ავტორი:

"სულ ამბობდა, სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო და 10 წუთიც ვერ გაძლო..." - რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე ერთ დღეს გარდაიცვალნენ

"სულ ამბობდა, სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო და 10 წუთიც ვერ გაძლო..." - რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე ერთ დღეს გარდაიცვალნენ

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, დრამატურგი, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სახალხო არტისტი სანდრო მრევლიშვილი. ამ ტრაგიკულ ამბავს, რეჟისორის გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში მეორე უბედურება მოჰყვა - გულის შეტევით სანდრო მრევლიშვილის მეუღლე, მანანა ჭელიძე გარდაიცვალა.

სანდრო მრევლიშვილის მიერ დაარსებული თეატრის "რუსთაველის 19"-ის მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება მასწავლებელსა და მის მეუღლეს:

"მინდა სევდიანი მაგრამ საოცარი ისტორია მოგიყვეთ სიყვარულზე... ალბათ წიგნში თუ წაგიკითხავთ ან ფილმში გინახავთ მსგავსი სიყვარული, სიყვარული, რომელიც გაცოცხლებს და გკლავს, გრძნობა, რომელიც ძალიან მდიდარია ემოციებით და გრძნობა, რომელიც ყველას არ შეუძლია, მითუმეტეს ისე, როგორც ეს ქალბატონმა მანანამ შეძლო! სულ ამბობდა სანდროს გარეშე ვერ ვიცოცხლებო, ხოდა ვერ იცოცხლა!!! 10 წუთიც ვერ გაძლო... დარწმუნებული ვარ ახლა ისევ ერთად ხართ, ისევ ისე გიყვართ ერთმანეთი! მიყვარხართ მე თქვენ!

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ოჯახის ახლობლები, თეატრალები ბატონ სანდროს და ქალბატონ მანანას იხსენებენ და ამბობენ, რომ ეს არის ტრაგედია, რომელსაც საოცარი რომანტიზმი ახლავს...

სანდრო მრევლიშვილი, რეჟისორის ძმისშვილი:

- ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ვერასდროს დაგავიწყდება. მანანა ბიცოლა სულ ამბობდა, სანდროს რომ რამე დაემართოს, ვერ გადავრჩებიო... მართლაც, როგორიც "რომეო და ჯულიეტას" ფინალია, დაახლოებით ისე დასრულდა მათი ურთიერთობაც. თუმცა, ზეციურ სამყაროში ისინი ცხოვრებას აგრძელებენ... ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა, მაგრამ ხანდახან ვფიქრობთ, რომ ალბათ მათთვის ასე ჯობდა... ასეთი ამბები მხოლოდ ზრაპრებში და კინოში ხდება ხოლმე.

სანდრო ძალიან უშუალო, მერგობრული, თბილი ადამიანი იყო, მანანაც საოცარი მეგობარი, ვერ ვგრძნობდით, რომ უფროსს ველაპარაკებოდით, მასთან ნებისმიერ პრობლემაზე, საკითხზე შეგვეძლო საუბარი. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, თანამედროვე ადამიანი იყო, სულ ყვებოდა რაღაც სახალისო ისტორიებს. პრობლემასაც რაღაც იუმორისტულად გადაწყვეტდა.

ახლა ფოტოებს რომ ვათვალიერებდით, აღმოვაჩინეთ ასეთი სურათი, რომელსაც აწერია, რომ „ჩვენ იქაც ვითამაშებთ“. მჯერა, ისინი იქ უკვე ერთად არიან...

მარი არღუთაშვილი, მსახიობი, სანდრო მრევლიშვილის სტუდენტი:

- ბატონი სანდრო ბოლო ორი წელი ავადმყოფობდა, თუმცა რეპეტიციები მხოლოდ ერთი კვირის წინ შეგვიწყდა... რეპეტიცია თეატრშიც გვქონდა და მასთან სახლშიც. სიარული უჭირდა და გვეუბნებოდა - ექიმები გარეთ გამოსვლას მიკრძალავენო, მაგრამ დაავადებას არ უდრკებოდა, განსაცდელს თავს არ უხრიდა, სულ საქმიანობდა...

ბატონი სანდრო ჩვენი პედაგოგი იყო, მასთან ურთიერთობა თეატრალურ უნივერსიტეტში დავიწყეთ და რომ დავამთავრეთ, ბატონ სანდროსთან რეპეტიციები არ შეგვიწყვეტია, მის მიერ დაარსებულ თეატრში „რუსთაველის 19“-ში გადმოვინაცვლეთ.... სულ თავიდან, პირველკურსელებს გვითხრა, რომ უზომოდ გვყვარებოდა ჩვენი პროფესია და ვყოფილიყავით ღირსეული მოქალაქეები. სცენაზე მოქალაქეები უნდა იდგეთ და გქონდეთ პასუხისმგებლობაო - იყო მისი რჩევა!

„მოქმედება და მხოლოდ მოქმედება არის თეატრის ძალის მიმცემი“, - ილიას ცნობილი სიტყვები ასე ჰქონდა გადაკეთებული და აუდიტორიაში კედელზე ეკიდა. ეს პირველი შთაბეჭდილებები დღემდე მოგვყება და სულ გვახსოვს... მისი შეგონება იყო ასევე, - არავინ გაბედოთ თეატრალური ინტრიგები, გაიზრდებით და გაიგებთ, რა არის ეს, ჩემთან ენის მოსატანად არავინ მოხვიდეთო.

ბატონი სანდრო ტოვსტონოგოვის მოწაფე გახლდათ და პროფესიის უმაღლეს რანგში ცოდნასთან ერთად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პროფესიულად სწორად ჩამოყალიბებას. ეს პასუხისმგებლობა სტუდენტების, მომავალი თაობის წინაშე გაცნობიერებული ჰქონდა. მისგან არაჩვეულებრივი წიგნები დაგვრჩა - მსახიობის ოსტატობის შესახებ, ტოვსტონოგოვის სარეჟისორო გაკვეთილები და მისი პიესების კრებული...

მისი გარდაცვალების შემდეგ საოცარი ამბავი მოხდა - რამდენიმე წუთის ინტერვალით, გარდაიცვალა მისი ულამაზესი და უსათნოესი მეუღლე მანანა ჭელიძე. ფანტასტიკური და საოცრად ღირსეული ადამიანი. მასაც სტუდენტობიდან ვიცნობდით და ყოველთვის განსაკუთრებულად გვმასპინძლობდა. ეს, ამ ორი ადამიანის ამ ქვეყნიდან გასვლა თეატრალურ სცენას, კინოკადრს თუ სცენარს ჰგავს...

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:

- თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი იყო, სამსახიობო ოსტატობის ხელოვნებასაც ასწავლიდა და სულ ქმნიდა თეატრებს... მას ასეც ეძახდნენ - ქართული თეატრის დონ კიხოტს. ქართულმა თეატრმა კიდევ ერთი ფერი დაკარგა...

სანდრო მრევლიშვილი ქართულ თეატრში საინტერესო რეჟისორი გახლდათ, ასეთივე პროექტები ჰქონდა განხორციელებული. მენეჯერული თვალსაზრისითაც მუდმივად ჰქონდა დაუოკებელი სურვილი, რომ ახალი თეატრები („მეტეხის“, „ძველი სახლი“ „გლობუსი“, „რუსთაველის 19“) შეექმნა, ახალგაზრდებთან ემუშავა, ბევრი ნიჭიერი ადამიანის გზის გამკვალავი და აღმზრდელია, მათ შორისაა სამი თანამედროვე თეატრის რეჟისორი: სოსო ნემსაძე, ვანო ხუციშვილი, ნიკოლოზ საბაშვილი. ისინი ბატონი სანდროს სტუდენტები იყვნენ.

რაც შეხება ქალბატონი მანანას გარდაცვალებას, გასაგიჟებელი ამბავია, მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში გვინახავს ასეთი. მართლა დიდი უბედურებაა, როცა რაღაც წუთების ინტერვალით ცოლი ქმარს მიჰყვება. როგორი სიყვარული და როგორი ურთიერთპატივისცემაა... ყოველთვის ვგრძნობდი ქალბატონი მანანას კეთილგანწყობას და სულ მიდასტურებდა თავის დიდ სიყვარულს. მასთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო, რომელსაც ბევრი ჰქონდა გაკეთებული სანდრო მრევლიშვილის შემოქმედებაში. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ ამბავს...

დიმა ხვთისიაშვილი, რეჟისორი, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- ბატონი სანდროსგან ორჯერ საოცრად კოლეგიალური და ახალგაზრდების მხარდამჭერი ფაქტის მოწმე და მონაწილე გავხდი - როცა თეატრალურ უნივერსიტეტში სადიპლომო სპექტაკლი სხვა რეჟისორს უნდა დაედგა, ბატონ სანდროს ჩემი ჯგუფი შეხვდა, შემდგომ კი ის სპექტაკლი მის თეატრში „ძველ სახლში“ გადამატანინა, სადაც როგორც ნამდვილ ოჯახში, ისე აღმოვჩნდი. მეორედაც, ჩემი სპექტაკლის „ღია შუშაბანდის“ „გლობუსში“ გადატანა შემომთავაზა და ასე მოვხვდით პროფესიულ სცენაზე. სტუდენტების წინსვლისა და განვითარებისთვის ბევრ საქმე აკეთებდა.

სხვანაირად არ შეიძლებოდა, ის საოცარი ოჯახის შვილი იყო - მამა მწერალი მიხეილ მრევლიშვილი გახლდათ, ბაბუა დიდი მხატვარი - ალექსანდრე მრევლიშვილი, სანდრო თეატრალური უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის მალიკო მრევლიშვილის ძმიშვილი იყო. მისთვის თავიდან „მეტეხის თეატრის“ დაარსება თავის ატკივება იყო, მაგრამ გამოუსწორებელი რომანტიკოსი გახლდათ... მუდამ ძიებაში იყო... მუშაობდა სოხუმის თეატრში, მარჯანიშვილის თეატრში გენიალურ არტისტებთან, მათ შორის, ვერიკო ანჯაფარიძესთან...

ბოლო სპექტაკლი „რუსთაველის 19"-ში დადგა - „უსაზღვროება დროთა“, სადაც აკაკი ხიდაშელმა ითამაშა. ეს კი იმის მაგალითია, როცა ადამიანმა იცის, რაც სჭირს, იცის, რომ დრო ძალიან ცოტაა, მაგრამ საქმეში ისეთივე შემართება აქვს, როგორც ადრე...

ამ ტრაგიკულ ფაქტში იმხელა ამაღლებული რამაა, რომ დღეს ამ ოჯახში ორი მიცვალებულია... ქალბატონი მანანა "ძველ სახლში" სალიტერატურო ნაწილის გამგე იყო და ამ სახლის დიასახლისი... ამ ყველაფერს ძალიან რომანტიკულად რომ შევხედოთ, მანანა ცხოვრობდა სანდროს ცხოვრებით. ჩაქრა სანდრო და წუთებში ჩაქრა მანანაც. ამ წყვილის ეს საოცარი გარდაცვალების ფაქტი, ქართული თეატრის ისტორიას როგორც ყველაზე რომანტიკული ეპიზოდი, ისე დარჩება.

დღეს თეატრალურ საზოგადოებაში იმ მოვალეობას ვასრულებ, რასაც ბატონი სანდრო 2017 წლამდე ასრულებდა - თავმჯდომარის მოადგილე ვარ. მანამდე გამგეობის წევრი ვიყავი და მახსოვს, რომ თეატრალურ საზოგადოებაში არავისთან ჰქონდა მისვლის პრობლემა, რომ ნებისმიერ თემაზე დალაპარაკებოდა. მას კომუნიკაციის გამორჩეული უნარი ჰქონდა... ის ძალიან დიდი ძალა იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ მძიმე ამბავს...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი