ავტორი:

თამარ მეფის კაბა 3 621 მარგალიტით - ხელოვნების სასახლის უნიკალური ექსპონატის ისტორია

თამარ მეფის კაბა 3 621 მარგალიტით - ხელოვნების სასახლის უნიკალური ექსპონატის ისტორია

თამარ მეფის საზეიმო სამოსი, რომელიც ხელოვნების სასახლეშია გამოფენილი, ვიზიტორების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს... ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნების სასახლის სახვითი ხელოვნების ფონდის მცველი მარიამ ჩხაიძე AMBEBI.GE-ს უყვება, რომ თამარ მეფის ეს კაბა გვხვდება ცეკვაში "სამაია", სასახლეში კი სტუმარს მისი ახლოს ნახვის საშუალება აქვს, რაც წარმოდგენას უქმნის თუ რა ემოსა მეფეთ-მეფე თამარს...

თამარ მეფის საზეიმო სამოსი უნიკალური ხელოვნების ნიმუშია, რომელიც მორთულია 3621 მარგალიტით, 154 მოოქრული და 158 ვერცხლის ბალთით. კოსტიუმი გასული საუკუნის მეორე ნახევარში ვარძიის ფრესკის მიხედვით ცნობილმა ქართველმა მხატვარმა სოლიკო ვირსალაძემ შექმნა. მხატვარს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ სამოსი ორიგინალთან მაქსიმალურად მიახლოვებული ყოფილიყო და ამიტომ მისი შეკერვის დროს ძვირფასი მეტალებისა და კეთილშობილი ქვების გამოყენება სურდა, თუმცა წამოწყებას საბჭოთა კავშირმა მხარი არ დაუჭირა და ვირსალაძემ საქართველოს მეფის სამოსი ბუტაფორიებით აღადგინა.

2016 წელს ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მხარდაჭერით ხელოვნების სასახლის რესტავრატორთა ჯგუფმა, თამარის სამოსის რესტავრაცია დაიწყო. 6 თვის განმავლობაში გახუნებული ქსოვილის საფუძველი გამაგრდა, ბუტაფორიები კი მხატვრის ჩანაფიქრის მიხედვით, ძვირფასი ლითონებითა და კეთილშობილი ქვებით ჩანაცვლდა.

"ეს ძვირფასი ქვები და დეტალები, გვაძლევს იმის დანახვის საშუალებას, თუ რაოდენ მდიდრული იყო შუა საუკუნეების შესრულება... იგივე შეგვიძლია ვთქვათ თეკლა ბატონიშვილის კაბაზე, სადაც ულამაზესი ნაქარგობებია.

"თამარის კაბა" არ არის რეალური პიროვნების, მაგრამ ნათლად გადმოგვცემს მაშინდელ სურათს. აშკარად იგრძნობა ბიზანტიური კარის გავლენა! ისტორიიდან და კულტურიდან გამომდინარე, ბიზანტიური სამოსის სტილი მაშინ ძალიან მიღებული იყო და ჩვენზეც იქონია გავლენა. რაც შეეხება ქსოვილს, ძალიან დიდი ხანია გვაქვს ქსოვილების გამოყენების კულტურა. ვინაიდან აბრეშუმის გზაზე ვმდებარეობთ, აქ გადიოდა როგორც აზიიდან ისე ევროპიდან მასალები, მათ შორის ქსოვილები და ჩვენთან საუკეთესოები ილექებოდა...

X-XI საუკუნეების ქართული სამეფო ტანსაცმელი, ძირითადად ბიზანტიური წარმომავლობისაა და მკვლევართა აზრით, პოლიტიკური ვითარებითა და კულტურული კავშირებით იყო განპირობებული. სამეფო ტანსაცმელი შედგებოდა "კუართის" - ბისონისა და დიადემისგან.

ქართველ მეფეთა ბისონი ბიზანტიურისგან ოდნავ განსხვავებულია. ის შედარებით ფართო და მოკლე იყო. არ ჰქონდა სარტყელი და განსაზღვრული არ იყო მისი ფერი. შემორჩენილი ფრესკების მიხედვით ირკვევა, რომ თამარ მეფე იისფერ ბისონს იცვამდა. ბისონი შეიძლება ყოფილიყო მძიმე ოქროქსოვილისა და ძვირფასად მორთული.

ამ მხრივ განსაკუთრებით მდიდრულია თამარ მეფის ბისონი, იისფერი ქსოვილი დასერილია მარგალიტით მორთული ზოლებით, რომელთა კვეთითაც რომბებია მიღებული, ხოლო რომბებში ზამბახისფერი გულებია ჩასმული. მეფეთ-მეფე სამაჯურებს პირდაპირ ბისონის ვიწრო სახელოზე იკეთებდა.

თამარის სამოსს ძვირფასი ქსოვილის, ძვირფასი თვლებით და მარგალიტებით მორთული საყელო - მანიაკი ამშვენებდა. იგი სამეფო და დიდგვაროვანთა ტანსაცმლის მოსართავად გამოიყენებოდა. მანიაკი ეგვიპტესა და არაბეთში გაჩნდა, შემდეგ კი ბიზანტიაში სპარსეთიდან გავრცელდა. თამარ მეფის კაბის საყელო ძალიან ჰგავს ეგვიპტელ ფარაონთა მანიაკს..." - გვიყვება ხელოვნებათმცოდნე მარიამ ჩხაიძე.

სოლიკო ვირსალაძის დისშვილი, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია თავად იყო მომსწრე, თუ როგორ აღადგინა მხატვარმა თამარ მეფის კაბა:

"დღემდე შემორჩენილია თამარ მეფის ოთხი პორტრეტი: ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისის, ბერთუბნის (დავით გარეჯის უდაბნო) ტაძრების მხატვრობაში... დედაჩემი - თინათინ ვირსალაძე შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის, ფრესკების სპეციალისტი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში და მან მიუთითა სოლიკოს ნიმუში ვარძიის ფრესკიდან აეღო...

როდესაც სოლიკო ვირსალაძე სუხიშვილების ნაციონალური ბალეტისთვის ცეკვა "სამაიას" კოსტიუმებზე მუშაობდა, მაშინაც ეს მოტივი აიღო და თავისებურად გაამდიდრა" - ამბობს ხოშტარია.

ხელოვნების სასახლისთვის არანაკლებ საგანძურს წარმოადგენს თეკლა ბატონიშვილის კაბაც. დედოფლის კოსტიუმი - ძვირფასი ოქრომკედით გაფორმებული კაბა, ფილმ "გიორგი სააკაძის" გადაღების დროს, 1942 წელს გამოიყენეს და მთავარი გმირის თეკლე დედოფლის როლის შემსრულებელს, ლიანა ასათიანს ეცვა. კაბამ ჩვენამდე გადაკეთებული სახით მოაღწია - როგორც ჩანს, იგი ფილმის გადაღების დროს დაამოკლეს. ძვირფასი ხავერდი 3 ათასზე მეტი ლითონის მცირე დეტალითაა გაფორმებული. ექსპონატში კარგადაა ასახული ოქრომკედით ქარგვის ძველი ქართული ტრადიციები, რომელიც XX საუკუნის ყოფაში ჯერ კიდევ კარგად იყო შემონახული.

ცნობილია, რომ საქართველოში უმთავრესად ხავერდზე ატლასზე და სხვა ძვირფას ქსოვილებზე ქარგავდნენ. ოქრომკედით ნაქარგ სახეებში ხშირად ურთავდნენ მარგალიტს, ფერად მძივებსა და ზოგჯერ პატიოსან თვლებსაც. ოქრომკედის ნაქარგობის მთავარი მოტივები იყო უმთავრესად ნაყოფიერებასთან დაკავშირებული მცენარეული ორნამენტები - ვაზის ფოთლები და მტევნები, ხორბლის თავთავები და ა.შ.

ფოტოები: არტარეა; ჟურნალი "ბომონდი"

ჯიჯი ჰადიდსა და ზეინ მალიკს გოგონა შეეძინათ - ბედნიერი მშობლების ემოციური სიტყვები და პირველი ფოტოები

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე