ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მის დაჩქარებული ტემპით მიღებას აპროტესტებენ.
”ხელისუფლება დაჩქარებული ტემპით აპირებს ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებას: ივლისის ბოლოს - კანონპროექტის ინიცირება, აგვისტოში - ერთთვიანი, ფორმალური "საერთო -სახალხო განხილვის" ორგანიზება, ხოლო სექტემბერში - ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარლამენტის მიერ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება; დემოკრატიულ სახელმწიფოებში კი კონსტიტუცია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალთა და საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალური თანხმობით შემუშავებულ დოკუმენტს, რომელსაც ამტკიცებს დემოკრატიული გზით არჩეული მრავალპარტიული პარლამენტი”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი პროცედურით განხილული და მიღებული ქვეყნის მთავარი კანონი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას ემსახურება, რაც, ბუნებრივია, ვერ გახდება ქართული სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისა და სტაბილურობის გარანტი.
ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღებამ რეალურად უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნა და საქართველოს სტაბილურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ამ ამოცანის მიღწევას კი კონსტიტუციის ძირითად პრინციპებზე ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეთანხმებაში ხედავენ, საერთო-სახალხო განხილვის შედეგად.
”კონსტიტუციის არსებითი შეცვლა ახალ, სამართლიან საარჩევნო გარემოში არჩეულმა და ამომრჩეველთა მაღალი ნდობით აღჭურვილმა პარლამენტმა უნდა განახორციელოს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მზადყოფნას გამოვთქვამთ აქტიურად შევუწყოთ ხელი ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესის წარმართვას ქვეყანაში”, - ნათქვამია განცხადებში, რომელსაც ხელს აწერენ: "ახალი მემარჯვენეები”; "ეროვნული ფორუმი"; "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"; "კონსერვატიული პარტია"; "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"; "რესპუბლიკური პარტია"; "საქართველოს გზა"; "ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა"; "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები"; "ხალხის პარტია".
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტს, სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.