ავტორი:

რა შეცდომებს ვუშვებთ მანქანის საბურავების შერჩევისას - პრაქტიკული რჩევები მძღოლებს

რა შეცდომებს ვუშვებთ მანქანის საბურავების შერჩევისას - პრაქტიკული რჩევები მძღოლებს

უსაფრთხოება ადამიანის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოებაზე წინ ფინანსურ სარგებელს ვაყენებთ. გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები გვაფიქრებინებს, რომ გამართული ავტომობილი უსაფრთხოების ერთ-ერთი წინაპირობაა. ავტომობილის გამართულობას კი დიდწილად საბურავები განაპირობებს. რადგან საბურავით ხდება ავტომობლის მოჭიდება გზის საფართან. საბურავების შერჩევა მარტივი ნამდვილად არაა და ამ დროს უამრავი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი.

საბურავის ხარისხს განაპირობებს ის, თუ რამდენად ხარისხიანად ეჭიდება საბურავი გზას, რამდენად ემორჩილება ის მძღოლის მართვის მანევრირებას, როგორ ხდება დამუხრუჭება. ამ ყველაფერს განსაზღვრავს ის, თუ რა რაოდენობით და რა ხარისხის ბუნებრივ კაუჩუკს შეიცავს საბურავი. სწორედ ბუნებრივი კაუჩუკის შემადგენლობით განსხვავდება ბიუჯეტური და პრემიალური ხაზის საბურავები. პრემიუმ ბრენდები უხვად მოიხმარენ ბუნებრივ კუაჩუკს, ბიუჯეტურები კი შეზღუდული ფინანსების გამო ხელოვნურ კაუჩუკს იყენებენ, რის გამოც საბურავს დაბალი შედეგი აქვს როგორც გარბენში ასევე, მოჭიდებაში, მანევრირებასა და მდგრადობაში. შესაბამისად, საბურავების დიფერენცირება როგორც რეზინის ან კაპრონის არის შეცდომა. საბურავები განსხვავდება იმით, თუ რამდენ ბუნებრივ კაუჩუკს შეიცავენ და რამდენად მაღალტექნოლოგიურად არის დამუშავებული ეს პროდუქტი.

საბურავის შერჩევა

საბურავის შეძენისას კონსულტანტს არა რეზინის ან კაპრონის საბურავის შერჩევა უნდა სთხოვოთ, რაც თავისთავად დიდი შეცდომაა, არამედ მას უნდა აუხსნათ, თუ რა სეზონზე, რა ტიპის გზის საფარზე, რა ინტენსივობით, რა დატვირთვაზე, რა სიჩქარეზე ან რა დისტანციაზე აპირებთ მის მოხმარებას.

ეს ყველაფერი მარტივად გასააზრებელი რომ იყოს, შეგვიძლია შევადაროთ ტაქსებისა და სპორტული ავტომობილების მძღოლების მოთხოვნები. ტაქსისტის, რომელიც მთელი დღეს 60-70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, მთავარი მიზანია, რომ საბურავმა მაქსიმალურად ბევრი გაატაროს. სპორტული მანქანის მფლობელს კი, რომელსაც სწრაფად სიარული უყვარს, უნდა მოსახვევში მაღალი სიჩქარით ისე შევიდეს, რომ მანქანა არ მოცურდეს. შეიძლება ორივეს ერთი და იმავე სეზონისა და ზომის საბურავები უნდოდეს, მაგრამ მათ აუცილებლად სხვადასხვა ტიპის საბურავები უნდა იყიდონ. სხვა პირად კრიტერიუმებს თუ არ გაითვალისწინებენ, შეძენილი პროდუქტით უკმაყოფილო დარჩებიან და ეს ბრენდის ან მწარმოებლის ბრალი სულაც არ იქნება. უბრალოდ მძღოლმა არამიზნობრივად გამოიყენა კონკრეტული საბურავი. სწორედ ამიტომ საბურავის შეძენისას ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიცური კონსულტაციის გაწევა.

თუ მძღოლის მოთხოვნაა, რომ საბურავს დიდი გარბენა ჰქონდეს, მას მაღალ სიჩქარეზე კარგი მოჭიდება ვერ ექნება. თუ სურს, რომ საბურავებს უგზოობასა და ტალახში კარგი გამავლობა ჰქონდეს, მას აუცილებლად ხმა ექნება ტრასაზე. მიზეზი კი ისევ და ისევ საბურავის მიზნობრივად შერჩევაა.

შეიძლება ზოგიერთი საბურავის მახასიათებელი იყოს დიდი დისტანციის დაფარვა, ზოგიერთის - მაღალი სიჩქარით სიარული, ზოგისთვის - ნაკლები საწვავის მოხმარება ან მაღალტვირთამეწობაზე მუშაობა. მიზნის შესაბამისად ყიდვა არის იმის გარანტი, რომ საბურავი დადებს კარგ შედეგს. თუ მანქანა 60-80 კმ/სთ საშუალო სიჩქარით მოძრაობს, შესაძლოა 100 ლარიანი საბურავით უკეთესი გარბენი ჰქოდნეს, ვიდრე მაღალძრავიან ავტომობილის 500 ლარიან საბურავს, რომელიც მუდმივად მაღალი სიჩქარით მოძრაობს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სიარულის ხარისხია.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე საბურავი არ უნდა შევარჩიოთ იმ კრიტერიუმით, თუ რამდენს გაივლის და ეს კითხვა არც უნდა დავსვათ საერთოდ, რადგან მსოფლიოში არც ერთ მწარმოებელს მასზე პასუხი არ აქვს. გარბენი დამოკიდებულია მძღოლზე, მანქანაზე, გარბენის სტილზე, ძრავის კუბატურაზე, გზის საფარზე...

საბურავები და სეზონურობა

ზამთრისა და ზაფხულის საბურავები განსხვავდება შემადგენლობით. ზამთრის საბურავების შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები აქტიურდება დაბალ ტემპერატურაზე. ზაფხულის საბურავის შემადგენლობა აქტიურდება მაღალ ტემპერატურაზე, როდესაც ხახუნის ძალა იმატებს. როდესაც მაღალ ტემპერატურაზე გათვლილ საბურავს მოუწევს სიცივეში სიარული, საბურავი ვერ გაცხელდება შესაბამის ტემპერატურამდე, მას დაეკარგება ფუნქცია და ვერ მოეჭიდებაგზის საფარს, რაც სერიოზული საფრთხის საწინდარია. მეორე მხრივ, როდესაც საბურავი დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი და ის ხურდება, სამუხრუჭე მანძილი ძალიან იზრდება. ის 2 მეტრის ნაცვლად შეიძლება 12 მეტრიც კი იყოს. საბურავი შეიძლება დადნეს კიდეც.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საბურავები სეზონურად მოიხმაროთ. ამ პროცესის მართვაში საბურავებზე არსებული ნიშნებიც დაგეხმარებათ. ზამთრის საბურავს აქვს M+S (ტალახი და თოვლი)და ფიფქის ნიშანი. ზაფხულის საბურავსსეზონის აღმნიშვნელი წარწერა არ აქვს. რაც შეეხება ყველა სეზონის საბურავს, იგი აღინიშნება ALL Season, 4season, All Weather წარწერებით.თუმცა ნებისმიერ საბურავს სეზონის გამომხატველი სიმბოლო ახატია, მაგალითად, ფიფქი, მზე და სხვა. სამწუხაროდ,დღეს ბევრს ჰგონია, რომ M+S ყველა სეზონის საბურავს ნიშნავს, რაც დიდი შეცდომაა.

როცა ტემპერატურა 5-7 გრადუსზე დაბლა ჩამოდის, უკვე ზამთრის საბურავები უნდა დააყენოთ. თოვლის მოსვლას არ უნდა დაუწყოთ ლოდინი, რადგან ზამთრის საბურავი მხოლოდ თოვლში სიარულისთვის არაა გათვლილი.

საბურავების მოვლა

მას შემდეგ რაც თქვენი ყველა მოთხოვნის შესაბამისად შეარჩევთ საბურავს, აუცილებელია მისი მაღალკვალიფიციური მონტაჟი და ექსპლუატაციის დროს კარგი მოვლა. მოვლის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი საბურავში წნევის მუდმივი კონტროლია. თითოეულ ავტომობილს აქვს მითითებული, თუ რა პირობებში რამდენზე უნდა იყოს დაბერილი საბურავები. სასურველია, რომ პერიოდულად ვცვალოთ წინა და უკანა საბურავები. ასე საბურავის სიცოცხლისუნარიანობა შეიძლება 20%-ით გავზარდოთ.

საბურავი დიდხანს რომ გემსახუროთ, უმჯობესია თუ მას ზაფხულში აზოტით დაბერავთ. ჟანგბადის მოლეკულის ქიმიური თვისებაა, რომ გახურებისას ფართოვდება და გაციებისას პატარავდება. შედეგად საბურავებში არასტაბილური წნევა იქმნება. საბოლოოდ ზიანდება საბურავიც და ავტომობილიც. აზოტი კი არის ცივი აირი, რომელიც არ ხურდება, მოცულობას არ იცვლის და საბურავში წნევა არ იცვლება. გარდა ამისა, ცივი აირი ხელს უწყობს საბურავის ცივ ტემპერატურაზე მუშაობას, რაც ამცირებს ცვეთას. ზამთარში კი საბურავების აზოტით დაბერვა კატეგორიულად დაუშვებელია.

ახალი საბურავები vs მეორადი საბურავები

საბურავების მოხმარების ვადა არის წარმოებიდან 5 წელი. ბევრს ჰგონია, რომ ეს პერიოდი საბურავის დაყენებიდან ითვლება, რაც დიდი შეცდომაა. ზოგადად მეორადი საბურავის დაყენება ადამიანს ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს. მეორადი საბურავი შეიძლება იყიდოს მან, ვინც ყოველდღიურად ბევრს დადის და საბურავები მალე უცვდება. თუმცა თუ საბურავი დიდი ყურადღებით არ შეარჩია, შეიძლება ძალიან დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდეს. 2000 მეორადი საბურავიდან შეიძლება მხოლოდ 10 იყოს მოხმარებისთვის რეალურად ვარგისი, ამიტომ ამ რისკის გაწევა რეკომენდებული არ არის ხოლმე.

მეორადი საბურავის ერთადერთი უპირატესობა არის „ხელმისაწვდომობა“ ყიდვის მომენტში. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორადი საბურავის გამოცვლა დაახლოებით 6 თვეში ერთხელ არის საჭირო, მას მეტი მოვლის ხარჯი აქვს, რადგან შეიძლება ხშირად დასჭირდეს შეკეთება, გამოდის რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მეორადი საბურავი ბიუჯეტური სულაც არ არის. თან აუცილებლად გასავალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მეორადი საბურავით უსაფრთხოებას ვაყენებთ რისკის ქვეშ.

ევროპაში კარგ საბურავს ნამდვილად არავინ გადააგდებს. შესაბამისად, შემოტანილი მეორადი საბურავი ან მოხმარებისთვის უკვე აღარ ვარგა ან რამე კონკრეტული მიზეზით არის დაბრაკული. ქართველები კი მას აღადგენენ და ალამაზებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის მოხმარებისთვის უსაფრთხოა.

მეორადი საბურავები ინახება ღია საწყობებში, ყრია გარეთ, ევროპისთვის მახასიათებელი თოვლი და ყინვა ან აზიისთვის მახასიათებელი მაღალი ტემპერატურა იწვევს საბურავის სწრაფად გაშრობას, გახმობას. მოხმარებისას ის უბრალოდ იფშვნება.

მეორადი საბურავის ყიდვისასა ასევე რთულია მისი სეზონურობის მიხედვით შერჩევა. ზამთრის საბურავს უფრო მაღალი პროტექტორი აქვს, ვიდრე ზაფხულისას. ამიტომ მეორადის გამყიდველები ზამთრის საბურავს ასაღებენ, როგორც ყველა სეზონის საბურავს, რაც მიმზიდველად გამოიყურება კლიენტისთვის. რეალურად კი ორმაგად უარყოფითი შედეგის მომტანია ასეთი პროდუქტი. პირველ რიგში მას აქვს დიდი სამუხრუჭე მანძილი. მეორე მხრივ კი უკვე ნამუშევარი ზამთრის საბურავის მაღალ ტემპერატურაზე გახეთქვის ალბათობა 2-3 ჯერ მეტია ვიდრე ზაფხულის.

პრობლემურია მეორადი საბურავების ტრანსპორტირების ფორმაც. ხარჯების შესამცირებლად 3-5 საბურავს გრეხენ და ერთმანეთში დებენ. დაგრეხვისას რეზინს არაფერი მოსდის, მაგრამ საბურავის შიგნით არსებული ფოლადის რგოლები ზიანდება და ის შეიძლება გვერდიდან გასკდეს.

2020 წლის Galaxy A სერია სამსუნგისგან - ბიუჯეტური სმარტფონები საუკეთესო მახასიათებლებით

რა მოხდება თუ სამედიცინო დახმარებას არ მივიღებთ - სამედიცინო სერვისებით სარგებლობა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდა

შეუკვეთე სურსათი „კარფური“-ს სუპერმარკეტიდან და Glovo უფასოდ მოგიტანთ