ავტორი:

კოალიციური მთავრობა თუ ქაოსი - რას მიიღებს საქართველო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლით?

კოალიციური მთავრობა თუ ქაოსი - რას მიიღებს საქართველო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლით?

4-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ხელისუფლებამ მანიფესტანტთა მოთხოვნებიდან ერთ-ერთი უმთავრესი დააკმაყოფილა - 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. ფართომასშტაბიან პოლიტიკურ რეფორმაში პარტიებისთვის ნულოვანი ბარიერია გათვალისწინებული.

კონსტიტუციის მიხედვით აქამდე არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ტარდებოდა. ყველა რეგიონს პარლამენტში ერთი წარმომადგენელი ჰყავდა. შესაბამისად, პარლამენტის 150 დეპუტატის მანდატი იყოფოდა 73 მაჟორიტარით და 77 პროპორციული სიით შესული დეპუტატით.

ოპოზიცია ხშირად საუბრობდა მაჟორიტარული სისტემის უარყოფით მხარეებზე და ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ მეთოდადაც ასახელებდა. ამიტომ, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ მოთხოვნით უკვე რამდენიმე თვეა გაერთიანებულია და ხელისუფლებას 2024 წლის ნაცვლად 2020 წელს სთხოვდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამასთან, დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებაც კი დაიწყეს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ მოთხოვნებს ახალგაზრდებიც შეუერთდნენ და პარლამენტის წინ გამართული აქციების ერთ-ერთ მოთხოვნადაც იქცა, "ოცნებას" კომპრომისზე წასვლა მოუხდა.

მმართველი ძალის ამ გადაწყვეტილებას ერთი შეხედვით ოპტიმისტურად უყურებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ გადაწყვეტილება კოალიციური მთავრობის და ქაოსის შექმნის წინაპირობაც გახდეს.

"ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, არის ძალიან კარგი. ეს არის პოზიტიური შედეგის წინაპირობა. სწორედ ამას ითხოვდა საზოგადოება. ასეთი უკან დახევა და კომპრომისის მიღწევა დადებითაც უნდა შეფასდეს. თუმცა, ეს ნულოვანი ბარიერი ცოტა საფიქრალია და სადავო თემაა რას მივიღებთ.

"ოცნება“ ეცდება, დომინანტის როლი მოირგოს. ვფიქრობ, რესურსები მაინც მნიშვნელოვანი იქნება და ამგვარი გადანაწილების პირობებში მოხდება თუ არა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება, ვერ გეტყვით. კოალიციური მთავრობა გულისხმობს თანამშრომლობას, დღეს კი ოპოზიციური სპექტრი იმდენად მტრულად არის განწყობილი, რომ მათ შორის თანამშრომლობა ვერ წარმომიდგენია. ამიტომ მთავარი რისკი არის ქაოსი და გადაწყვეტილების მიუღებლობა, რაც შეიძლება მივიღოთ საბოლოოდ" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ.

მისგან გასნხავებით „ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას უპირობოდ მიესალმება ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს არის კოალიციური მთავრობის შექმნის წინაპირობა, რაც ქვეყანაში დემოკრატიას გააუმჯობესებს.

მისი თქმით, პარტია, რომელიც 0,67 %-ს ვერ გადალახავს, მისი ადგილი პოლიტიკურ სპექტრში არ არის.

"ძალიან მივეჩვიეთ ერთპარტიულ პარლამენტს, ამიტომ მრავალპარტიულობა გვაშინებს. თუმცა, 1992-95 წლებში იყო ძალიან ჭრელი პარლამენტი. მაშინ ყველა მოქმედი პარტია იყო წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, ამ პარლამენტმა გაუძლო ყველაზე დიდ კრიზისებს, რაც კი ამ ქვეყანაში ყოფილა - სამოქალაქო ომიდან დაწყებული, კუპონებით დამთავრებული.

უფრო დიდი კრიზისი დაიწყო შემდეგ, რაც მრავალპარტიულობა ერთპარტიული „მოქალაქეთა კავშირის“ პარლამენტით ჩანაცვლდა. ამიტომ არ ვთვლი, რომ ჭრელი პარლამენტი საქართველოში დამღუპველია. მეორე, ნულოვანი ბარიერი არ ნიშნავს იმას, რომ 150 პარტია გვეყოლება პარლამენტში წარმოდგენილი. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ის პარტიები შევლენ პარლამენტში, რომელთა მიღებული პროცენტების ჯამი იქნება 100%.

ვერ ვიტყვი ასე დაჟინებით, პრორუსული პარტია რამდენი შევა და საერთოდ ვინ მოახერხებს დეპუტატის მანდატის მოპოვებას. პროცენტი დაბალი ჩანს, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ასე ადვილი იქნება. არჩევნები რომ იწყება, ამომრჩეველთა უმრავლესობა მაინც მსხვილი პარტიებისკენ იწევს. ასე რომ, პრორუსული ჯგუფები ჯამურად ვერაფერს იზამენ, არ აქვთ ასეთი მხარდაჭერა, რომ პარლამენტში კლიმატი შეცვალონ.

დღესდღეობით სამი პროდასავლური ძალაა გამოკვეთილი - ეს არის „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. მათი ჯამური რაოდენობა, თუ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს ავიღებთ, იყო 85% დანარჩენი 15% - ვთქვათ, თუ შევიდა პრორუსული ძალა, არც ამით შეიცვლება რამე. მაინც ვერაფერს იზამენ. თუ პარტია 0,67 პროცენტს ვერ აგროვებს, ანუ ორი მილიონი ამორჩევლიდან 13 ათასამდე ხმას ვერ იღებს, რა პარტიაა მაშინ?!" - აღნიშნა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ნულოვანი ბარიერი დაასრულებს "ნაციონალური მოძრაობის“ და „ოცნების“ ბატონობას პოლიტიკურ სივრცეში.

„ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაპირების ძალიან დაგვიანებული შესრულება. “ოცნება“ ხელისუფლებაში ამ დაპირებით მოვიდა. ეს არის ნიადაგი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა პოლიტიკურ პარტიას, გამოიჩინოს თავი, დამკვიდრდეს და მოხვდეს პარლამენტში. აღარავის ექნება სათქმელი, რომ არ მაქვს პირობები შევიდე პარლამენტშიო.

ამ არჩევნებით ყველას რეალური პოლიტიკური წონა დაედება. ეს ასევე არის საშუალება, რომ ახალი თაობა მოვიდეს პოლიტიკაში და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თავშეფარებულის სახით, არამედ ძალიან სერიოზული განაცხადი გააკეთონ პოლიტიკაში მოსვლით. მრავალპარტიულობა ყოველთვის ჯობია, გვეყოლება კოალიციური მთავრობა და ეს არის იდეალური ვერსია, ამას გულისხმობს სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკა“ - უთხრა ლაგაზიძემ AMBEBI.GE-ს.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას მიესალმებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. საია-ს იურისტის ვახუშტი მენაბდის თქმით, ამ საარჩევნო სისტემით ამომრჩევლის ნების ზუსტი ასახვა მოხდება.

"მშვენიერი საარჩევნო სისტემაა, უაღრესად დემოკრატიული. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ პარტიებს იმდენი დეპუტატი ჰყავდეთ, რამდენი მხარდაჭერაც აქვს. საზოგადოების განწყობების ზუსტი ასახვა მოხდება ამ საარჩევნო სისტემით. ხოლო, ეს სისტემა პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორ გადაითარგმნება, ეს დამოკიდებული იქნება იმ დროისთვის არსებულ ვითარებაზე. მე როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ზუსტად ამ სისტემაზე გადასვლას ვითხოვდი", - გვითხრა მენაბდემ.

„მთავარი შედგა. პროპორციული არჩევნების დანიშვნა - ეს უკვე შედეგია, თუმცა 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა. 3 ან 5%-იანი ბარიერი უფრო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნებოდა,“ - ასე აფასებს განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილის შეფასებით, შესაძლებელია, რომ კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილება 0%-იანი ბარიერის შესახებ შეიცვალოს. მისი თქმით, არსებულ პირობებში ხელისუფლების ამაზე დათანხმება უკვე შესაძლებელია.

„მთავარი მაინც შედგა - პროპორციული არჩევნების დანიშვნა და მაჟორიტარული მანკიერების დასრულება, ეს უკვე შედეგია. რაც შეეხება 0%-იან ბარიერს, ვფიქრობ, ეს კიდევ იქნება დისკუსიის საგანი, ანუ აქ უკვე შეიძლება კონსენსუსის ძიება. რა თქმა უნდა, 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა, ამიტომ 3 ან 5%-იანი ბარიერი ვფიქრობ, უფრო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იქნებოდა. ხელისუფლებას უკვე „მოკაკვული აქვს თითი“ და ამ პირობებში ამაზე დათანხმება უკვე შესაძლებელია. ეს აღარ არის პრინციპული საკითხი, რაზეც ხელისუფლება სიჯიუტეს და ფეხების ბაკუნს დაიწყებს.

0%-იანი ბარიერი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს, რადგან მათ ინტერესშია, რომ ეს ორპოლუსიანობა შეინარჩუნონ. ამიტომ ახლა ისინი ამის დრამატიზებას დაიწყებენ. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დრამატულია. ის, რომ 0%-იან ბარიერს ხელისუფლება საარჩევნოდ საკუთარ ინტერესებში გამოიყენებს, არა მგონია ასე იყოს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ აჩვენა აბსოლუტური უგუნურება. მისი თქმით, პოლიტიკური ფასი, რომელიც ხელისუფლებას უნდა გადაეხადა, ყოველ ჯერზე დააგვიანეს.

„ხელისუფლებამ, პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, აჩვენა აბსოლუტური უგუნურება. მან არ გადაიხადა ის პოლიტიკური ფასი, როდესაც უნდა გადაეხადა და მუდმივად 24 საათი აგვიანებდა. ხელისუფლებამ კობახიძე არ გადააყენა მაშინ, როცა უნდა გადაეყენებინა და ამან ტრაგედიამდე მიგვიყვანა. ეს ისევ ხელისუფლებას დაუბრუნდა ბუმერანგივით და ფასი გაიზარდა. ივანიშვილი როგორც იქნა მიხვდა იმას, რომ კიდევ 1 დღეს თუ დააგვიანებდა, ფასი კიდევ უფრო გაიზრდებოდა და მთელი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა დადგებოდა. ამდენად, მეტ-ნაკლებად ადეკვატურად მოიქცა. არ მინდა, რომ დავუკარგო. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, თუმცა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლასი არის „პლინტუსს ქვემოთ“, ეს ფაქტია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები