნელია, მაგრამ წამყვანმა პარტიებმა სიმწიფე უნდა აჩვენონ იმით, რომ ქმედებების რაღაც გეგმაზე შეთანხმდნენ, რაც რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იქნება მისაღები - მათ შორის იმ არაპარტიული აქტივისტებითვისაც, ვისი ინიციატივითაც გუშინდელი აქცია საერთოდ შედგა.

კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლებამ არაორდინარული ნაბიჯები უნდა გადადგას. 2007 წელს პრეზიდენტი გადადგა - ახლა ეს შეუძლებელია, რადგან არაფორმალური ლიდერი ვერ გადადგება. კობახიძის და გახარიას გადადგომა აუცილებელია, მაგრამ უკვე არასაკმარისი.

რაკი სრულად პროპორციული არჩევნების წესი არის ის, რაც საზოგადოებას ასე თუ ისე აერთიანებს, ხელისუფლება ამას დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს.

არ ვიცი, ესეც საკმარისი იქნება თუ არა, რომ საქმეს ეშველოს, მაგრამ აუცილებელი კია".

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები