ავტორი:

"საქართველოზე ასე საუბრის უფლება, არც სტურუას აქვს და არც არავის!" - ცნობილი ხელოვანები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ

"საქართველოზე ასე საუბრის უფლება, არც სტურუას აქვს და არც არავის!" - ცნობილი ხელოვანები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ

"ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის!" - მას შემდეგ, რაც რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა რობერტ სტურუამ საქართველოში განვითარებული მოვლენები ამ სიტყვებით შეაფასა, რეჟისორის მიმართ პროტესტი გამოხატა საზოგადოების ნაწილმა, მათ შორის ხელოვანებმაც.

მსახიობი ნინო კასრაძე რეჟისორს ემოციური პოსტით გამოეხმაურა, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ "ახალი საქართველო ახლა იბადება – უკომპრომისო, პატრიოტი და ზოგი ცალთვალა..." და რომ 25-წლიანი ურთიერთობის მანძილზე, სტურუას მიმართ პირველად სწორედ ამ განცხადების გამო გაუჩნდა პროტესტი.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რას ფიქრობენ ცნობილი რეჟისორის დამოკიდებულებაზე, რომ "საქართველო აღარ არის!" და ზოგადად, როგორ აფასებენ ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს საზოგადოების ცნობილი სახეები.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი რეჟისორი - ლანა ღოღობერიძე წლების განმავლობაში პოლიტიკაში იყო, ბოლო დროს პოლიტიკაზე საუბრისგან თავს მაქსიმალურად იკავებს... თუმცა, ამჯერად გამონაკლისი დაუშვა და მოკლე კომენტარით სათქმელი თქვა:

"ავად ვარ, მაღალი სიცხე მაქვს, მაგრამ ყველაფერს თვალს ვადევნებ... საერთოდ ყოველთვის პროგრესის და ახალგაზრდების მომხრე ვარ! ახალგაზრდებმა უნდა აიღონ ხელში ქვეყნის ბედი! რაც შეეხება რობიკო სტურუას განცხადებას - საქართველო აღარ არსებობსო, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები! ვიცი რომ მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა მის სიტყვებს და არის რაღაც საკითხები, სადაც არც მესმის სხვა აზრი როგორ შეიძლება იყოს! თუმცა, ყველას აქვს თავის აზრის გამოთქმის უფლება...

მსახიობი იმედო კახიანი ხელისუფლების გაუაზრებელ ნაბიჯად მიიჩნევს რუსი დეპუტატის პარლამენტში მიწვევის ფაქტს, თუმცა თვლის, რომ პროცესების განვითარებაზე გარკვეულმა ძალებმა "ხელი მოითბეს".

"მოგეხსენებათ, დიდად აქტიური პოლიტიკურ ამბებში მე არ ვარ, მაგრამ არიან ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ! ვხედავ რომ სრულიად მოუმზადებლები იყვნენ, თუ რა ღონისძიებას ატარებდნენ და რამდენად დიდ გაღიზიანებას გამოიწვევდა ხალხში... ბუნებრივია ხალხი გაბრაზდებოდა, რუსი დეპუტატი რომ პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში წამოჯდა და იქედან მედიდურად გვესაუბრებოდა. ამას წინასწარ როგორ ვერ უნდა მიმხვდარიყვნენ?! ყველანაირად თავი მოიჭრეს!

რაც ყველაზე მეტად გულს მიკლავს, ის არის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩასაფრებულები არიან ქვეყანაში ოღონდ ცუდი რამე მოხდეს. ხვდებით ალბათ რომელ პოლიტიკოსებსაც ვგულისხმობ და ახლა რომ მოთქვამენ ძალის გადამეტება იყოო, დარწმუნებული ვარ მათზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, აქციაზე ხუთი კაცი მაინც რომ მომკვდარიყო... ასეთ ხალხს პოლიტიკოსები კი არა ქვეყნის მოძულეები ქვიათ!

როგორ უნდა გიხაროდეს შენს ქვეყანაში ცუდი რამ თუ ხდება?! შეიძლება მე და თქვენ არ გვქონდეს ერთი აზრი, მაგრამ ამის გამო ქვეყანა უნდა გავწიროთ, ოღონდ პარლამენტში დავსხდეთ?! არ ვიცი ასე რამ გააბოროტა ეს ხალხი!

- როგორ ფიქრობთ, აქციაზე ძალის გადამეტება იყო?

- გიორგი გახარია როგორც მინისტრი მომწონს, საქმიანი და მცოდნე კაცი ჩანს. რაც შეეხება ძალის გადამეტებას, არ ვიცი როგორია საერთაშორისო სტანდარტი, როდის რისი უფლება აქვთ და ალბათ გახარიაც ამ სტანდარტს მიყვა, თვითონ ხომ არ გამოიგონებდა ახალ რამეს?

მე მინახავს როგორ არბევენ საზღვარგარეთ დემონსტრაციებს და უმძიმესი სანახავი იყო... როცა ადამიანი კანონს არ ემორჩილები და შტურმით შედიხარ პარლამენტში, იქ დაისჯები! რაღაცეები არის, რასაც უნდა დაემორჩილო! დემოკრატია არ არის იძახო, რასაც მინდა იმას გავაკეთებო და სახელმწიფო ინსტიტუციები დაარბიო... ლიდერები მოუწოდებდნენ ავიღოთ პარლამენტიო და ეს წაქეზება დანაშაული არ არის, იქნებ ვინმემ ამიხსნას? ხელი კრეს ახალგაზრდებს უფსკრულისკენ, აი ეს არის ვაიპოლიტიკოსების ბრალი - ოღონდ თვითონ მოვიდნენ და ქვეყანა რაც უფრო დაიქცევა, ის უფრო უნდათ!

- რობერტ სტურუას განცხადებაზე რას იტყვით - "საქართველო აღარ არსებობსო"...

- მაგის თქმის უფლება არც რობიკოს აქვს და არც არავის! ამაზე ბევრად მძიმე პერიოდი ახსოვს საქართველოს და ყოველთვის არსებობდა! რობიკო სტურუას კრიტიკას არავინ აპირებს, დიდი ღვაწლი აქვს ქართულ ხელოვნებაში, ვამაყობთ მისი სპექტაკლებით, მაგრამ ასე ხელაღებით ლაპარაკი საქართველოზე არ გამიგია და არ მგონია ნორმალური იყოს!

მსახიობი კახი კავსაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და პოლიტიკური განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავა:

- როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ძალის გადამეტება და უნდა შესრულდეს თუ არა აქციის მონაწილეების მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ?

- უიმე, რას მეკითხებით ახლა თქვენ, ეგ ჩემზეა დამოკიდებული, მე უნდა მოვუწერო ხელი? რაც შეეხება ძალის გადამეტებას, ძალიან არ მიყვარს იმის ყურება, ხალხი როგორ გარბი-გამორბის... მეტს მე ვეღარაფერს გეტყვით და კითხეთ იმ შესანიშნავ კაცს – ლადო კახაძეს ახლა რომ ავირჩიეთ. ძალიან კარგი ლექსი აქვს მას დაწერილი და წაიკითხეთ, ბევრ რამეს აღმოაჩენთ იქ!

- რობერტ სტურუას განცხადებაზე რას ფიქრობთ? მისმა ფრაზამ - "საქართველო აღარ არსებობსო" პროტესტი გამოიწვია...

- აბა რა არისო ახლა?! არ ვიცი რას დაუკავშირა ასეთი განცხადება, მაგრამ მან თუ თავის აზრი გამოთქვა, მე რა შუაში ვარ? რა მნიშვნელობა აქვს, ვთქვათ დავეთანხმო და გაჩერდება, ან არ დავეთანხმო და არ გაჩერდება? ათასჯერ და ათიათასჯერ მაქვს ნათქვამი, ყველგან, სადაც გამოვდივარ ვიძახი – ერთმანეთს პატივი ვცეთ და ერთმანეთი გვიყვარდეს, მანამ ეს არ მოხდება, არაფერი არ გვეშველება! გვეშველება რამე? - ხომ გახსოვთ ჩემი ცნობილი გამონათქვამი...

AMBEBI.GE-სთან საუბარში "ქართული ოცნების" პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ დაუმალავს მომღერალსა და მსახიობს ბუბა კიკაბიძეს. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთლიანი მთავრობის შეცვლა სურს:

"საზიღრობა მოხდა, აქციაზე რომ ხალხი დაარბიეს. მე ვფიქრობ, რომ მთელი მთავრობა აუცილებლად უნდა გადადგეს! პატარა ბავშვებს მოუყვნენ ზღაპრებს, თითქოს ძალის გადამეტება მაგათი ხელწერა არ იყოს! საქართველოში არ ვიყავი, თორემ აქციაზე გავიდოდი და ხალხს გვერდით დავუდგებოდი, მიუხედავად იმისა, რომ სიარული ძალიან მიჭირს...

ძალიან კარგია ახალგაზრდები რომ გამოვიდნენ, თორემ საშველი აღარ იყო. საოცრად კარგები და იმედისმომცემი არიან, ჩვენი გოგო-ბიჭები! სამშობლო უყვართ ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მთავრობას ხალხი არ უყვარს, თორემ ასე არ მოექცეოდნენ!

- რეჟისორმა რობერტ სტურუამ დაწერა, საქართველო აღარ არსებობსო...

- მითხრეს და უსირცხვილო კაცია ეგ! აქვე უნდა გითხრათ გავრილოვზე, მე ძალიან კარგად ვიცი ვინც არის ეგ - საზიზღარი, კომუნისტი კაცია მართლმადიდებლობას ამოფარებული. ყოველთვის მხარს უჭერდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას... ჩვენებს ეტყობა დაავიწყდათ, რუსეთისგან რამდენი ცუდი იყო. ძალიან მალე გვავიწყდება რაღაც-რაღაცეები და ასე არ შეიძლება.

ახლაც გავრილოვის ჩამოსვლა მგონია წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო, აქ რომ არეულობა მომხდარიყო და მოხდა კიდეც! ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ბავშვები, რამე ცუდზე არ წამოეგონ! აქციაზე ახალგაზრდები ნასვამები არ უნდა მიდიოდნენ. ამის წინ ვუყურებდი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ერთმანეთს როგორ ეჯაჯღანებოდნენ. ასეთ არაადეკვატურებს უცებ ჩაითრევენ და რამე ცუდს გააკეთებინებენ... ღმერთმა არაფერი ქნას ცუდი, ამ ახალგაზრდებს დიდი იმედით შევყურებთ!