ავტორი:

"პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ" - გიორგი გაბუნიას განცხადებებს პოლიტიკური ლიდერები ეხმაურებიან

"პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ" - გიორგი გაბუნიას განცხადებებს პოლიტიკური ლიდერები ეხმაურებიან

გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ რუსულ ენაზე არაეთიკური განცხადებები გააკეთა.

გაბუნიას განცხადებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა.

„ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა „რუსთავი 2“-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად. ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან“, - აცხადებს ბახტაძე.

გაბუნიას განცხადებებს გამოეხმაურა ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:"პრეზიდენტი გმობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას. პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა. ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველშემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ! საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქზე".

„პოსტკრიპტუმის“ ეთერს გამოეხმაურა ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

„რაც დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტკრიპტუმს“.

მისი თქმით, ის, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში მოხდა, საკუთარი ქვეყნის მტრობაა, რასაც არ დაუშვებენ.

„ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ.

ამას მარტივი სახელი ქვია - საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​

ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!“ - წერს კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

იმაში, რაც დღეს „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია - ეს იყო უბრალოდ კულმინაცია, კულმინაცია ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს “შპანა” მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე “რუსთავი2“-ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვას.

“ამ ყველაფერს ორი სახელი შეიძლება დავარქვათ - ა) ქაჯობა, ბ) საკუთარი ქვეყნის მტრობა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრისთვის პასუხის გაცემა მთელი ეს წლები რაღაცნაირად გვეთაკილებოდა. თუ უფრო თამამად დავუპირისპირდებით ქაჯობას და მტრობას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ - სიმშვიდისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ!“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

„პოსტკრიპტუმს“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძეც გამოეხმაურა.

„მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა და სრულიად გასაგები და სამართლიანია აღშფოთება, მაგრამ ისიც არანაკლებ შემაშფოთებელია, ყოველი ასეთი ეპატაჟური გამოხტომა არარაციონალურ სუმბურულ გრძნობებს და შეფასებებს რომ აშლის ხოლმე ფბ-ზე. მაგალითად: რ2 რუსეთიდან ფინანსდება; არიქა, პუტინი დაგვბომბავს; ნიადაგს უმზადებენ რუსეთის აგრესიას; რ2-ს ბიძინა აფინანსებს და ა.შ. ხვალ უკეთესი და, იმედია, უფრო ღირსეული დღე გვექნება ყველას ერთად“, - წერს კაპანაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი გაბუნიას პუტინისადმი მიმართვაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო და მას “არაეთიკურად“ და “უპასუხისმგებლოდ“ აფასებს.

“ტელეკომპანია “რუსთავი2-ის“ გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას, აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ“, - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."