ავტორი:

რა შემთხვევაში დალაგდება ურთიერთობა რუსეთთან? - რუსი პოლიტიკოსი მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე

რა შემთხვევაში დალაგდება ურთიერთობა რუსეთთან? - რუსი პოლიტიკოსი მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე

პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრ გნეზდილოვის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ერთ-ერთი მათ შორის არის ის, რომ საქართველომ შეაჩეროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკა და „რუსეთის ვასლად“ გადაიქცეს.

როგორც ალექსანდრ გნეზდილოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, არსებობს კიდევ ერთი შანსი, რომ საქართველოსთან რუსეთმა ურთიერთობები დაალაგოს და ეს არის რუსეთში ძირეული პოლიტიკური ცვლილებები.

„ვფიქრობ, რომ აქ არსებობს რამდენიმე ვარიანტი. ერთი ვარიანტი არის ის, რომ საქართველომ, ფაქტობრივად მთლიანად შეაჩეროს ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა თავისი მცდელობა, ნატო-ში შესვლა და ასე შემდეგ ანუ მთლიანად გადაიქცეს რუსეთის ვასალად. მეორე ვარიანტი არის ის, რომ რუსეთში მოხდება პოლიტიკური ცვლილებები, რომლის შედეგადაც კრემლში პრეზიდენტის მხოლოდ გვარი კი არ შეიცვლება, არამედ შეიცვლება ძალაუფლების სისტემაც. ის გახდება ჭეშმარიტად დემოკრატიული, არ იქნება ერთგვარი პრეზიდენტის ვერტიკალი, როცა ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის ხელშია, იქნება არჩევნები, იქნება არჩეული პარლამენტი, იქნება სხვადასხვა თვალსაზრისი. შემდეგ უკვე იარსებებს იმის შანსი, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სხვა მოდელის ფორმირება მოხდეს“, - აცხადებს გნეზდილოვი.

წამყვანის კითხვაზე, როგორ ფიქრობს, არის თუ არა საქართველოში ანტირუსული განწყობები, გნეზდილოვი პასუხობს, რომ ძალიან ისურვებდა ეთქვა „არა“.

„იცით, ძალიან ვისურვებდი მეთქვა, რომ არა, მაგრამ ეს ალბათ, არ იქნება სრულად გულწრფელი. ვფიქრობ, რომ ახლა, როცა მოხდა ის, რაც მოხდა, როცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა გადაუჭრელად რჩება, ვფიქრობ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცუდად არიან განწყობილი არა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების მიმართ, არამედ მთლიანი ქვეყნის მიმართაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანების მცირერიცხოვანი რაოდენობა თბილისში არსებობს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი არ უტოლდება დამოკიდებულებას ხალხის მიმართ, და ეს მაძლევს იმედს. ამიტომ დიახ, რუსეთის სახელმწიფო საქართველოში მცხოვრებთა ნაწილს არ უყვარს, ალბათ, ძალიან არ უყვარს და მშვენივრად მესმის რატომაც. მაგრამ ამასთანავე, არსებობს ძალიან ცხადი აზრი, რომ რუსეთი და რუსები, რუსეთის სახელმწიფო და პრეზიდენტი პუტინი სხვადასხვაა და ყოველთვის საჭიროა მათი ერთმანეთისგან გაყოფა იმის ცხადი გააზრებით, თუ რასთან გვაქვს საქმე. რუსული პროპაგანდა ცდილობს აჩვენოს, რომ ეს განსხვავება საქართველოში არ არსებობს, რომ სიყვარულის არქონა პუტინისადმი ეს არის სიყვარულის არქონა ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახისა და ყველა რუსის მიმართ. საბედნიეროდ, ეს ასე არ არის და ვხედავ, როგორ თბილად ეპყრობიან ქართველები იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ქვეყანაში ჩამოდიან, როგორ ხვდებიან სტუმრებს და ძალიან ვისურვებდი, რუსეთის საზოგადოებაც ასევე პასუხობდეს მათ“, - აცხადებს გნეზდილოვი.

ალექსანდრ გნეზდილოვის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ე.წ ტურისტული ემბარგო და ღვინოზე დაწესებული კონტროლი არაპროპორციულია. ის არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ უფრო მკაცრი ზომები მიიღოს.

მისი თქმით, ქართველი ხალხის კრიტიკული დამოკიდებულება რუსი პოლიტიკოსების მიმართ არ ეხება რუს ხალხს.

„მე რუსთაველზე ვიყავი, პარლამენტთანაც მივედი, როცა მორიგი მიტინგი იმართებოდა, ძველ ქალაქშიც ვიარე და რესტორნების ტერასებზე რუსული საუბარი უფრო მეტი ისმოდა, ვიდრე ქართული. სანამ საქართველოში წამოვიდოდი, ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები ჩემზე ნერვიულობდნენ, იმიტომ, რომ რუსული ტელეარხები მუდმივად არწმუნებენ მათ, რომ საქართველოში საფრთხე ემუქრებათ. ბოლო დეზინფორმაცია გაუშვეს გეორგიევსკის ლენტასთან დაკავშირებით. გვერდზე გადავდოთ ის, რომ მთელ რიგ ქვეყნებში და რუსეთშიც კი, გეორგიევსკის ლენტასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს და რომელიც იყო სამხედრო დიდების სიმბოლო მეთვრამეტე, მეჩვიდმეტე საუკუნეში, მეოცე საუკუნეში და რომელიც გადააქციეს მილიტარიზმის, რევანშიზმისა და შოვინიზმის სიმბოლოდ. ეს ადამიანები ნერვიულობენ. მე მყავს ახლობლები, ვისაც ოჯახის წევრები ჰყავთ უკრაინაში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რასაც რუსულ ტელეარხებზე ამბობენ უკრაინასთან დაკავშირებით - ტყუილია. საქართველოსთან დაკავშირებით კი ამბობენ, რომ კი, რა თქმა უნდა იტყუებიან, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ყველაფერს იტყუებოდნენ? - შეიძლება! შეიძლება! მაგრამ რუსეთში ძალიან ბევრმა ეს არ იცის, იმიტომ, რომ საქართველოში არ დადიან. იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ან ჩამოვლენ თბილისში, სიმართლეს გაიტანენ იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან რუსებს საქართველოში, რომ სამართლიანი და ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება, რომელიც არსებობს პრეზიდენტ პუტინის მიმართ, მმართველი პარტიისა და მთელი პარლამენტის მიმართ, არ ეხებათ საქართველოში ჩამოსულ კერძო პირებს“, - აღნიშნა გნეზდილოვმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები