ავტორი:

"თქვენ ასპროცენტიანად მართლები ხართ" - ნინო ქათამაძის მიმართვა აქციის მონაწილეებს და მომიტინგეების პერფორმანსი

"თქვენ ასპროცენტიანად მართლები ხართ" - ნინო ქათამაძის მიმართვა აქციის მონაწილეებს და მომიტინგეების პერფორმანსი

პარლამენტის წინ აქციაზე მომღერალი ნინო ქათამაძე მივიდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი "ყველაზე მართლები" არიან.

"მინდა გამოვხატო თქვენი მხარდაჭერა. დიდი მადლობა, რომ აღვიძებთ მართალს და არ გეშლებათ სიმართლე. მე შემიძლია მილიონი ბოდიში მოგიხადით და უამრავი ადამიანი მოვიყვანო, რომ დაგანახოთ, რომ თქვენ ყველაზე მართლები ხართ. თქვენ ასპროცენტიანად მართლები ხართ. მე ამას ვერ დავინახავდი, თუ იმას არ გავაჩერებდი, სადაც ვიმყოფებოდი. მე ეს გმირობისთვის არ გამიკეთებია", - განაცხადა ნინო ქათამაძემ.

მომღერალს აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ.

ცოტა ხნით ადრე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ზურგი შეაქციეს. პერფორმანსისკენ მომიტინგეებს ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა მოუწოდა, ნიშნად იმისა, რომ ისინი არ ენდობიან ხელისუფლებას.

"შევაქციით ზურგი პარლამენტს და პროტესტი გამოვუცხადოთ. ვუთხრათ, რომ არ გენდობით და ჩამორჩებით ჩვენი მორალური ფასეულობებისგან ნახევარი ან ერთი საუკუნით", - მიმართა აქციის მონაწილეებს გამომსვლელმა.

პერფორმანსი დაახლოებით 15 წამის განმავლობაში გრძელდებოდა.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია, 23:30 საათამდე გაგრძელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, დღევანდელი აქცია შედარებით მშვიდი იქნება.

რაც შეეხება მოშიმშილეებს, ორგანიზატორთა ინფორმაციით, ამ დროისთვის ხუთი სტუდენტი შიმშილობს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პარლამენტის შენობის წინ აქცია, რომლის მონაწილეებიც შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, 1-ელ ივლისს 19:00 საათზე კვლავ განახლდება.