რუსეთ-დასავლეთის დაახლოების მიზეზებსა და იმაზე, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან თბილისში დასავლელ მაღალჩინოსანთა გახშირებული ვიზიტები საქართველოსადმი კრემლის ტონის შეცვლაში და რა ცვლილებს შეიძლება ველოდოთ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ”ინტერპრესნიუსი” რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სისტემური ანალიზის ინსტიტუტის უფროს მეცნიერმუშაკს, ანდრეი პიონტკოვსკის ესაუბრა.
- ბატონო ანდრეი, რუსეთის დიპლომატიურ კორპუსთან გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტ მედვედევის პროდასავლურმა და პროამერიკულმა განცხადებებმა ყველა გააკვირვა. ამ თვალსაზრისით, შესაძლოა მან გორბაჩოვსაც კი ”გაუსწრო”. თქვენი აზრით, რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვათ ის, რაზეც მედვედევმა ისაუბრა?
- ის რაც ახლა ხდება, რუსეთის დასავლეთთან კონფრონტაციისა და შემდეგ დაახლოების მუდმივად განმეორებადი ციკლია. ამერიკაში მცხოვრებმა, რუსმა და იმავდროულად ამერიკელმა ისტორიკოსმა და სოციოლოგმა ალექსანდრე იანოვმა რუსეთის ისტორიაში, ივანე მესამიდან მოყოლებული უკანასკნელ პერიოდამდე ამგვარი, განმეირებადი 27 ციკლი დაითვალა. გეხსომებათ, დასავლეთთან ელცინისეული დაახლოება, შემდეგ პრიმაკოვის იმავე დასავლეთთან დაშორება, 2001 წელს აშშ-სთან პუტინის პირველი დაახლოება და "თაფლობის თვე", შემდეგ იყო პუტინის მიუნხენში გაკეთებული მოხსენება, რომელმაც დასავლეთთან კვლავ კონფრონტაცია გამოიწვია.
ეს ყველაფერი ერთი და იგივე მექანიზმით ახსნადია. რუსეთის მმართველებს უნდათ დასავლეთისაგან მიიღონ ტექნოლოგიები, მაგრამ არ სურთ რუსეთში დამკვიდრებული მმართველობის სტილის შეცვლა. რუსეთის მმართველებს უნდათ ისარგებლონ დასავლეთის ცივილიზაციის ნაყოფით, მაგრამ მათთვის მიუღებელია დასავლური ღირებულებები. უკანასკნელი 5 წელი დასავლეთთან რუსეთის ისტორიული კონფრონტაციის პერიოდი იყო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთი კვლავ "შიშველი უკანალით" დარჩა. რომ აუცილებელია ქვეყნის მოდერნიზაცია, დასავლური ტექნოლოგიები და ინვესტიციები, რისი მიღება რუსეთს მხოლოდ დასავლეთში შეუძლია.
სწორს ბრძანებთ, მედვედევმა დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით გაკეთებული განცხადებებით გორბაჩოვსაც კი გადააჭარბა. მაგრამ ჩვენ ამ თემაზე გვახსოვს როგორც გორბაჩოვის, ასევე ელცინისა და პუტინის განცხადებებიც. საქმე იმაშია, რომ ყველა მათგანი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებდა. ყველა მათგანი ფიქრობდა, რომ თუ დასავლეთს ნაკლებად აგინებდა, სულ უფრო მეტად დაუახლოვდებოდა მას. არც ერთ მათგანს ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ საჭირო იყო რუსეთში არსებული სახელმწიფო ინსტიტუტების სერიოზული მოდერნიზაცია.
- თქვენი შეფასებით, როგორ აღიქვა მედვედევის გამოსვლის მთავარი გზავნილები რუსეთის მმართველმა პოლიტიკურმა კლასმა?
- ვფიქრობ, რომ რუსეთის მმართველი პოლიტიკური კლასის ნაწილს ესმის, რომ რუსეთმა დასავლეთისკენ უნდა იმოძრაოს. პრობლემა იმაშია, რომ ბუნებაში არსებობს ერთი ისტორიული დოკუმენტი, რომლის ავტორობასაც პეტრე პირველს მიაწერენ. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წერილი პეტრეს არ დაუწერია და ის ფალსიფიცირებულია. დოკუმენტში კი წერია - "რუსეთმა დასავლეთისაგან რისი მიღებაც შეუძლია, უნდა მიიღოს, მაგრამ შემდეგ დასავლეთს უკანალი აჩვენოს". მედვედევი ცდილობს დაარწმუნოს რუსეთის პოლიტელიტა, რომ ახლა დასავლეთთან ღრენის დრო არ არის და საჭიროა მასთან აქტიური თანამშრომლობა.
- ამ ტიპის განცხადებები მედვედევს პირველად არ გაუკეთებია. ახლანდელი ვითარება იმით არის საინტერესო, რომ მედვედევის პროდასავლური და პროამერიკული განცხადებების მეორე დღესვე ტელეკრანზე ჩნდებოდა პუტინი და პრეზიდენტის ნათქვამს პრაქტიკულად აბათილებდა. ამჯერად ასე არ მომხდარა. თქვენი აზრით, რა ხდება? ამჯერად პუტინი დუმილს რატომ ამჯობინებს?
- რუსეთის პოლიტელიტას ესმის, რომ რუსეთი ახლა ტექნოლოგიური თვალსაზრისით იმდენად ჩამორჩება დასავლეთს, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება არ ღირს. პუტინი და რუსეთის პოლიტელიტა დასავლეთს ვერ იტანენ, მაგრამ იმავდროულად ესმით, რომ დასავლეთთან თანამშრომლობის გარეშე რუსეთი განწირულია.
ჩემი აზრით, რუსეთი სხვა მიზეზითაა განწირული და ეს ისაა, რომ რუსეთის პოლიტელიტა პრინციპულად ამბობს უარს დასავლურ ღირებულებებზე. რუსეთის პოლიტელიტა ცდება როცა ფიქრობს, რომ ატომური ბომბიდან დაწყებული, ტექნოლოგიების მოპარვით დამთავრებული, ყველაფრის ქურდობა და რუსეთში არსებული მმართველობის სისტემის შენარჩუნება შეიძლება. ეს კი პრინციპული შეცდომაა.
- დღევანდელ რუსეთში რამდენად რეალიზებადია კრემლის დასავლეთისკენ შემობრუნება და როგორ აისახება იგი საქართველოსადმი მოსკოვის დამოკიდებულებაზე?
- პირველ ეტაპზე აისახება, მაგრამ როგორ, ჯერ გაუგებარია. თავიდან რუსეთი თავს დაანებებს დასავლეთის ლანძღვა-გინებას, მაგრამ შემდეგ, როცა დარწმუნდება, რომ მას არაფერი გამოსდის, იმისათვის რომ მმართველი კლასი ხელისუფლებაში დარჩეს, საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით კვლავ დაიწყება ანტიდასავლური ისტერიის ახალი ფაზა.
რაც შეეხება საქართველოს, აქ მართალც საინტერესო რაღაცები იკვეთება. მართალია, რომ მედვედევის განცხადებები საერთოდ არაფერს ნიშნავს, მაგრამ მედვედევმა აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოსთან დაკავშირებით გააკეთა განცხადებები, რომელიც პრაქტიკულად ერთი კვირის შემდეგ პუტინმა გაიმეორა. მაგრამ პუტინმა მედვედევისაგან განსხვავებით ასევე თქვა, რომ თეორიულად არ არის გამორიცხული საქართველოსათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება.
პუტინმა ჩვეული პირდაპირობით განაცხადა, ამისათვის საჭიროა არა ვაშინგტონისათვის მიმართვა, არამედ საკმარისია მოსკოვს მიმართოთო. პუტინის გზავნილი უხეში იყო - მოაშორეთ სააკაშვილი და ამის შემდეგ შესაძლოა რუსეთმა საქართველოს დაუბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, პირველად, მოსკოვმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ვაჭრობა დაიწყო.
დარწმუნებული ვარ, ამ განცხადებებს დიდი სიამოვნებით არ მოისმენდნენ სოხუმსა და ცხინვალში. და მართლაც, თუ რუსეთი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს, როგორ შეიძლებოდა ამ თემაზე ვაჭრობის დაწყება.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ კრემლში შესაძლოა მიხვდნენ, რომ სწორი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას 2008 წლის 15 აგვისტოდან 25 აგვისტომდე არწმუნებდნენ, რომ კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის სერიოზული შეცდომა იქნებოდა. შესაძლოა, კრემლში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე სერიოზულად დაფიქრდნენ და ამ თემაზე გარკვეულ ვაჭრობას არ გამორიცხავენ.
- თბილისმა საკმაოდ ბევრ ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსან სტუმრას უმანსპინძლა. თქვენი აზრით, რამდენად უკავშირდება ეს ვიზიტები დასავლეთსა და რუსეთს შორის დაახლოებას და რა ცვლილებებს შეიძლება ელოდოს საქართველო?
- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კავშირშია. მოსკოვის საქართველოსადმი დამოკიდებულების ტონალობაში ცვლილება და თბილისში რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ერთმანეთთან კავშირშია. დასავლელი დიპლომატების ლექსიკონში როგორც იქნა გაჩნდა სიტყვა "ოკუპაცია". ის რომ ყველამ ამაზე დაიწყო საუბარი, შემთხვევითი არაა.
კრემლში საქართველოს მიმართ აქცენტების შეცვლა დასავლეთთან მიმართებაში რუსეთის ტრადიციული რუსული ციკლის დაწყების ნიშანია. ეს ის პერიოდია, როცა დასავლეთთან მკაცრ კონფრონტაციას, დასავლეთის წყევლა-კრულვას ცვლის ცივილიზებული ურთიერთობების დამყარების მცდელობა, რომლის უკან პრაგმატული მიზანი - დასავლეთისაგან ახალი ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების მიღებაა.
- ბატონო ანდრეი, ამას წინათ თქვენ ერთ-ერთ სტატიაში წერდით, რომ მედვედევი მისმა უახლოესმა თანამებრძოლებმა იურგენსმა და ზლობინმა მიატოვეს და პუტინის ბანაკში გადაბარგდნენ. რამდენად შეესაბამება თქვენი ნათქვამი სინამდვილეს და რა ხდება კრემლის უმაღლეს ეშელონებში?
- ეს საერთო შთაბეჭდილებაა. რადგან ამ თემაზე მკითხეთ, გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს, რომელიც მე რუსეთში ამერიკის საელჩოში 4 ივლისს, აშშ-ს დამოუკიდევბლობის დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე მივიღე. ამ შეკრებაზე იმყოფებოდნენ რუსეთის პოლიტელიტის წარმომადგენლები. მე მათ სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ ისინი რუსეთის პოლიტიკური წრეების სისტემური მოთამაშეები, რუსეთის პოლიტიკური ცხოვრების მეინსტრიმის წარმომადგენლები არიან. მე გამაკვირვა მათი მხრიდან მედვედევზე ნახევრად დამცინავი, უპატივცემულო ტონით საუბარმა.
ამ ადამიანებს ესმით, რომ მედვედევი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და მასზე დიდი პატივისცემით არ საუბრობენ. საგარეო საქმეთა სამინიტროს მაღალჩინოსნები წუხდნენ, რომ აშშ-ში ვიზიტისას ვაშინგტონმა იგი სერიოზულ ფიგურად არ აღიქვა. ამიტომ, საგარეო უწყებაში მედვედევის გამოსვლას არავითარ შემთხვევაში არ მივიჩნევდი ლიბერალი პრეზიდენტის ბუნტად ავტოკრატ პრემიერ-მინისტრ პუტინის წინააღმდეგ.
- გინდათ თქვათ, რომ საგარეო უწყებაში მედვედევის გამოსვლის ტექსტი პუტინთან შეთანხმებული იყო?
- დიახ, რა თქმა უნდა. კრემლში კარგად ესმით დასავლეთთან თანამშრომლობის აუცილებლობა. ისტორიაში ხშირად მეორდებოდა - კონფრონტაციას თანამშრომლობა მოჰყვებოდა ხოლმე. რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელებულიყო დასავლეთთან რუსეთის კონფრონტაცია, ყოველი ასეთი ციკლის შემდეგ რუსეთი ყოველთვის პირში ჩალაგამოვლებული რჩებოდა. მოსკოვში მიხვდნენ, რომ რუსეთს დასავლეთის ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების გარეშე არაფერი გამოუვიდოდა და დასავლეთთან ტონის შერჩევა გადაწყვიტეს. დასავლეთთან საუბრის ტონის შეცვლა რუსული პოლიტელიტის უმრავლესობის კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილებაა.
- თქვენი საუბრიდან გამოდის, რომ 2012 წელს კრემლში კვლავ პუტინი დაბრუნდება?
- თუ მედვედევის კონკურენტი პუტინი იქნება, ყველასათვის ცხადი იქნება, რომ პუტინი მედვედევთან შედარებით უფრო წონადი ფიგურაა. არ ვიცი, რა გაუთვალისწინებელი მოვლენები შეიძლება მოხდეს 2012 წლამდე, მაგრამ დღეისათვის ვითარება ასეთია - რუსული პოლიტიკური ელიტა პუტინის კრემლში დაბრუნებისათვის ემზადება.
კობა ბენდელიანი