ავტორი:

"არც ხინკალი და არც ხაჭაპური ჯანსაღი კვების რაციონში არ ჯდება" - ფერადი ოჯახური წყვილი "სამზარეულოს ომებიდან", რომელსაც საკუთარი სექსშოპი აქვს

"არც ხინკალი და არც ხაჭაპური ჯანსაღი კვების რაციონში არ ჯდება" - ფერადი ოჯახური წყვილი "სამზარეულოს ომებიდან", რომელსაც საკუთარი სექსშოპი აქვს

ნიცა გიგაური და გიორგი ჯომარდიძე - ყველაზე ფერადი, სპორტული და ჯანსაღი ოჯახური წყვილია პროექტიდან „სამზარეულოს ომები“. 12 წელიწადია ერთად არიან, ჰყავთ ორი შვილი - 9 წლის გოგონა - ნიკე და 4 წლის მაქსი.

როგორც ამბობენ, მათთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების სტილი, რასაც ცხოვრებაში ყველაფერი დაუკავშირეს.

„სწორედ იმან, რომ ჯანსაღი ცხოვრების სტილი ავირჩიეთ, ჩვენში კულინარიული ინტერესები გააღვიძა... ვარჯიში, სწორი კვება იყო თავიდან პრობლემა და ამიტომ, ჯერ ვარჯიში დავიწყეთ, მერე ძილის რეჟიმი მოვაგვარეთ, თუმცა ჯანსაღი კვება ყველაზე რთული საკითხი აღმოჩნდა, რადგანაც თავიდან ბევრი რამ არ ვიცოდით - მათ შორის, გემრიელი საკვების მომზადება, თან, ისე, რომ ყოფილიყო ნაკლებკალორიული. უცებ და მარტივად რაც მზადდება, იმას ვაკეთებდით და ვჭამდით - რაც არც ისე გემრიელი იყო. უბრალოდ, მოხარშული წიწიბურა, ბრინჯი, კვერცხი გემრიელი როგორ იქნებოდა?! მოკლედ, ჩვენი რაციონის შეცვლა და გამრავალფეროვნება მოგვინდა. ინგრედიენტები დავამატეთ და კულინარიასაც ასე ნელ-ნელა დავუახლოვდით“, - აღნიშნავს ნიცა.

წყვილი ალკოჰოლს საერთოდ არ იღებს, არც თამბაქოს ეკარება. როგორც უკვე ვთქვით, მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ვარჯიშს უკავია, კვირაში 5 დღეს სპორტდარბაზში ატარებენ და მიაჩნიათ, რომ ის საქმე, რითაც დღესდღეობით დაკავებულები არიან, ისიც გარკვეულწილად ჯანსაღი ცხოვრების ნაწილია - ეს მათი სექსშოპია:

„ადამიანი ამ კუთხითაც დაკმაყოფილებული უნდა იყოს, რომ ჯანსაღად იაზროვნოს, რომ გაღიზიანებული არ იყოს. აღმოვაჩინეთ, რომ დღეს ამის პრობლემა საქართველოში ბევრს აქვს და შესაბამისად, სექსშოპზე მოთხოვნაც დიდია. ეს ყველაფერი კი თუნდაც იმას ემსახურება, რომ ცოლქმრული ცხოვრებაც გამრავალფეროვნდეს... მოკლედ, ვნახეთ, რომ უცხოეთიდან ბევრი მეგობარი იწერდა ამ პროდუქტებს და თვითონაც დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით ამის მომხმარებელი, ჩვენც ვიწერდით. აღმოჩნდა, რომ ხალხი მზად იყო, ბაზარზე ეს სეგმენტი მიეღო. თუმცა 20 წლის წინ, სხვა სიტუაცია გახლდათ, თბილისში პირველი სექსშოპი რომ გაჩნდა, ხალხმა არ მიიღო, მაღაზია დაარბიეს, გაანადგურეს. დღესდღეობით მოსწონთ, რომ უკვე აქ, ადგილზეა ეს პროდუქტი, ლოდინი არ უწევთ და იმ დღესვე შეუძლიათ შეკვეთის მიღება... ჩვენი სტარტაპი ნოემბრის ბოლოდან დავიწყეთ, რაც ახალი წლის პერიოდსაც დაემთხვა, - ეს კი ახალგაზრდებისთვის სიურპრიზივით აღმოჩნდა, თუნდაც საჩუქრების თვალსაზრისით. ბევრი როგორც „სეკრეტ სანტა“ ისე იძენდა, რომ სხვა დაესაჩუქრებინა“, - გვეუბნება რესპონდენტი.

რაც შეეხება კულინარიას, ამ დარგში მათთვის მნიშვნელოვანია ახალი მიგნებები:

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დავადგინე, რომ მეტად კრიტიკული ადამიანი ვარ და ამ შოუში მონაწილეობაზე უარს ვამბობდი, რომლის ინიციატორი ჩემი მეუღლე იყო. წინააღმდეგი იმის გამო ვიყავი, რომ შევრცხვებით-მეთქი. მაგრამ თვითშეფასება ცოტა ამეწია მას მერე, რაც ჟიურის წევრებმა ნამუშევარი კარგად შეგვიფასეს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია და მგონია, რომ სხვა კერძებსაც შესაძლოა, არანაკლებად ვაკეთებდეთ, კარგად გამოგვდიოდეს“, - აღნიშნავს ნიცა.

- ქართულ სამზარეულოს კერძებზე რას გვეტყვით?

- ძალიან შორს ვართ, ქართული არანაირი კერძი არ მიყვარს, დიდი ხანია, უარი ვთქვით მასზე, რადგანაც ძალიან ნოყიერია და კალორიებითაა მდიდარი. არც ხინკალი და არც ხაჭაპური - ჯანსაღი კვების რაციონში არ ჯდება. ფხალეულობა კიდევ შეიძლება და ისიც მხოლოდ დედაჩემის მომზადებეული. თვითონ არც ვამზადებ.

არ ვიღებთ ლორს, იმ დღეს კრევეტები კი მოვამზადეთ, მაგრამ არც გავკარებივართ. ხორცეულიდან მხოლოდ ფილეს ვიღებთ. ბოსტნეულს ძირითადად ვაცხობთ“, - გვეუბნება შოუს კონკურსანტი, რომელსაც აღნიშნულ პროექტში ასეთი მოლოდინი აქვს:

„თუ გადავედით მეორე ტურში, ძალიან ვიბრძოლებთ, რომ მოვიგოთ, თუმცა, გითხარით, რომ ჩვენი იდეა არ იყო, მოგებისთვის მოსვლა. მოკლედ, „ქართულ ტურშიც“ თუ გადავედით, უკვე ყველაფერს გავაკეთებთ“.

- ფერადი, გამორჩეული და ორიგინალური გარეგნობა გაქვთ. ეს იმიჯი ცხადია თქვენი არჩევანია. საზოგადოება როგორ გიღებთ?

- ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ შოუსთვის შევიღებეთ თმა და დავიწანით. ვისაც ეს აინტერესებს, ჩვენს წინა წლების ფოტოებს გაუყვეს. ხან დრედი მქონდა და ხან აფრიკული ნაწნავი და ახლაც სწორედ ასეთი ვარცხნილობა მაქვს. ერთ ზაფხულს არ გავიკეთე და გარშემო ყველას უკვირდა, - რატომო? ძირითადად ზაფხულობით მაქვს ეს განწყობა. ასევეა ჩემი მეუღლეც - 2013 წლიდან ხან წითელი თავით დადის, ხან - მწვანე, შარშან ცისარტყელის ფერები ჰქონდა საერთოდ. უფრო ივენთებს ვამთხვევთ ხოლმე, რომ განწყობა მაღალი გვქონდეს. რეალურად კი მთელ დღეებს სამსახურის ოფისში ვატარებთ, ვმუშაობთ, შვებულების პერიოდები და გარეგნობაზე ასეთი ზრუნვა, აუზი გვიხალისებს ცხოვრებას. გვინდა, რომ როგორც გვინდა, ისე გამოვიყურებოდეთ. მიღებენ ისეთად, როგორიც ვარ. კომპლიმენტებს მეუბნებიან, უარყოფითი არასდროს მიმიღია. დედაჩემი ძალიან კრიტიკული ადამიანია და მასაც კი მოსწონს, არადა, თითოეული ჩემი ტატუ გამოტირებული აქვს, თუმცა გიორგის ფერადი თმა მასში თავიდან პროტესტს იწვევდა, ახლა შეეგუა. გიორგის არ უწევს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ლანძღავს, თუმცა სოციალურ ქსელში კომენტარებში რაღაც უარყოფითი შეფასებები დაგვიწერეს, ანუ მათ, ვისთვისაც ფერადი თმა გასალანძღი რამ არის. მაგრამ გიორგის პირადი კონფლიქტი ამაზე არავისთან ჰქონია - საყურე რატომ გიკეთიას თემაზე. ალბათ მის ფიზიკურ მდგომარეობასაც აკვირდებიან, ითვალისწინებენ, რომ კარგი ნავარჯიშებია“, - აღნიშნავს ნიცა და გვეუბნება, რომ ისინი ცოტა ხანში ახალ ბიზნესს გეგმავენ, რისთვისაც უკვე სერიოზულად ემზადებიან, თუ რას, ამას არ გვიმხელენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მსგავსი მსოფლიოშიც არ არის.

"ძლიერი კონკურენტები გვჭირდება, რომ უძლიერესები გავხდეთ... მათი ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს" - 2 წყვილი "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ათეულიდან

"3 დაკარგულია, 4 გატანილია ჩეხეთში საქართველოს საელჩოში" - მუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილ ექსპონატებში დანაკლისი აღმოჩნდა: რას გეგმავს თეა წულუკიანი?

"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა