ავტორი:

რატომ შეიცავს საფრთხეს ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" და რას საქმიანობს დიმიტრი სანაკოევის უწყება, რომელსაც 12 წელია ბიუჯეტი აფინანსებს

რატომ შეიცავს საფრთხეს ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" და რას საქმიანობს დიმიტრი სანაკოევის უწყება, რომელსაც 12 წელია ბიუჯეტი აფინანსებს

რუსული ოკუპაციის თემა ქართული საზოგადოებისთვის ყოველთვის აქტუალური და მტკივნეულია. ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენების შემდეგ, კიდევ ერთხელ წამოიწია საკითხმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დასახელების სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია შიდა ქართლის იმ მიტაცებულ ტერიტორიებზე, რომელსაც „სამხრეთ ოსეთს“ უწოდებენ.

ქართველი ისტორიკოსები, ეთნოლოგები და გეოგრაფები ამბობენ, რომ არანაირი „სამხრეთ ოსეთი" არ არსებობს და ეს ტერმინი საბჭოთა კავშირის დროს ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ "შემოაგდეს".

ქართველი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მართებული მოხსენიება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, იმ ფონზე, როდესაც ოსი მეცნიერები ანტიქართულ პროპაგანდას ამძაფრებენ და ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ დამკვიდრების შემდეგ, აქტიურად ცდილობენ დაამკვიდრონ ე.წ. აღმოსავლეთ ოსეთიც. რაოდენ აღმაშფოთებელიც არ უნდა იყოს, ამ ტერიტორიაში ისინი მთლიანად ყაზბეგს მოიაზრებენ.

ვლადიკავკაზელი მეცნიერები ავრცელებენ გაყალბებულ ისტორიულ ცნობებს, რომ დარიალი, არაგვისა და თერგის სათავეები ყოველთვის ოსების წინაპრებს ეკუთვნოდათ და ამ ადგილებში "ოსი ხალხის 5 400-წლიანი ისტორია ინახება". ისინი მცხეთასაც ოსურ ქალაქად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ქართველებმა ის ოსებს წაართვეს.

"დარიალი, არაგვისა და თერგის სათავეები საკმარის მასალას ინახავს რომ ვამტკიცოთ, ეს მხარე ყოველთვის ოსების წინაპრებს ეკუთვნოდა. ეს ოსეთის კარიბჭეა! აქ ჩვენი ხალხის ისტორიის კვალია, მთელი 5 400 წლისა" - აცხადებს ოსურ მედიასთან საუბარში ჩრდილოეთ ოსეთის მუზეუმის განყოფილების გამგე პეტრე კოზაევი.

ვლადიკავკაზის მუზეუმის განყოფილების გამგე ელბრუს კანტემიროვი კი ამბობს, რომ თურმე არქეოლოგიური მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სოფელი კობიც კი ოსი ხალხის საკუთრებაა.

„კობიდან დაწყებული ბოლო სოფლამდე კლასიკური ოსური ეთნოგრაფიაა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, არქიტექტურა, სამარხები, ეს ოსეთია" - ირწმუნება კანტემიროვი.

ტერმინი "სამხრეთ ოსეთი" ოფიციალურად ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ 1922 წლის აპრილს დაკანონდა. საქართველოს უძველესი ტერიტორიები გამოცხადდა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად".

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ სონღულაშვილი თავის ნაშრომებში წერს, რომ 1922 წლიდან ადგილი აქვს ძირძველი ქართული ტოპონიმის ამოძირკვის გამძაფრებულ პროცესებს.

"გაუმართლებელია, რომ შიდა ქართლში (სამაჩაბლო, საფალავანდო, ქსნის საერისთავო) ოსებით დასახლებულ ტერიტორიას სამხრეთ ოსეთი დაარქვეს! საქართველოში არ შეიძლება არსებობდეს ოსეთი, ისევე როგორც ოსეთში არ შეიძლება არსებობდეს საქართველო, რუსეთში - ჩინეთი და ა. შ. საქართველოში არსებობს ოსებით დასახლებული ქართული მიწები, კონკრეტულად, ოსებით დასახლებული შიდა ქართლის ტერიტორია, რომლისთვისაც სხვა ქვეყნის სახელწოდების მიკუთვნება დანაშაულია.

გარკვეული ძალები ყოველთვის იყვნენ დაინტერესებული ოსეთის ასეთი დანაწილებისთვის, რათა უკეთ განეხორციელებინათ კოლონიური პოლიტიკა. როგორც ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, თუ ასეთი ლოგიკით ვიმსჯელებთ, მაშინ საქართველოს რაიონები, კერძოდ, სომხებით დასახლებულს უნდა უწოდოთ ჩრდილო სომხეთი, აზერბაიჯანელებით დასახლებულს - დასავლეთ აზერბაიჯანი, ხოლო ბერძნებით - აღმოსავლეთ საბერძნეთი.

არსებობს მხოლოდ ერთი ოსეთი, რომელიც მდებარეობს ჩრდილო კავკასიაში და მას უნდა დაუბრუნდეს ყოველგვარი განსაზღვრის გარეშე ისტორიული სახელი

ახალგაზრდა ოსოლოგი ნინია ყოჩიაშვილი, სწორედ იმ ტერიტორიდან არის დევნილი, რომელსაც „სამხრეთ ოსეთს“ უწოდებენ. AMBEBI.GE-სთან საუბარში ის ამბობს, რომ საზოგადოებამ მედიასაშუალებების თანადგომით უნდა წამოიწყოს კამპანია იმის შესახებ, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ჩანაცვლდეს ისეთი გეოგრაფიული დასახელებით, რომელიც საქართველოს ინტერესებზე იქნება მორგებული და სამართლებრივად გამართლებული.

"წლებია ამ საკითხით ვარ დაინტერესებული. უფრო ღრმად შესწავლის მიზნით ოსოლოგია ავირჩიე სამაგისტრო მიმართულებად. ვფიქრობ, რომ ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ თემა პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული პროცესი აქტიურდება.

მედია იყენებს ტერმინ "ე.წ. სამხრეთ ოსეთს", რაც შეცდომა არ არის, ეგრეთ წოდებული ნიშნავს იმას, რომ ვიღაც ამ ტერიტორიას სამხრეთ ოსეთს უწოდებს და ეს ვიღაც რუსული მხარეა, თუმცა პრობლემას ქმნის "ე.წ. სამხრეთ ოსეთის" ხმარება იმდენად, რამდენადაც, ადამიანი ყურადღებას აქცევს მთავარ ფრაზას და დამატებით სიტყვებს ყურადღების მიღმა ტოვებს. ასე ემართება ქართული საზოგადოების ნაწილსაც და ისინი ე.წ სამხრეთ ოსეთის ნაცვლად გაუცნობიერებლად "სამხრეთ ოსეთს" ამბობენ და ასე მკვირდება ეს საფრთხისშემცველი ტერმინი.

მინდა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გაითავისოს, რომ ის ტერიტორია, რომელსაც რუსული მხარე მიზანმიმართულად უწოდებს "სამხრეთ ოსეთს", არასდროს ყოფილა ოსური, იქ არასდროს ყოფილა ოსეთი

ბოლო პერიოდში - მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან იქ ცხოვრობდნენ ოსები და, რა თქმა უნდა, რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა ეთნიკური ჯგუფის ჩასახლება ამ ტერიტორიის ჩასახლებული ეთნიკური ჯგუფისთვის მიკუთვნებას არ ნიშნავს, ის სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიად რჩება.

ტერიტორია, რომელსაც რუსული მხარე "სამხრეთ ოსეთს" უწოდებს, რეალურად არის ახალგორის რაიონისა და სამაჩაბლოს ტერიტორია ანუ ქსნის, ლიახვისა და ფრონეს ხეობა. აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეული არის ისტორიულად ქართული" - განმარტავს ოსოლოგი ნინია ყოჩიაშვილი.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს პროფესორი დიმიტრი შველიძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთის“ გამოყენება საერთოდ უნდა აიკრძალოს.

მისი თქმით, აუცილებელია ისტორიკოსები, ეთნოლოგები, გეოგრაფები და სხვა სპეციალისტები სათავეში ჩაუდგნენ საჯარო დისკუსიების დაწყებას ამ თემასთან დაკავშირებით და მოიფიქრონ ისეთი ტერმინი, რომელიც როგორც ისტორიულად, ისე სამართლებრივად სწორი იქნება.

"ამ ტერმინის მოწინააღმდეგები თავის დროზეც ჰყავდა, მაშინ როდესაც შეიქმა ეს ავტონომიური ოლქი. ქართველი ბოლშევიკების ნაწილი იყო წინააღმდეგი და იმდენად, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-12 ყრილობაზეც კი დაისვა ეს საკითხი.

ვინც ამას არ ემხრობოდა, თითქმის ყველა მათგანი დახვრეტილია საბჭოთა რეჟიმის მიერ. მაშინ უფრო იყენებდნენ ცხინვალის რეგიონს. რაც შეეხება "აღმოსავლეთ ოსეთს" ეს ყოველგვარ კატასტროფულ ფანტაზიასაც კი სცილდება. სიტყვების თამაში ისეთი ეშმაკური ფენომენია, რომ მოწინააღმდეგე მხარე ამას სათავსოდ გამოიყენებს. კარგი იქნება თუ დადგება ამ ტერმინის ქართული დასახელებით შეცვლის საკითხი. უამრავი ალტერნატივა შეიძლება მოვიფიქროთ, თუ ვეცდებით" - აცხადებს შველიძე.

თემაზე მუშაობისას, ყველაზე მეტად გაგვაკვირვა იმის „აღმოჩენამ“ რომ საქართველოში 12 წელია არსებობს დამოუკიდებელი საჯარო სამსახური, საბიუჯეტო ორგანიზაცია დასახელებით - „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია". უწყება 2007 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით შეიქმნა და მას ამ წლების განმავლობაში დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობს.

კანონში გაწერილია ადმინისტრაციის ფუნქციებიც:

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭების მიზნით, ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სახელით მოლაპარაკების წარმოება საქართველოს ხელისუფლებასთან; დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისა და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი ინტერესების დაცვა; ადგილობრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ხელშეწყობა; განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა და ა.შ.

თუ სააკაშვილის ხელისუფლებამ შემოიღო და კანონებშიც გაწერა ტერმინი “ყოფილი სამხრეთ ოსეთი“, მოქმედმა ხელისუფლებამ ამაში ვერანაირი პრობლემა ვერ დაინახა და ტერმინი უცვლელად დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ორგანოს საქმიანობა გადაიხედა და გარკვეული ცვლილებები შემუშავდა. კერძოდ, ხელმძღვანელის დანიშვნა-გადაყენების ულფებამოსილება პრეზიდენტიდან გადაეცა პრემიერ-მინისტრს.

ხელისუფლებისგან განსხვავებით ამ უწყების დასახელებას საფრთხისშემცველად მიიჩნევენ ისტორიკოსები. ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ამბობს, რომ ეს დასახელება მინიმუმ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და მაქსიმუმ საფრთხისშემცველია:

"კარგი იქნება თუ დადგება ამ სახელის გადარქმევის, შეცვლის საკითხი, რადგან ეს მინიმუმ სადაოა და მაქსიმუმ, მოწინააღმდეგეებმა შეიძლება დაუშვან, რომ ჩვენ ირიბად ვაღიარებთ რომ კანონიერად არსებობდა ასეთი ტერიტორიული ერთეული. ეს არის შიდა ქართლის ტერიტორიები და არავითარ სამხრეთ ოსეთზე არ შეიძლება საუბარი" - ამბობს ისტორიკოსი.

AMBEBI.GE-ს შეკითხვაზე რამდენად გამართლებულად მიიჩნევს უწყების დასახელებას „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის" ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი ასე გვპასუხობს:

"მის გამოყენებაში პრობლემას ვერ ვხედავ. როგორც ტერმინი არ არის სწორი, არის დროებითი შექმნილი, „შემოგდებული“. თუმცა, სამხრეთ ოსეთი არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს და ამ ტერიტორიას ოფიციალურად ასე ერქვა, ეს ხომ ფაქტია.

მე ვერაფერს ვერ ვხედავ პრობლემას ამ ტერმინში. საქართველოს ფარგლებში რომ იარსებოს ოსეთმა, მე არ მაქვს საწინააღმდეგო არაფერი, როგორც სხვა რეგიონები კახეთი, სამეგრელო, იმერეთი არსებობს

ეს არის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია და ეს არის მთავარი აქ და არა დასახელება. რადგან არ ვხედავ პრობლემას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოღალატე ვარ. მე არ ვარ მოღალატე, მაგრამ ვამბობ რომ ეს არის სამხრეთ ოსეთი. ჩემსა და ქართველს შორის სხვაობა ის არის, რომ ჩვენ სხვადასხვა ენით ვსაუბრობთ, თორემ სხვა ყველაფერი ერთი გვაქვს. ხომ შეიძლება ვიყო ქართველი, მაგრამ ამავე დროს ოსი?!" - აღნიშნა სანაკოევმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

AMBEBI.GE დაინტერესდა რას საქმიანობს ამჟამად სანაკოევის უწყება. „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის“ ხელმძღვანელის თქმით, დაფინანსებას ყოველწლიურად იღებენ სახელმწიფოსგან:

"ბოლო წლებში ჩვენი ბიუჯეტი სტაბილურად 2 მილიონ 400 ათასი ლარია. ამჟამად ორგანიზაციაში საშტატო ნუსხით ირიცხება 90 ადამიანი, მაგრამ რეალურად მუშაობს 80 პირი, რადგან ბოლო დროს შემცირება გავაკეთეთ.

ბიუჯეტი იხარჯება შემდეგნაირად: ვაფინანსებთ მოცეკვავეთა ანსაბლს შპს „ნართები“; 300 000 ლარი არის გათვალისწინებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის; ვუწევთ სოციალურ დახმარებას დევნილებს, გაკვეულწილად ვუფინანსებთ სამედიცინო მომსახურებებსაც. დანარჩენი თანხა კი იხარჯება ჩვენს ხელფასებზე, საწვავზე და უწყების სხვა ხარჯებზე" - განგვიმარტა სანაკოევმა და აგვიხსნა გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსების მოდელის არსი და ის შეღავათები, რისი გაწევაც მათ შეუძლიათ დევნილებისთვის:

"ჩვენ ვუფინანსებთ იმ თანხის 25% დევნილებს, რაც მათ დააკლდებათ ოპერაციებზე. აი, მაგალითად: თუ დევნილი იკეთებს ოპერაციას, სრულად ვერ ვუფინანსებთ, რადგან ბევრნი არიან. მას შემდეგ რაც ისინი სხვა წყაროებიდან მოიპოვებენ დაფინანსებას, რაც დააკლდებათ იმ თანხის 25%-ს ვუფინანსებთ/ თუ ვთქვათ, სახელმწიფომ დაუფინანსა დიდი ნაწილი ოპერაციის ხარჯების და დარჩა თავისი ჯიბიდან გადასახდელი 1000 ლარი, ამ ათასი ლარის 25 %-ს ვუფინანსებთ, ანუ ვურიცხავთ 250 ლარს" - გვითხრა სანაკოევმა.

სანაკოევის განცხადებას, რომ ვერ ხედავს პრობლემას ტერმინ სამხრეთ ოსეთში, ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე ეხმაურება:

"არ არის გასაკვირი ასეთი განცხადება. ის ოსია ეროვნებით და ცდილობს ოსი საზოგადოების წინაშე პატრიოტად დარჩეს, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი შენარჩუნდეს. ოსთა გონებაში არსებობს ეს „სამხრეთ ოსეთი“ და არ უნდათ ამის დაკარგვა. თავის დროზე რომ ეფიქრა ჩვენს ხელისუფლებას და ასეთი ჩანაწერი არ გაეკეთებინა კანონში - „ყოფილი სამხრეთ ოსეთი“, კარგი იქნებოდა" - ამბობს ისტორიკოსი.

"რატომ არ გვაცდით ჩვენი ანგელოზი შვილის დატირებას?!" - გიორგი შაქარაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

"გიორგი ფოტოებს იღებდა, რა დროსაც წყალში გადავარდა" - ვინ იყო 16 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი მაშველებმა ზღვაში 2 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

"ღამურებზე ლუგარში ბევრი კვლევა ტარდება, მაგრამ ხალხს არ ვეუბნებით, მოგვაწოდონ" - გამყრელიძე ოსურ მედიას პასუხობს